კობა ნაყოფია - გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში აქციებს გააგრძელებას იქამდე, ვიდრე ხელისუფლება ხელს არ აიღებს ადამიანების დაშინებაზე, ტერორზე და ხმების გაყალბებაზე

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელების მთავარი მოთხოვნა იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა. მათი თქმით, გუშინ მირანდა მესხი არჩევნების გაყალებებას ცდილობდა, როდესაც სამაგიდე სიები და ბეჭდები არჩევნებიდან რამდენიმე დღით ადრე გასცა. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის კობა ნაყოფიას განცხადებით, ისინი არჩევნებში ზუგდიდელების ხმებს არავის მოაპარინებენ. მისივე თქმით, აქციები კვლაც გაიმართება.

„გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გეუბნებით, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ეს ქალბატონი, მისი უფროსი თამარ ჟვანია და კიდევ უფრო დიდი უფროსი ივანიშვილი ზუგდიდელებს არჩევნებს ვერ მოპარავენ. გუშინ ამათ უნდოდათ გაეყალბებინათ არჩევნები და წიანასწარ დაეწერათ შედეგები. არ გაუვიდათ მეგობრებო“, - მიმართა მხარდამჭერებს ნაყოფიამ.

გაერთიანებული ოპოზიცია აქციების გამართვას მანამდე გეგმავს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

„ვაპირებთ აქციების გაგრძელებას მანამ, ვიდრე ესენი არ აიღებენ ხელს ადამიანების დაშინებაზე, ტერორზე და ხმების გაყალბებაზე. ამათ დარჩათ მხოლოდ ეს, მეტი არაფერი არ დარჩათ. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, 5000 დამკვირვებელი ჩამოგვყავს. უამრავი ტექნოლოგიური მექანიზმი შევქმენით, რაც ჯერ კიდევ არ იცის „ქართულმა ოცნებამ“ . ყველა უბნიდან, ყველა ინფორმაცია გვექნება, უმოკლეს დროში“, - განაცხადა ნაყოფიამ.

გაერთიანებული ოპოზიცია საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მის მიერ სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უბნებზე აჩევნებიდან ხუთი დღით ადრე დარიგების გამო მოითხოვს, რასაც არჩევნების გაყალბების მცდელობად აფასებს. რაც შეეხება მირანდა მესხს, ის აცხადებს, რომ ზუგდიდში 107 უბანია და სიები ეტაპობრივად გაიცემა, რადგან მათი დარიგება ვერ ესწრება. საბოლოოდ, ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე, ამომრჩეველთა სიები 41 სოფლიდან დააბრუნეს.