ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2019

ბრძოლა ზუგდიდისთვის - სიტუაცია ისე დამძიმდა, საქმეში მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩართეს

დავით ბერძენიშვილი - “საქართველოში არჩევნებს იგებს მილიონი ხმა და ამას მილიარდები ვერ უშველის”

პაატა ზაქარეიშვილი - “სიებზე უკვე ფიქრობენ კალაძეც, ღარიბაშვილიც, ალბათ კობახიძესაც აქვს ილუზიები”

* * *

ბრძოლა ზუგდიდისთვის - სიტუაცია ისე დამძიმდა, საქმეში მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩართეს

“მერის არჩევნებამდე 4 დღით ადრე სამეგრელოში ხელისუფლების და ოპოზიციის დაპირისპირება მწვავდება. 15 მაისს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ ზუგდიდის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან” გია დანელიას უფლებამოსილება შეუწყდეს. მოთხოვნის საფუძველი კი “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერია, რომლის მიხედვით, დანელია საუბრობს არჩევნებში მმართველი პარტიის გასამარჯვებლად მოქალაქეთა დაშინების და მოსყიდვის შესაძლებლობაზე. ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ შესაბამისი განცხადების დასარეგისტრირებლად საკრებულოს შენობაში შესულიყვნენ მედიასთან ერთად, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა და მათ საკრებულოს ხელმძღვანელები განცხადების დარეგისტრირებისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულეს. პარალელურად, ზუგდიდში მანანა არჩვაზე-გამსახურდია გამოჩნდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შეხვდა და მოუწოდა, რომ ხმა ოპოზიციის კანდიდატს სანდრა რულოვს არ მისცენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბრძოლა ზუგდიდისთვის - სიტუაცია ისე დამძიმდა, საქმეში მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩართეს.

“ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას. ზვიად გამსახურდია, რომელმაც სიცოცხლე შესწირა, ყველაფერი გაიღო საქართველოსთვის... საქართველოში ჩამოვიდა, პირველი მისი ნაბიჯები იყო სამეგრელოში, ვინაიდან იცოდა რა მოელოდა სამეგრელოს და არაფრით არ დაუშვებდა. მტერმა ყველა ღონე იხმარა, მოღალატეებმა, მე მოღალატეებს მერე ჩამოგითვლით, ახლა არ შევეხები მათ და მათ კატეგორიულად უნდა მივმართო და გავაფრთხილო, რომ დღეიდან დატოვონ სამეგრელოს ტერიტორია. გაძევებულ იქნენ ესენი”, - განაცხადა მანანა არჩვაძემ. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ის, რაც ახლა ზუგდიდში ხდება, აბსურდის თეატრია. მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” დანაშაულშია მხილებული და არსებობს ამის ამსახველი კადრებიც, ამის მიუხედავად ის არ დაკითხულა. “საკრებულოს შენობაში მუშაობს მოძალადე დანელია, დანაშაულში მხილებული თქვენ გახსოვთ ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილის აუდიო ჩანაწერი, რომელიც არ უარყო მაჩალიკაშვილმა და თქვა, რომ გამწარებული შვილმოკლული მამის საუბარი იყო და დაკითხვებზე დაჰყავთ. ეს დანელია კი დაკითხვაზეც კი არ არის დაბარებული, რომელიც არის მომართული, რომ ადამიანები გაიტაცონ არჩევნების დღეს”, - აცხადებს მელია. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი მუნიციპალიტეტის შენობაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. ბესიკ ჭეჟია აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები ხელოვნურად ახდენენ სიტუაციის ესკალაციას, რადგან იციან რომ მათ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მშვიდ გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები. ხალხს მიეცეს საშუალება თავისუფლად გამოავლინოს ნება ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ, მაგრამ შეიძლება ვიღაცეები ფიქრობენ, რომ შანსი არ აქვთ ამ არჩევნებში და ცდილობენ ესკალაციას რაღაც პროცესებისა რომელიც არ წაადგება ქალაქს. ეს ქვეყანა ეკუთვნის ყველას, ოპოზიციას და პოზიციას და ყველა ვალდებულია დაიცვას ის თამაშის წევრები რაც არის მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის”, - განაცხადა ჭეჟიამ. ზუგდიდში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს არასაპარლამენტო ოპოზიცია და პოლიტოლოგები “რეზონანსთან” აფასებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედება შეშინებულის ტაქტიკის შთაბეჭდილებას ტოვებს. “რულოვსს ზუგდიდში გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ამიტომ ხელისუფლება ფიქრობს, რომ თუ ის წააგებს, ამას დომინოს პრინციპი ექნება. ყველანაირად ეცდებიან, რომ ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენელმა გაიმარჯვოს. თუმცა იმას, რასაც ახლა ჩვენ სამეგრელოში ვუყურებთ, თუ 2020 წლის არჩევნების რეპეტიციაა, მაშინ ამ მეთოდებით ის საპარლამენტო არჩევნებს ვერ მოიგებს,“ - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ, რომლის აზრით, “თუ მმართველი გუნდი აპირებს, რომ ეს მეთოდები ხელწერად გაიხადოს 2020 წლისთვის, ეს უკვე ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანია“ - ასე აფასებს “თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე ზუგდიდში მომხდარ ძალადობას და სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მისი აზრით, ხელისუფლება პანიკაშია ჩავარდნილი და იყენებს ყველა მეთოდს იმისთვის რომ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი დაამარცხოს. “ხელისუფლებამ რომელმაც ვერ შეასრულა ვერც ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელსაც არ გააჩნია არანაირი გეგმა თუ როგორ უნდა გამოიყვანოს ხალხი სიღარიბიდან ყველაფერს აკეთებს ხელისუფლების, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. იგი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა უკანონო ბერკეტს. ადამიანების ცემა-ტყეპას, მოსყიდვას და არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ “ეს არის პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების მოქმედება, რომელსაც არაფრად არ უღირს ქვეყნის სტაბილურობა”, - დასძენს გამოცემა.

დავით ბერძენიშვილი - “საქართველოში არჩევნებს იგებს მილიონი ხმა და ამას მილიარდები ვერ უშველის”

“ეს არის პანიკა და შეშინებული ივანიშვილის წივილ-კივილი. სად გაგონილა, რომ დაძაბულობას შექმნის ოპოზიცია?! დაძაბულობას ქმნის ხელისუფლება. წესრიგზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბრიდან დაიწყო ივანიშვილის დასასრულის დასაწყისი” - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოში არჩევნებს იგებს მილიონი ხმა და ამას მილიარდები ვერ უშველის”.

“პირველ ტურში 600 ათასი ხმა და მეორე ტურში 800 ათასზე მეტი ხმა, რომელიც ოპოზიციამ მიიღო, ადასტურებს, რომ 5 ნომერი აღარ არის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის მიუღებელი ციფრი. გაერთიანებულმა ოპოზიციამ შესძლო არა მარტო “ნაციონალების” სტაბილური, 350 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება, არამედ ბიძინას მოწინააღმდეგე ამომრჩევლის მობილიზება. საქართველოში არჩევნებს იგებს მილიონი ხმა და ამას მილიარდები ვერ უშველის. ხელისუფლების ცვლის პროცესი დაიწყო და 19 მაისი იქნება ამის გაგრძელება მეორე რაუნდი; სერიოზული კონკურენცია და ბრძოლაა არა მხოლოდ ზუგდიდში არამედ ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ასევე დიდია მეორე ტურების ალბათობაც. ყველა ოლქში ფავორიტი არის ოპოზიციური კანდიდატი და ამიტომ არის შეშინებული ხელისუფლება. საშუალო აქტივობაც რომ იყოს, საკმარისია იმისთვის, რომ სახელისუფლებო კანდიდატი დამარცხდეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი და შეკითხვაზე - “არის ასეთი მოსაზრებაც, რომ სანდრა რულოვსის გამარჯვება ნიშნავს სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში რეალურად დაბრუნებას; იზიარებთ ამ მოსაზრებას?” - პასუხობს:

“სააკაშვილის გავლენა ქართულ პოლიტიკაში არც მოიმატებს და არც მოიკლებს. ასეთი განცხადებები არის მტრის ხატის შექმნა, ჰიპოთეტური საფრთხე გათვლილი შეშინებულ, არაინფორმირებულ ამომრჩეველზე. როდემდე უნდა მოტყუვდეს ხალხი? მაგრამ აღარ მოტყუვდება, რადგან ნებისმიერი ფრაზა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს, პრაქტიკულად გალეულია, გაცვეთილია. ფორმულა “მიშა დაბრუნდება” ან “ბიძინას ყოფნა დაგვაქცევს” არ არის კვალიფიცური და ჭკვიანური, რადგან საქართველოს უფრო ძლიერებისთვისაც გაუძლია; მაგრამ, როცა ხელისუფლება უპირისპირდება მრავალპარტიულობას და ერთმმართველობას ამკვიდრებს, ყოველთვის კრახით ამთავრებს. ახალი ვარსკვლავბიჭუნა 2020 წლის არჩევნებში აღარ იქნება, ხელისუფლება ხმების ნახევარსაც ვერ აიღებს და 2020 წლის არჩევნებში მოვა ძალიან ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც შევლენ საქართველოს მომავალ პარლამენტში”.

პაატა ზაქარეიშვილი - “სიებზე უკვე ფიქრობენ კალაძეც, ღარიბაშვილიც, ალბათ კობახიძესაც აქვს ილუზიები”

შუალედური არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის, მაგრამ თუ ხელისუფლება ამ არჩევნებში დამარცხდება, ეს იქნება საზოგადოებისთვის მესიჯი, რომ გრძელდება “ქართული ოცნების” დაღმასვლა, რომელსაც თავად უწყობს ხელს და თავად ახდენს საკუთარი თავის დისკრედიტაციას. ამის მაგალითები მრავალია, თუნდაც სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება, სადაც “ოცნებამ” მოახერხა და დატოვა ჩინჩალაძეების და მურუსიძეების კლანი, რაც ჩემთვისაც ცივი შხაპი იყო”, - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ოცნების” სიებზე უკვე ფიქრობენ კალაძეც, ღარიბაშვილიც, ალბათ კობახიძესაც აქვს ილუზიები - პაატა ზაქარეიშვილი

“ამიტომ, “ოცნებას” აღარ აქვს მორალური უფლება თქვას, “ნაციონალები” დაბრუნდებიანო, რადგან თვითონ დააბრუნა! ვერც იმ მოსაზრებას დავეთანხმები, რომ სანდრას გამარჯვება ზუგდიდში სააკაშვილის პოლიტიკაში ავტომატურ დაბრუნებას ნიშნავს - სააკაშვილი უკვე დამარცხებულია და მისი განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” გეგმებს ურევს... ზუგდიდის მოვლენები აჩვენებს, რომ ხელისუფლება პანიკაშია და თავისი ისტერიკით უფრო აძლირებს ოპოზიციას. არ გამიკვირდება, თავად ხელისუფლების მიერ იყოს პროვოცირებული, რომ შემდეგ ყველა დაარწმუნოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებობაში, მოწმენდილ ცაზე კი ამას ვერ გააკეთებს. ამიტომ ოპოზიცია პროვოკაციაზე არ უნდა წამოეგოს და არც საზოგადეობამ არ უნდა დაუშვას ვადამდელი არჩევნები, რათა პოლიტიკურმა ძალებმა შეძლონ მშვიდად მივიდნენ 2020 წლის არჩევნებზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე - “ვადამდელ არჩევნებს ხომ არ უკავშირდება “ოცნებაში” დაწყებული განახლების პროცესი და რომ თითქოს ახალ პარტიულ სიებზეც დაიწყეს მუშაობა?” - პასუხობს:

“ ახალ სიაზე ასე ადრე არ უნდა დაიწყონ მუშაობა, რათა წინასწარ არ დათესონ პანიკა. ალბათ ამის შესახებ თითო-ოროლა კაცს თუ ეცოდინება. სიებზე ფიქრობს კალაძეც, ღარიბაშვილიც, ალბათ კობახიძესაც აქვს ილუზიები, ივანიშვილიც შეიტანს კორექტირებას, მაგრამ არა მგონია, რომ საჯაროდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თუ გადაწყდა, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, მაშინ 2020 წლის არჩევნემდე 6-7 თვით ადრე დაიწყება ბრძოლა სიაში მოსახვედრად. მომავალ პარლამენტში “ოცნება” 40%-ის გაყვანას თუ მოახერხებს, 60%-ი აღარ იქნება. მაგრამ შემდეგ შეეცდება, იქ პარლამენტში ან ოპოზიციის მოსყიდვას ან დაშლას და დისკრედიტაციას. დღეს “ოცნება” ქვეყანაზე აღარ ფიქრობს, მისი მთავარი ამოცანა არის თავი შეინარჩუნოს ხელისუფლებაში”.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა