ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე თვის წინ დაკავებული ბესიკ დგებუაძის მშობლები შვილის გათავისუფლებას ითხოვენ. დაკავებულის მამა ვლადიმერ დგებუაძე შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

„ორი თვეა ვეძებ გიორგი გახარიას. ვიცი ,რომ ზუგდიდშია. მგონია, რომ ეს ადამიანი სამართლიანია და ერთადერთი ის გამიგებს. მე, გიორგი გახარიას დავუმტკიცებ, რომ სამეგრელო -ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე კრიმინალია. დანაშაულის ჩადენიდან სამ დღეში პოლიციამ დამნაშავეების ვინაობები იცოდა, მაგრამ დიასამიძე აფარებდა ხელს. ვითხოვ, ჩემი შვილის გირაოთი გამოშვებას, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა", - განაცხადა ვლადიმერ დგებუაძემ.

აქციაზე იმყოფება ბესიკ დგებუაძის ადვოკატი მურთაზ სოტკილავა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დგებუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის აღკვეთის ღონისძიების შეცვალს ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნით დაკავებულის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია არაერთხელ გამართეს.

ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. დგებუაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.