ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია - სიცრუეა, რომ 40 000 ყივჩაღის საიდანღაც მოყვანას და მერობის ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ ტერორის განხორციელებას ვაპირებდი

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზუგდიდის საკრებულოს წევრის გია დანელიას გამოკითხვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დასრულდა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ დანელიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თითქოს ის მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს, ფაბრიკაციაა. მისი თქმით, სიცრუეა, რომ ზუგდიდის მერობის არჩევნებისთვის ხელისუფლების სასარგებლოდ "40 000 ყივჩაღის საიდანღაც მოყვანას, ხოლო მერობის ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ ტერორის განხორციელებას“ აპირებდა.
დანელიას თქმით, პროფესიით ექიმია, კერძოდ კი, სტომატოლოგი. მისივე განმარტებით, 2017 წელს მას დაუკავშირდა პაციენტი ბაადურ რაფავა, რომელთანაც საუბარი ჰქონდა გარკვეულ საკითხებზე, თუმცა არა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასა და დაშინებაზე. დანელია ვარაუდობს, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერი სწორედ რაფავას დამონტაჟებულია.
„2017 წელს საუბარი მქონდა ერთ-ერთ პიროვნებასთან და როდესაც გავაანალიზე ვიდეო-ჩანაწერი ვიფიქრე, რომ სწორედ ეს, ჩემს მიერ დასახელებული პირი გახლდათ დაინტერესებული პირი, გაეკეთებინა ფარული ჩანაწერი და გაესაჯაროვებინა. ეს არის რაფავა. თუ მას ექნება სურვილი მოვიდეს და თქვას სიმართლე, თუ რაზე გვქონდა საუბარი. ჩემი ვარაუდი გახლავთ, რომ ფარული ჩანაწერი მან გააკეთა",- განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, რაფავა არის დაინტერესებული პირი, ხოლო ფარული ჩანაწერის გავრცელების მიზანი მისი და ხელისუფლების დისკრედიტაციაა. დანელიას თქმით, რაფავა ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ფარულად თანამშრომლობდა იმ პირებთან, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ არიან მიმართული.
„მე, როგორც ფარულ ჩანაწერების მიმართ არაპროფესიონალმა, როგორც ექიმმა, გავაანალიზე და იქ ვამჩნევ, რომ ჩემი ტუჩების მიმიკა და ტექსტი ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩანაწერი არის ერთმანეთს მიბმული. ტექსტი არის შეკერილი, რამდენიმე ქვეტექსტია შეკრებილი, დამონტაჟებული და შემდგომ ჩასმული. ამ შინაარსის საუბარი მე, მასთან არ მქონია. ის გახლდათ ჩემი პაციენტი 15 წლის წინ. მე, მას გავუკეთე კბილების პროთეზირება. დაახლოებით 2 წლის წინ დამირეკა და მითხრა, რომ კონსულტაციის სურვილი მაქვს თქვენთანო. ვისაუბრეთ პოლიკლინიკის წინ დაახლოებით 30-45 წუთი. ვისაუბრეთ სხვა თემებზე, ანუ თხილის შეწამვლასთან დაკავშირებით და ა.შ. ვინაიდან, ჩემი თანასოფლელი გახლდათ, მასთან ყოველთვის მქონდა ნორმალური ურთიერთობა. არავითარი კონფლიქტური ურთიერთობა მასთან არ მქონია",- განაცხადა დანელიამ.
საკრებულოს წევრი ამბობს, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას აპირებს, რადგან მისი დისრედიტაცია ხდება. მისი თქმით, ის არის ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და არ აპირებს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დააყენოს, რადგან ამის საფუძველს ვერ ხედავს.
„მას შემდეგ რაც დასრულდება გამოძიება, ამ დასკვნიდან გამომდინარე, მე, საჩივარს შევიტან "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ.“რუსთავი 2"- მა ააგორა ეს ტალღა", - განაცხადა დანელიამ.

























