მარნეულში ერთ-ერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ მას 6 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა

მარნეულში, სადახლოს 31-ე საუბნო საარჩევნო კომისიის ეზოში დაპირისპირება მოხდა. როგორც ჟურნალისტებს სააგენტო "ნიუს სფეისის" დამკვირვებელმა, ტახირ ალიევმა განუცხადა, მას 6 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.

„სხვა უბნის წარმომადგენელი მოიყვანეს, რომ აქ ხმა მიეცა. ამის წინააღმდეგ წავედი, ამის მერე სახეში დამარტყეს. პოლიციაში დავრეკე", - განაცხადა ალიევმა.

აღნიშნულ ფაქტს უარყოფს „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს" წარმომადგებელი მაზახირ გოიიუსუბოვი. მისი თქმით, პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

„ვანდამია თუ ბრუსლი, 5-6 კაცი ცემდა და ფეხზე დგას? ლაპარაკი შეუძლია? ეს არის სპეციალური პროვოკაცია. ხალხი მშვიდად აძლევს ხმას, ეს კაცი ტყუილს ამბობს. კამათიც კი არ ყოფილა", - განაცხადა მაზახირ გოიიუსუბოვმა.

პროვიკაციაზე საუბრობს "ახალგაზრდული ინიციატივის" წარმომადგენელი გიზო კორტავაც.

"ტიპიური პროვოკაცია იყო, შემთხვევით მოვხვდი იმ ადგილზე, სადაც ეს საუბარი დაიწყო. ტახირ ალიევი ერთ-ერთ რეგისტრატორს ავიწროვებდა იმ მოტივით, რომ კომისიიის წევრი არ იყო და იქ არ უნდა მჯდარიყო. ამის გარკვევას სანამ მოვახდენდით, აღმოჩნდა რომ "ნიუს სფეისიდან" ორი წარმომადგენელი იყო უბანში შემოსული, სთხოვეს ერთ-ერთს უნდა დაეტოვებინა ტერიტორია. ამასობაში ხმამაღალი საუბარი დაიწყო, გარეთ გავიდნენ და იქ რა მოხდა, ვერ გეტყვით. ხმაური ამ კაცის გამოწვეული იყო", - განაცხადა გიზო კორტავამ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს