ზურაბ ბატიაშვილი - მთელი ამ სპექტაკლის მიზანი მარტივია - საქართველო დატოვონ მარტო, ერთიერთზე რუსეთთან, რათა შემდეგში ადვილად შეძლონ მისი ჩაყლაპვა

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ რონდელის ფონდის მკვლევარს, პროფესორ ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, აშშ-სა და ირანს შორის ვითარება იძაბება. აშშ-მ სპარსეთის ყურისკენ თავისი ფლოტი დაძრა, თავის მხრივ, ირანი იღებს ზომებს საჭიროების შემთხვევაში წინააღმდეგობა გაუწიოს აშშ-ს.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ჩვენგან არც ისე შორს, დიდი ომი დაიწყოს?

- ათწლეულების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დაგროვილი პრობლემები საკუთარ თავში ატარებს პოტენციალს, რომ ერთ დღესაც იქ დიდი ომი დაიწყოს. ახლო აღმოსავლეთი გავს დენთით სავსე კასრს, რომლის გარშემოც ანთებული მაშხლებით დარბიან. ამიტომ ზუსტად არავინ იცის, როდის შეიძლება მოხდეს დიდი აფეთქება.

ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების სქემა უცვლელია - ერთი მხრივ, არის „პროამერიკული ბანაკი“, რომლის ლიდერი ადგილზე საუდის არაბეთია.

ახლო აღმოსავლეთი გავს დენთით სავსე კასრს, რომლის გარშემოც ანთებული მაშხალებით დარბიან. ამიტომ ზუსტად არავინ იცის, როდის შეიძლება მოხდეს დიდი აფეთქება

ამ უკანასკნელის გარშემო შემოკრებილი არიან ძირითადად სუნიტური არაბული ქვეყნები - არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ქუვეითი, იორდანია და მაროკო. ამ ჯგუფის არაოფიციალურ მოკავშირედ ასევე მოიაზრება ისრაელი.

მეორე ბანაკი კი „პრორუსულია“ და მისი უპირობო ლიდერი ირანის ისლამური რესპუბლიკაა. ამ ბანაკში წარმოდგენილი არიან ძირითადად შიიტური ქვეყნები და პროირანული დაჯგუფებები - ერაყი, ასადის რეჟიმი სირიაში, „ჰეზბოლაჰი“ ლიბანში, „ჰუსიტების“ დაჯგუფება იემენში და ა.შ.

ბოლო დღეებში სახეზე გვაქვს აშშ-ირანის ისედაც რთული ურთიერთობის უკიდურესი ესკალაცია, რაც გულისხმობს როგორც ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას - თეირანი ფაქტიურად ვეღარ ყიდის ნავთობს და მის წინააღმდეგ მიმართული სანქციები ყოველდღიურად ფართოვდება, ისე სამხედრო სახის ზეწოლას - სპარსეთის ყურეში თავს იყრის დიდი რაოდენობის შეიარაღება ორივე მხრიდან, რაც ზრდის სიტუაციის აფეთქების შესაძლებლობას.

აშშ მსოფლიოს უპირობო სუპერძალაა, ირანი კი არც ერაყია და არც სირია და დღეს თავისი სიძლიერის ზენიტში იმყოფება... თუ სამხედრო ქმედებებია ერთ-ერთი შესაძლო სცენარი, ეს არ იქნება სახმელეთო ოპერაცია ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით, რომლებიც შეუტევდნენ თეირანს. ეს სრული სიგიჟე იქნებოდა და კარგად იციან ვაშინგტონში

მიმდინარე წლის 13 და 14 მარტს უკვე მოხდა პირველი ინციდენტები - საბოტაჟი აშშ-ს მოკავშირე საუდის არაბეთის ნავთობის ტანკერებზე და თავდასხმა საუდელთა ნავთობსადენებზე.

მართალია, ეს არ არის პირდაპირი შეტევის მიტანა და ყველაფერი ე.წ. Proxy-ების, ადგილზე მოკავშირეების საშუალებით განხორციელდა, მაგრამ საბოლოო ჯამში წინასაომარი სიტუაციაა, რაც მხარეთა რიტორიკაზეც აისახება.

მხარეები აცნობიერებენ სიტუაციის მთელ სერიოზულობასა და სირთულეს. აშშ მსოფლიოს უპირობო სუპერძალაა, ირანი კი არც ერაყია და არც სირია და დღეს თავისი სიძლიერის ზენიტში იმყოფება. მას სახელმწიფოებრიობის მდიდარი გამოცდილება და ტრადიციები გააჩნია.

ამ მომენტისთვის მიდის ნერვებზე თამაში. ახლო აღმოსავლეთში ამ უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში თუ რომელიმე მხარეს ნერვებმა უმტყუნა, ნებისმიერ ინციდენტს შეუძლია დიდი ომის გამოწვევა

თუ სამხედრო ქმედებებია ერთ-ერთი შესაძლო სცენარი, ეს არ იქნება სახმელეთო ოპერაცია ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით, რომლებიც შეუტევდნენ თეირანს. ეს სრული სიგიჟე იქნებოდა და კარგად იციან ვაშინგტონში. თუმცა, სულ სხვა საქმეა წერტილოვანი დარტყმები ფრთოსანი რაკეტებით, რისი საშუალებაც ორივე მხარეს აქვთ.

ამ მომენტისთვის მიდის ნერვებზე თამაში. ახლო აღმოსავლეთში ამ უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში თუ რომელიმე მხარეს ნერვებმა უმტყუნა, ნებისმიერ ინციდენტს შეუძლია დიდი ომის გამოწვევა.

- ფაქტია, რომ თუ აშშ-მ ირანთან სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ვითარება ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად დაიძაბება, რაც შეუძლებელია ჩვენს რეგიონზე და საქართველოზეც არ აისახოს.

თქვენი დაკვირვებით, რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმნოჩნდეს საქართველო, თუ სპარსეთის ყურეში ვითარება უკიდურესად დაიძაბა?

- ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა სამხედრო ოპერაციის დაწყების გარეშეც უკვე ნეგატიურად აისახა საქართველოზე - უპირველეს ყოვლისა, შემცირდა ორმხრივი ვაჭრობა, რაც პირდაპირი ეფექტია. არსებობს არაპირდაპირი ეფექტიც - გამკაცრებული სანქციების გამო ანკარა ვეღარ ვაჭრობს თეირანთან. ამან კი სირთულეები შეუქმნა თურქულ ლირას, რასაც სხვა პრობლემებიც დაემატა და თურქული ლირა მკვეთრად უფასურდება.

უკვე გაისმის მუქარები, რომ შესაძლოა საზღვრები გაუხსნან ირანში მცხოვრებ 2,5 მილიონ ავღანელ ლტოლვილს, რომლებიც თავშესაფრის ძიებას დაიწყებენ და რასაც შესაძლოა სერიოზული ჰუმანიტარული სახის კატასტროფა მოჰყვეს

რამდენადაც თურქეთი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და იქ ათიათასობით საქართველოს მოქალაქე მუშაობს, ლირის გაუფასურება უარყოფითად აისახა ქართულ ლარზე.

ეს უარყოფითი გავლენა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება მომავალ თვეებში, რადგან ახლა იწყება სეზონური სამუშაოები თურქეთში, ჩაისა და თხილის პლანტაციებში, სადაც ათიათასობით ჩვენი მოქალაქე საქმდება ხოლმე.

რამდენადაც ისინი ხელფასებს ლირებში აიღებენ, ბუნებრივად, წინანდელთან შედარებით უფრო ნაკლები ვალუტის შეძენას და საქართველოში გამოგზავნას შეძლებენ.

საკუთრივ ირანელი და სხვა ახლო აღმოსავლელი ლტოლვილების ნაკადების წამოსვლაც არ უნდა გამოვრიცხოთ იმ შემთხვევაში, თუ იქ დიდი კონფლიქტი დაიწყო

კიდევ უფრო სერიოზული საფრთხე ევროპისთვის და მათ შორის საქართველოსთვის დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს.

კერძოდ, უკვე გაისმის მუქარები, რომ შესაძლოა საზღვრები გაუხსნან ირანში მცხოვრებ 2,5 მილიონ ავღანელ ლტოლვილს, რომლებიც თავშესაფრის ძიებას დაიწყებენ და რასაც შესაძლოა სერიოზული ჰუმანიტარული სახის კატასტროფა მოჰყვეს.

ისედაც პრობლემებით დახუნძლულ საქართველოს აქვს იმის საშუალება, რომ გაუმკავდეს ასეთი სახის საფრთხეებს? ვფიქრობ, რომ ასეთი მასშტაბური სახის პრობლემასთან გამკლავება მარტო გაგვიჭირდება

საკუთრივ ირანელი და სხვა ახლო აღმოსავლელი ლტოლვილების ნაკადების წამოსვლაც არ უნდა გამოვრიცხოთ იმ შემთხვევაში, თუ იქ დიდი კონფლიქტი დაიწყო.

ისედაც პრობლემებით დახუნძლულ საქართველოს აქვს იმის საშუალება, რომ გაუმკავდეს ასეთი სახის საფრთხეებს? ვფიქრობ, რომ ასეთი მასშტაბური სახის პრობლემასთან გამკლავება მარტო გაგვიჭირდება.

- და მაინც, თუ ვითარება უკიდურესად გამწვავდა, ჩვენთვის მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი არსებობს.

ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ აშშ საქართველოსგან ვაზიანში ამერიკული სატრანზიტო ლოჯისტიკური ბაზის და არა სამხედრო ბაზის მშენებლობას ითხოვს. საუბარია, ისეთ სატრანზიტო ლოჯისტიკურ ბაზაზე, როგორიც აშშ-ს ყირგიზეთში ჰქონდა.

თუ აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია ისე დაიწყო, რომ საქართველოში, კერძოდ ვაზიანში მას არ ექნება ამერიკული სატრანზიტო ბაზა და არა სამხედრო ბაზა, ეს კრემლისთვის რისი მანიშნებელი შეიძლება აღმოჩნდეს?

- ჩვენ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ გვესაჭიროება აშშ-ს სამხედრო ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე. სამწუხაროა, რომ ეს ვერ ხერხდება.

ცხადია, რომ სამხედრო ბაზის დაარსება ერთ და ორ დღეში ვერ მოხერდება და მას სერიოზული მოლაპარაკებები და წინასწარი სერიოზული სამუშაოების ჩატარება სჭირდება.

ჩვენ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ გვესაჭიროება აშშ-ს სამხედრო ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე. სამწუხაროა, რომ ეს ვერ ხერხდება

რაც შეეხება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს, ის ძალზედ რეალურია და არსად გამქრალა. ჩვენი მხრიდან იმის იმედზე ყოფნა, რომ ოფიციალურ კრემლს ენის მოჩლექვით დაველაპარაკებით და ამით საფრთხეს ავიცილებთ, დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა.

მოსკოვს არასოდეს შეუცვლია საკუთარი იმპერიალისტური მიდგომები და არც უახლოეს მომავალში აპირებს მის შეცვლას. ამის არავითარი ნიშანი არ არსებობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ.

მოსკოვს არასოდეს შეუცვლია საკუთარი იმპერიალისტური მიდგომები და არც უახლოეს მომავალში აპირებს მის შეცვლას... ამიტომ დასავლური სტანდარტებით ცხოვრება ჩვენს ინტერესშია. ამ გზიდან გადახვევა კი ნიშნავს ისევ რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას და ძველ ჭაობში ჩაფლობას

პირიქით, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე - უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, სადაც იქნება დემოკრატია, თავისუფლება, დაცული იქნება ადამიანის უფლებები, უმცირესობების უფლებები, გვექნება პრესის თავისუფლება და ჩავატარებთ სამართლიან არჩევნებს.

არის დასავლური სტანდარტები და ამ გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ. ამ სტანდარტებით ცხოვრება ჩვენს ინტერესშია. ამ გზიდან გადახვევა კი ნიშნავს ისევ რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას და ძველ ჭაობში ჩაფლობას.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი შენიშნავს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომი ყველაზე მეტად მოსკოვს აწყობს, ვინაიდან გარდა იმისა, რომ რუსულ ნავთობზე ფასი გაიზრდება, სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ვენესუელისა და უკრაინის შემდეგ, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კიდევ ერთი სავაჭრო თემა გაჩნდება. ახლა ბევრს კი საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიოს ახალი წესრიგის შექმნის პროცესი დაწყებულია და საქართველოს ძალიან კარგი შანსი აქვს ამით ისარგებლოს.

მაგრამ, დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე რუსეთის მიმართ ტრამპის საკმაოდ მკაცრი და მკაფიო სვლების მიუხედავად, ტრამპსა და პუტინს ურთიერთობები ბოლომდე ცხადი არაა. პუტინთან შეხვედრას ახლა ტრამპი ითხოვს, თუ რისთვის, ამაზე ამერიკული მედია საკმაოდ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს სვამს.

ასეთ ფონზე რამდენად დიდია იმის ალბათობა ირანში ვითარების გართულების შემთხვევაში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო თემებს შორის საქართველოც გაჩნდეს?

- ჩვენთან ხშირად ჩივიან, რომ დასავლეთი პასიურია და მის უფრო გააქტიურებას მოველით. ეს ჩივილები ხშირ შემთხვევაში სამართლიანია. მაგრამ, ამავე დროს ერთი რამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ - დასავლეთს საქართველოს თემით არასოდეს უვაჭრია და იგი არაფერში გაუცვლია. საქართველო რომ რამეში გაეცვალათ, დამოუკიდებლობას ვერ შევინარჩუნებდით.

დასავლეთს საქართველოს თემით არასოდეს უვაჭრია და იგი არაფერში გაუცვლია. საქართველო რომ რამეში გაეცვალათ, დამოუკიდებლობას ვერ შევინარჩუნებდით

რუსეთი რომ გაჩერდა და თბილისზე არ მოაქვს შეტევა, იმის გამო კი არ ხდება, რომ ჩვენი სამხედრო მანქანის ეშინია, არამედ იმიტომ, რომ დასავლეთისგან მოსალოდნელ რეაქციას უფრთხის.

რუსეთი 2015 წელს სირიის კონფლიქტში სწორედ იმ მიზნით ჩაერთო, რომ საკუთარი თავი მსოფლიო დონის მოთამაშედ წარმოეჩინა, რის შემდეგაც, მისივე ვარაუდით, დასავლეთი დათანხმდებოდა გავლენის სფეროების გადანაწილებას.

დასავლეთში მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს გავლენის სფეროებად გადანაწილების ეპოქამ დიდი ხნის წინ ჩაიარა და XXI საუკუნის პოლიტიკა ვერ დაუბრუნდება XIX-ში მიღებულ ნორმებს

ცხადია და ამას არც მალავს, რომ მოსკოვს, უპირველეს ყოვლისა, ყოფილ საბჭოთა სივრცეზე აქვს ექსკლუზიური გავლენის მოპოვების პრეტენზია და დიდი ხანია ცდილობს დასავლეთი თავის პირობებზე დაითანხმოს. მაგრამ, საბედნიეროდ, მისი ეს მცდელობები ფუჭია.

დასავლეთში მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს გავლენის სფეროებად გადანაწილების ეპოქამ დიდი ხნის წინ ჩაიარა და XXI საუკუნის პოლიტიკა ვერ დაუბრუნდება XIX-ში მიღებულ ნორმებს.

გლობალური მასშტაბით რუსეთი დაღმავალი ძალაა, სადაც დროის უკან შემობრუნებას ცდილობენ. ეს კი ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება და დამარცხებისთვისაა განწირული.

- თბილისში ჩატარდა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელშიც 50-ზე მეტმა მაღალი რანგის მომხსენებელმა მიიღო მონაწილეობა.

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები კარგა ხანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დღის წესრიგის თემებია.

თქვენ ამ კონფერენციას ესწრებოდით. თქვენი აზრით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემების მიმართ რუსულ საფრთხეებზე რამდენად ადეკვატურია ალიანსის გეგმები და პერსპექტივები?

- 13-14 მაისს, მეექვსედ ჩატარდა უკვე ტრადიციად ქცეული „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი 2019“, სადაც წარმოდგენილი იყვნენ პოლიტიკოსები, დიპლომატები, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები აშშ-დან, ევროპიდან, მეზობელი ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

ფორუმზე განხილული იქნა ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა: ევროატლანტიკური ინტეგრაცია, შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, რუსული აგრესია და ოკუპაცია, ჰიბრიდული საფრთხეები, კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია და ა.შ.

საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დღითიდღე უფრო ნათელი ხდება, რომ რაც დრო გადის, უფრო მატულობს რუსული აგრესია და ეს ყველაზე მეტად შავი ზღვის რეგიონში ვლინდება... სწორედ ამ და მსგავსი კონფლიქტების განხილვას და აზრთა ურთიერთგაცვლას მიეძღვნა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენცია

გლობალიზაციის გამო მსოფლიო თანდათან პატარავდება. ამიტომ ნებისმიერი თემა შესაძლოა აქტუალური გახდეს მთელი მსოფლიოსთვის. დასავლეთისთვის სულერთი არაა, უსაფრთხოების თვალსაზრისით როგორი არქიტექტურა იქნება შავ ზღვაზე.

ამიტომ საუბარია საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა მექანიზმებსა და ინიციატივებზე. მითუმეტეს, შავი ზღვის 3 ქვეყანა რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან, 2 ქვეყანა (საქართველო და უკრაინა) კი ღიად აფიქსირებს საკუთარ სურვილს გახდეს ამ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების წევრი.

საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დღითიდღე უფრო ნათელი ხდება, რომ რაც დრო გადის, უფრო მატულობს რუსული აგრესია და ეს ყველაზე მეტად შავი ზღვის რეგიონში ვლინდება - გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, ყირიმი კვლავ ანექსირებულია, არ სრულდება ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, კვლავ გაყინულია კონფლიქტი დნესტრისპირეთში, რომელიც არავინ იცის როდის „გალღვება“ და ა.შ.

სწორედ ამ და მსგავსი კონფლიქტების განხილვას და აზრთა ურთიერთგაცვლას მიეძღვნა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენცია.

- რაც უფრო მეტად უახლოვდება საქართველო ევროპასა და ნატოს, შიდა პოლიტიკაში მით უფრო აქტიურად ხდება „მიუმხრობლობის“ პოლიტიკის მომხრეთა გააქტიურება.

„მიუმხრობლობის“ პოლიტიკის მხარდამჭერები ყურადღებას ამახვილებენ არა მარტო რუსეთის მართლმადიდებლობაზე, არამედ ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობების საგრძნობლად გაუმჯობესებაზე. ასევე იმაზე, რომ დასავლეთი ცდილობს ქართველებს იდენტობა დააკარგვინოს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს „მიუმხრებლობის“ თემის გააქტიურება, ერთი მხრივ, საქართველოს მოძრაობას ევროპის მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის მცდელობას თბილისმა შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი?

- 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულებით თავს მოგვახვიეს ფაქტიური ნეიტრალიტეტი. შესაბამისად, აქ განლაგებულ ბრიტანულ სამხედრო ნაწილებს მოუწიათ საქართველოს ტერიტორიის დატოვება. ხოლო რუსეთმა, როგორც სჩვევია ხოლმე, დაარღვია ხელშეკრულება და ადვილად შეძლო ჩვენი დაპყრობა.

საბჭოთა კავშირმა 1940 წელს მსგავსი სცენარით, ფაქტიური ნეიტრალიტეტის თავსმოხვევით, დაიპყრო ბალტიის ქვეყნები: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. იგივეს შეეცადა ფინეთთან მიმართებაშიც. მაგრამ ამ უკანასკნელმა სერიოზული წინააღმდეგობა გაწია და გადარჩა. თუმცა, ფინეთმა დაკარგა ტერიტორიები და შეეგუა ამ დანაკარგს.

ჩვენს რეგიონში გამოაცხადო ნეიტრალიტეტი, ნიშნავს დათანხმდე ცხვრის როლის შესრულებას მგლების ხროვაში, რომელსაც პირველივე შესაძლებლობისას ადვილად გადასანსლავენ

დღეს კრემლის რუპორებს სწორედ ფინეთის მაგალითი მოჰყავთ ხოლმე, მაგრამ ვერ ითვალისწინებენ ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას. ფინეთი შეეგუა საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას, საქართველო კი არასოდეს შეეგუება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. თან სადაა იმის გარანტია, რომ რუსეთი ისევე არ დაარღვევს პირობებს, როგორც ეს გააკეთა გეორგიევსკის ტრაქტატის შემთხვევაში, 1921 წელს, აფხაზეთის ომის დროს და ა.შ.

არც შვეიცარიის, ავსტრიის და შვედეთის მაგალითები გამოდგება, იმიტომ რომ მათ სამეზობლოში ცივილიზებული ქვეყნები ჰყავთ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი კი ჩვეულებრივი მტაცებელია. ჩვენს რეგიონში გამოაცხადო ნეიტრალიტეტი, ნიშნავს დათანხმდე ცხვრის როლის შესრულებას მგლების ხროვაში, რომელსაც პირველივე შესაძლებლობისას ადვილად გადასანსლავენ.

კრემლში იმდენად პრიმიტივებად გვთვლიან, რომ 100 წლის წინ დაწერილ სცენარს გვიდებენ წინ. მხოლოდ სახელებს ცვლიან. დღეს რუსულ სატყუარას ხან „ნეიტრალიტეტს“ არქმევენ, ხან - „მიუმხრობლობას“.

როდესაც იცი, რომ რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ ილია ჭავჭავაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მარო მაყაშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, მერაბ კოსტავა, ხოლო რუსეთის მხარეს იყვნენ ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე არჩევანი ადვილი გასაკეთებელია

ხვალ შესაძლოა კიდევ რამე ახალი სახელი მოუძებნონ. რუსეთის იმპერიალისტური აზროვნება და არსი არ იცვლება. მთელი ამ სპექტაკლის მიზანი ძალიან მარტივია - საქართველო დატოვონ მარტო, ერთიერთზე რუსეთთან, რათა შემდეგში ადვილად შეძლონ მისი ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც თავისუფლებისმოყვარე ერი, ამას არ შევეგუებით და არ დავუშვებთ!

როდესაც იცი, რომ რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ ილია ჭავჭავაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მარო მაყაშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, მერაბ კოსტავა, ხოლო რუსეთის მხარეს იყვნენ ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე არჩევანი ადვილი გასაკეთებელია.

ქართველებს მონობა არ გვიყვარს. მთელი საქართველოს ისტორიაც ხომ დამპყრობლებისა და მონობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

საქართველომ საკუთარი ცივილიზაციური არჩევანი IV საუკუნეში გააკეთა და ამ გზიდან არ გადაუხვევს.

დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი რეალური მექანიზმი ნატოა. აქ გაწევრიანების გზაზე მაგალითად ბალტიის ქვეყნები შეგვიძლია ავიღოთ.

ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებული ლატვია, ესტონეთთან და ლიეტუვასთან ერთად ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება მივიღოთ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან იმ შემთხვევაში, თუ რეალურად დავკავდებით თანამედროვე სახელმწიფოსა და საზოგადოების შენებით.

დღეს დასავლეთი შესაძლოა არაა მზად ჩვენი ნატოში მისაღებად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამის გამო სვლა შევანელოთ. პირიქით, ჩვენ ყველა ჩვენი სტანდარტი უნდა მივუახლოვოთ ცივილიზებული სამყაროს სტანდარტებს

სანამ ბალტიელები სახელმწიფოებს აშენებდნენ, ჩვენ სამწუხაროდ კრემლში დაწერილი სცენარით ვმოქმედებდით: 90-იან წლებში ერთმანეთსაც ვხოცავდით და კონფლიქტებშიც მთელი თავით გადავეშვით. გვიან არასოდეს არაა. ნუღარ გავიმეორებთ ძველ შეცდომებს!

დღეს დასავლეთი შესაძლოა არაა მზად ჩვენი ნატოში მისაღებად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამის გამო სვლა შევანელოთ. პირიქით, ჩვენ ყველა ჩვენი სტანდარტი უნდა მივუახლოვოთ ცივილიზებული სამყაროს სტანდარტებს, რადგან როდესაც ამისი დრო დადგება და შესაძლებლობების ფანჯარა გაიღება, მზად ვიყოთ სწრაფი გაწევრიანებისთვის, სადაც მხოლოდ ფორმალობები იქნება მოსაგვარებელი.

ჩვენ თუ მაშინ დავიწყეთ მზადება, როდესაც ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება, შესაძლოა ისევ მალევე დაიხუროს ეს ფანჯარა და კვლავ გარეთ დავრჩეთ.

XX საუკუნის 90-იან წლებში ბალტიის ქვეყნებსაც არ სჯეროდათ, რომ ისინი ნატოსა და ევროკავშირში შეძლებდნენ გაწევრიანებას, მაგრამ მათმა მაგალითმა გვიჩვენა, რომ ეს შესაძლებელია. ამიტომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს