ბათუმში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტი დღეს მთავრობის მეთაურმა პირადად წარადგინა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა განათლების ბიუჯეტი მომავალ წელს 2 მილიარდი გახდება, 2021 წელს ის იქნება 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს კი ის მიაღწევს ბიუჯეტის მეოთხედს - 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი განათლების ქალაქი ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს და განათლების რეფორმის ფარგლებში დასახულ მიზნებს სრულად მოემსახურება.
,,დღეს მართლაც სტრატეგიულ, მომავლის პროექტს ვუყრით საფუძველს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ამ ეროვნული იდეისთვის, რომელიც მოგვცემს საშუალებას შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო. ჩვენ ყველა ახალგაზრდას და პედაგოგს შევუქმნით ღირსეულ პირობებს შრომისა და განათლებისთვის. ერთი წლის განმავლობაში, აჭარაში უკვე მესამე ქალაქის მშენებლობას ვუყრით საფუძველს. ეს იყო ე.წ. „მუყაოს ქალაქი“, სადაც ცენტრალური მთავრობის დიდი მხარდაჭერით 1000 ბავშვს ავუშენებთ საცხოვრებელს. ცოტა ხნის წინ ქობულეთში დავიწყეთ ყველაზე მასშტაბური და მსხვილი საინვესტიციო პროექტი „მწვანე ქალაქი“ ქალაქში. დღეს კი, ერთად ვუყრით საფუძველს განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობას. ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად და მტკიცედ მივიყვანთ ყველა ამ პროექტს ბოლომდე. ჩვენ არ ვაშენებთ ცალკეულ ობიექტებს, ჩვენ ვაშენებთ ქალაქებს ქალაქში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში მდებარე განათლების და მეცნიერების ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს, რაც განათლების რეფორმის განხორციელების საფუძველი იქნება. მულტიფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს ე.წ. ,,კომაროვის სკოლას“, საერთო საცხოვრებელს 100 ბენეფიციარისთვის, პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკას, ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონას და ხელოვნების სკოლას, სადაც თავმოყრილი იქნება ფოლკლორის, საბალეტო, სამხატვრო, სამუსიკო სკოლები.
ახალი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა ბათუმში 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დაიწყება.
პროექტის პრეზენტაციას ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, უმაღლესი დაწესებულებების სტუდენტები და მოსწავლეები დაესწრნენ.