ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი დილიდან კვლავ ჩაერთო

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამთენიისას მუშაობა განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც.

მათი ინფორმაციით, საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევე.

მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მიმდინარეობდა ტერიტორიის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები. ამ დროისათვის, ტყეში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალმა, ჯამში, დაახლოებით, 3,5 ჰა შეადგინა. ამ დროისათვის, ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან ერთად, ცოცხალი ძალა ინტენსიურად ახორციელებს ტერიტორიის დამუშავებასაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.