სერგო რატიანი - სკოლები ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება

ვხედავთ იმას, რომ სკოლები ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება, - ამის შესახებ სერგო რატიანმა განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში, ნინო გოგუაძისა და სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართა. მათ ისაუბრეს სკოლებზე წინასაარჩევნო ზეწოლის შესახებ. როგორც რატიანმა აღნიშნა, პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

"15 მაისს, სასტუმრო "რედისონში" საქართველოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლადო კახაძის შეხვედრა მოეწყო მთაწმინდის სკოლების წარმომადგენლებთან და მასწავლებლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რადგან ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ეს სკოლებს შეატყობინა ძველი თბილისის რესურსცენტრმა. პროცესში იყო ჩართული სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსი. ამას გარდა, მასწავლებლების ნაწილმა ფაქტობრივად, არ იცოდა, სად მიდიოდა. ვხედავთ რესურსცენტრების ზეწოლას, სამინისტროს ჩართულობას პროცესში და იმას, რომ ისევ არის სკოლების გამოყენება პოლიტიკური მიზნებით", - აღნიშნა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრის ორგანიზებაში სკოლების გარკვეულ ნაწილთან დამატებითი კომუნიკაცია შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ქოჩიშვილს ჰქონდა.

"აუდიტის სამსახურის უფროსი, გიორგი ქოჩიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო ია კერზაიას საქმეში, ხორავას საქმეში, რომელმაც არ გამოიძია ეს პროცესი, სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად დაიწყო გამოძიება ია კერზაიას საქმის და მაშინ ჩვენ მის გადაყენებას ვითხოვდით. საპარლამენტო კომისიამ გასცა რეკომენდაცია, სადაც აუდიტის სამსახურის უფროსი უნდა ყოფილიყო გადაყენებული. სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანს იყენებენ მსგავს პროცესში, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მიზნით ეს ადამიანი რჩება ამ სამინისტროში. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ სამინისტროს, თავი შეიკავოს მასწავლებლებზე და სკოლებზე ზეწოლისგან და ვურჩიოთ, ეს პროცესი შეწყდეს, რადგან ერთხელ უკვე ამან მოიტანა ტრაგიკული შედეგები", - განაცხადა რატიანმა.

იხილეთ ვიდეო