გიგი უგულავა - ამ ხელისუფლებამ ყველაფერი რაც კარგი იყო ჩვენ დროს, გააჩერა და ყველაფერი რაც ცუდი იყო, გააათკეცა

ჩვენ გვინდა სამართლის უზენაესობა, როცა კანონი თანაბრად ვრცელდება, ჩემზე, თქვენზე და ივანიშვილების ბიძაშვილებზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის, შალვა შავგულიძის მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრისას განაცხადა.
„ამ ხელისუფლებამ უკვე მეშვიდე წელს, ყველაფერი რაც კარგი იყო ჩვენ დროს, გააჩერა და ყველაფერი რაც ცუდი იყო, გააათკეცა. უნდა დავასრულოთ შედარებაზე და წარსულზე საუბარი. წარსულზე საუბრობენ ივანიშვილი და მისი სატელიტები. წარსულზე საუბრობენ ისინი, ვისაც არ აქვს მომავლის ხედვა და ვისაც საერთოდ არც წარმოუდგენია მომავლის საქართველო.
მომავლის საქართველო კი ასეთია - სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო.
იცვლება ხელისუფლებები, მაგრამ შვილმკვდარი მამები ისევ ქუჩაში ეძებენ სამართალს. ე.ი. მარტო ხელისუფლების ცვლილება არ კმარა. ამისთვის აუცილებელია მართლმსაჯულებაში თითოეული თქვენგანი ჩაერთოს“, - განაცხადა უგულავამ.

























