რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალურ მდივან ნინო ოსეფაიშვილს, კატასტროფების მართვის ხელმძღვანელ კახა მამულაძესა და თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას ქალაქის მერის მოადგილე გოჩა ლორია, ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის უფროსი ნინო ქვირიაც ესწრებოდნენ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იმ პროექტებს შეეხო, რომელთა განხორციელებაც წითელი ჯვრის საზოგადოება, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებასთან ერთად, რუსთავში გეგმავს.
როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რუსთავი სტრატეგიული ადგილია კატასტროფების მართვისთვის საჭირო რეგიონული საწყობის ასაშენებლად, სადაც 500 ოჯახზე გათვლილი დახმარების განთავსება გახდება შესაძლებელი. რუსთავში მოწყობილი სასაწყობე პუნქტი, საჭიროების შემთხევაში, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოემსახურება, იქვე გაიხსნება სპეციალური სასწავლო ტრენინგ ცენტრიც.
წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ უკვე მიმდინარეობს რუსთავში ტერიტორიის შერჩევა, სადაც აღნიშნული პროექტები განხორციელდება.