ფოთის თეატრის დირექტორის ინფორმაციით, თეატრის სარეაბილიტაციო პროექტში ხარვეზები გამოვლინდა, რამაც სამუშაოების ვადა შესაძლოა, კიდევ გააჭიანუროს

ფოთის თეატრის დირექტორის ინფორმაციით, თეატრის სარეაბილიტაციო პროექტში ხარვეზები გამოვლინდა, რამაც სამუშაოების ვადა შესაძლოა, კიდევ გააჭიანუროს. ამის შესახებ თეატრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ განაცხადა. მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოების განხორციელებისას პრობლემებს წააწყდა, რომელთა მოგვარებაც პროექტით გათვალისწინებული არ არის.

მისივე თქმით, შეხვედრა თეატრის ხელმძღვანელობას, მშენებლებსა და მერიის წარმომადგენლებთან უკვე შედგა და აღნიშნული საკითხი განიხილეს.

„თეატრის შენობაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პირველ რიგში უნდა მოახდინოს იმის დემონტაჟი, რაც გამოსაცვლელია. გუშინ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ დამატებით გამოჩნდა ბევრი ხარვეზი. ამიტომ გადაწყდა, რომ კიდევ ერთხელ გადახედავენ ყველაფერს და დადებენ იმ სურათს, რაც რეალურია. შეცდომა, რომელიც ამ შენობის მშენებლობისას იქნა დაშვებული, უნდა გამოსწორდეს,“- განაცხადა თენგიზ ხუხიამ.

როგორც ირკვევა, თანხები მხოლოდ შენობის დემონტაჟისთვის არის გამოყოფილი, სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსები ჯერაც არ არის მოძიებული.

მერიაში აცხადებენ, რომ ყველაფერს შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაციის პროექტის ტექნიკური დავალებების მომზადების პროცესში, საპროექტო ჯგუფთან ერთად ჩართული იყვნენ თეატრის წარმომადგენლები. მათი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა საპროექტო დავალება. დღეს თეატრის წარმომადგენლებს აქვთ დამატებით წინადადებები, რაც აგრეთვე იქნება შესწავლილი და სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,“- აღნიშნეს მერიაში.

ფოთის თეატრის მშენებლობა ცხრა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 12 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა, თეატრში არაერთხელ ჩამოვიდა წყალი, ორი წლის წინ კი ჭერი ჩამოინგრა. შენობა ავარიულია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. თეატრალური დასი მუშაობას ფოლკლორის ცენტრის შენობაში აგრძელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები