ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2019

სანდრო თვალჭრელიძე - “სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...”

“ოცნება” ზუგდიდში გამარჯვებას ზეიმობს, “ნაცმოძრაობა” საპროტესტო გამოსვლებით იმუქრება

დავით ჭიჭინაძე - “კოლექტიური ზარდიაშვილები და კობახიძე კალაძის მონაპოვარია... კობახიძე ახალ პარლამენტში აღარ იქნება”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...”

“19 მაისს საარჩევნო დაპირისპირება მძაფრი გამოვიდა და ამის ეპიცენტრი იყო ზუგდიდი, სადაც ხისტად მიდიოდა საარჩევნო პროცესი. “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც ახლა “გაერთიანებული ოპოზიცია” დაირქვა, აშკარად ყველაფერს აკეთებდა პროვოკაციისთვის, თუმცა სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და თითქმის ყველა კერა დაპირისპირებისა დროულად ჩააქრეს. სიმართლე გითხრათ, უკვე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა მართლაც ხერხდება ჩვენი სამართალდამცავი უწყებების დეპოლიტიზაცია. მართალია, ინტერვიუს ჩაწერისას ჯერ ზუსტი შედეგები არ ვიცით, მაგრამ წინასწარი მონაცემებით ისე ჩანს, რომ ჩემი ვარაუდი მართლდება - დარწმუნებული ვიყავი, რომ “ქართული ოცნება” მოიგებდა უმეტესწილად, მათ შორის ზუგდიდშიც”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...” / “ტექნოლოგიები, რომელთაც ერთი მხრივ “ნაციონალური მოძრაობა” და მეორე მხრივ “ქართული ოცნება” იყენებს, აგებულია ზიზღზე, ეს ზიზღი გადადის საზოგადოებაშიც და ამ ზიზღით შეპყრობილ ადამიანს იარაღი რომ მისცე, აუცილებლად გაისვრის”.

“საქმე ისაა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ეს რადიკალური რიტორიკა, აპოკალიფსის შექმნის მცდელობა, მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. ჩემი აზრით, ძალიან არასწორად იყო შერჩეული კანდიდატიც, რომ გაემარჯვა, რა უნდა გაეკეთებინა სანდრა რულოვსს, რა იცის მან რეგიონალური მართვის?! საინტერესოა, რომ მთაწმინდაზე პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში, დიდი ალბათობით, იქნება მეორე ტური, რასაც მივესალმები. აი, რას ნიშნავს სწორად შერჩეული კანდიდატი, შალვა შავგულიძე პატიოსანი და წესიერი ადამიანია, მას ბევრი სცემს პატივს, არ გამიკვირდება საერთოდაც გაიმარჯვოს, თუ მეტი ამომრჩეველი მივა მეორე ტურში საარჩევნო ურნებთან. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ვნახეთ საგარეჯოს გარდა, ყველა დანარჩენ საარჩევნო ოლქში რა დაბალი აქტივობა იყო. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ხალხი პოლიტიკური პროცესისადმი ძალიან ნიჰილისტურად არის განწყობილი. მათ გულზე არც "ქართული ოცნება“ ეხატებათ და მით უფრო არ ეხატებათ “ნაციონალური მოძრაობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე. “ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობა” კარგა ხანია ცდილობს როგორმე ჩამოიშოროს სააკაშვილი, მათ არც რულოვსის დასახელება უნდოდათ კანდიდატად, მაგრამ მიშას წინააღმდეგ ვერ წავიდნენ, ახლა კი სრულიად საფუძვლიანად შეიძლება სწორედ მას დააბრალონ ეს მარცხი. ისინი კარგად ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაფურცლული ფურცელია... გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებებით უბრალოდ კი არ აზიანებს “ნაციონალური მოძრაობის” იმიჯს, არამედ ყველანაირ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ეს პარტია გამოცხადდეს ექსტრემისტულ ძალად და აიკრძალოს - ჩავიხედოთ კონსტიტუციაში, სააკაშვილი პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას. ამიტომაც ვფიქრობ, უნდა კარგად დაფიქრდნენ “ნაციონალურ მოძრაობაში” და მნიშვნელოვნად შეცვალონ მოქმედების ტაქტიკა, მათ შორის ნიკა მელიამაც უნდა შეცვალოს ის რადიკალური რიტორიკა, რაც მას ახასიათებს. სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების სხვა შანსი, გარდა არეულობისა და რევოლუციისა, არა აქვს, ამიტომაც, როგორც შეუძლია, ამის დაანონსებას ცდილობს. მას ნამდვილად ძალიან უნდა, რომ ქვეყანაში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ ეს არ უნდა ქართველ საზოგადოებას, მათ შორის - მისი მომხრეების დიდ ნაწილსაც, ამიტომაც მისი ეს განცხადებები მხოლოდ აფრთხობს ადამიანებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არეულობის შიშით მოქალაქეები მზად არიან, კვლავ და კვლავ ხმა მისცენ “ქართულ ოცნებას”. ამგვარი მუქარით სააკაშვილი მხოლოდ “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. თუმცა საარჩევნო პროცესი უხარვეზო ნამდვილად არ ყოფილა. კვლავაც პრობლემა იყო სიებით შეიარაღებული ხალხი საარჩევნო უბნებთან, ასევე _ ფულის გადაცემის ფაქტები, რაც რამდენიმე ვიდეოჩანაწერში ვნახეთ. ეს აჩენს კითხვებს... აშკარაა, რომ მმართველი ძალის წარმომადგენლებისგან იყო ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა, თუმცა, ჩემი აზრით, ამას არ ჰქონია არც მასშტაბური და არც სისტემური ხასიათი და უფრო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინიციატივა იყო. ეს ფაქტები აუცილებლად უნდა გამოიძიონ და დამნაშავე დასაჯონ, რათა მომდევნო არჩევნებში ეს პრობლემა უფრო მასშტაბური არ გახდეს. სხვა მხრივ, ვფიქრობ, პროცესი ნორმალურად წარიმართა, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩატარებული არჩევნებისაგან, როდესაც ოპოზიციას არჩევნებს უყალბებდნენ და თან ამაზე ლაპარაკის უფლებასაც არ აძლევდნენ! დღეს ლამის პირდაპირი ეთერებით აჩვენებენ ტელევიზიები დარღვევებს. გაიხსენეთ სააკაშვილის დროინდელი ტელევიზიები - ამას ვინ გაბედავდა?!” - ამბობს ექსპერტი.

“არაფერი ახალი ამ საარჩევნო პროცესში არ მინახავს. გარდა იმისა, რომ ზუგდიდის მერის არჩევნები გამოცხადდა ლამის აპოკალიფსის დასაწყისად, ზოგიერთმა ძალამ სცადა, ისე წარმოეჩინა საქმე, თითქოს აქ წყდებოდა საქართველოს ბედი, რომ მნიშვნელოვანი არ იყო არც მთაწმინდის, არც მარნეულის და ა.შ. არჩევნები და მხოლოდ სანდრა რულოვსის გამარჯვება-დამარცხება იყო გადამწყვეტი, რაც სრული აბსურდია. “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ ლამის წელიწადზე მეტი ადგილობრივ მმართველობაში “ნაციონალური მოძრაობა” იყო, მაგრამ ამით რა შეიცვალა?! ერთმა ადამიანმა როგორ შეიძლება შეცვალოს ვითარება?! საზოგადოებას აქვს განვითარების საკუთარი იმანენტური კანონები, რასაც პოლიტიკური პროცესიც ექვემდებარება. სხვა, რაც წინასაარჩევნოდ ვნახეთ, იყო ისევ ერთმანეთის ლანძღვა-გინება, კუნთების თამაში, ხელის გადაწევა... ვერაფერს ვსწავლობთ, ვუშვებთ იმავე შეცდომებს და ვტრიალებთ ერთ წრეზე. ერთადერთი, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახლა ვხედავთ, რომ ცემა-ტყეპისთვის დამნაშავეებს იჭერენ”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“მესამე ძალის კონტურებიც კი არსად ჩანს იმიტომ, რომ არ არსებობს ფინანსური რესურსი. იყო მცდელობები, მაგალითად, ვნახეთ “დაიცავი საქართველოს” აქტიურობა, მაგრამ ჯერჯერობით ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადადგეს სწორედ უფულობის გამო. ფინანსური რესურსის გარეშე ახალი ძალის ჩამოყალიბება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მით უფრო, რომ არ ჩანს არც ძლიერი ლიდერი, ვინც ამის ორგანიზებას შეძლებს... ბიზნესი იდეოლოგიის მიხედვით კი არ აფინანსებს რომელიმე ძალას, არამედ ეძებს “კრიშას”. ამიტომაც ვინც იქნება ხელისუფლებაში, იმას უნდა დაუთბილოს ფეხი. ლოგიკა ასეთია - მე შემოგწირე თანხა და ამით უნდა დავიმსახურო შენი კეთილგანწყობა... გარდა ამისა, სავარაუდოდ, არის იატაკქვეშა ურთიერთობები, გარიგებები, რომელთა წყალობით ეს კომპანიები ფინანსურ სარგებელსაც იღებენ. ხომ გვინახავს კვლევები, რომელთა მიხედვითაც ჩანს, მმართველი პარტიის შემომწირველი ესა თუ ის კომპანია შემდეგ ხშირად როგორ იმარჯვებს ტენდერებში. რას ვიზამთ, საქართველო სამხრეთული ქვეყანაა და ჩვენ კანონგარეშე მოქმედებისკენ გვაქვს მიდრეკილება”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “არსებითი ცვლილებები მმართველ პარტიაში არ ჩანს, არც იმ დაპირებების შესრულებას უჩანს პირი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ უხვად გაიცა” - პასუხობს:

“სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” მოქმედებაში არსებითად ვერაფერი შეიცვლება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს გარშემო ეყოლება ბრძანებების შემსრულებელი, მორჩილი ხალხი, რომლებიც ხმის ამოუღებლად აკეთებენ იმას, რაც მას მიაჩნია სწორად. მოკლედ, ვიდრე "ქართული ოცნება" არ გახდება თავისუფლად მოაზროვნე ხალხის კოალიცია, სადაც მართლაც დემოკრატიულად, კონსენსუსის გზით მიიღებენ გადაწყვეტილებებს და არა ერთი კაცის ნება-სურვილით, ეს პარტია არ შეიცვლება. მეტიც, იქ მოსული, თავისუფლად მოაზროვნე, ჭკვიანი ადამიანებიც ნელ-ნელა რობოტებად იქცევიან. არ მინდა გვარ-სახელების დასახელება... ვიცით ისედაც... მაგალითად, გვინახავს ქალბატონი, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა მმართველ ძალაში და თავის დროზე ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი, ახალი კი საკუთარ აზრს აღარც გამოთქვამს. თანაც ვიდრე პარლამენტის სპიკერი არ შეიცვლება, შეუძლებელია, ამ პარტიის რეიტინგი გაიზარდოს”.

“ქართულ ოცნებას” ხელს აძლევს ეს ბიპოლარული გარემო. ამიტომაც ამას ყველანაირად უწყობს ხელს. როგორც მოგახსენეთ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას კარგად ახსოვს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა და ამიტომაც ამჯობინებენ, ხმა ისევ “ქართულ ოცნებას” მისცენ. თუ გამოჩნდა ვინმე, ვინც გადაწყვეტს ახალი ძალის დაფინანსებას, მაგალითად, თუნდაც ქობულია, რომელიც, როგორც ჩანს, ფიქრობს პოლიტიკაში მოსვლას, ან სხვა ვინმე, ანაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, რომ საქართველოში ახალი ძალის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი, მაშინ “ქართული ოცნების” დასასრული გარდაუვალი იქნება. ის ამგვარი პოლიტიკით, ასეთი მართვის სტილით ვეღარ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ამას თვითონაც მშვენივრად ხვდებიან, ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ, რომ ოპოზიციას ყოველგვარი ფინანსური ნაკადი გადაუკეტონ. ტექნოლოგიები, რომელთაც ერთი მხრივ “ნაციონალური მოძრაობა” და მეორე მხრივ “ქართული ოცნება” იყენებს, აგებულია ზიზღზე, ეს ზიზღი გადადის საზოგადოებაშიც და ამ ზიზღით შეპყრობილ ადამიანს იარაღი რომ მისცე, აუცილებლად გაისვრის. ეს, ერთი მხრივ, ძალიან სახიფათოა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქმე ის არის, რომ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ჩართულია მაქსიმუმ 100 000 კაცი, უმრავლესობას კი ეს აღარ აინტერესებს, ამიტომაც, ვფიქრობ, მასშტაბურ დაპირისპირებასა და არეულობამდე საქმე არ მივა. შეხედეთ სოციალურ ქსელებს _ ვინმეს აინტერესებს ეს არჩევნები? უფრო მეტს წერენ და ლაპარაკობენ არატრადიციული ორიენტაციის ხალხისა და მათი მოწინააღმდეგეების დემონსტრაციებზე, ვიდრე პოლიტიკურ თემებზე. განსაკუთრებით ახალგაზრდობის 99.9%-ს, ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდია, ვინ იქნება ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის მერი თუ მაჟორიტარი დეპუტატი”, - დასძენს ექსპერტი.

“ოცნება” ზუგდიდში გამარჯვებას ზეიმობს, “ნაცმოძრაობა” საპროტესტო გამოსვლებით იმუქრება

“დღის განმავლობაში მომხდარი სხვადასხვა ინციდენტების - ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირებისა და დაპატიმრებების შემდეგ - ზუგდიდში გვიან ღამემდე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები დამაჯერებლად ამტკიცებდნენ, რომ ქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნები მათმა კანდიდატმა გეგა შენგელიამ პირველივე ტურში მოიგო. თუმცა, “ნაცმოძრაობის” კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე, გამარჯვებულად საკუთარი თავი გამოაცხადა. ყოფილმა პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ მან პირველი ტური მოიგო და არ ურჩევდა ხელისუფლებას პირველივე ტურში “ოცნების” კანდიდატის გამარჯვებულად გამოცხადებას...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნება” ზუგდიდში გამარჯვებას ზეიმობს, “ნაცმოძრაობა” საპროტესტო გამოსვლებით იმუქრება.

“აღსანიშნავია, რომ ცესკო-მ ზუგდიდის ოქმების გამოქვეყნება, სხვა იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდა, შედარებით გვიან დაიწყო. გამოქვეყნებული შედეგებით, “ოცნების” წარმომადგენელი უსწრებდა თავის მთავარ ოპონენტს, მაგრამ მონაცემებით შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, შენგელიამ საბოლოოდ გადალახა 50%-იანი ზღვარი, თუ ზუგდიდის მერის გამოვლენისათვის მასსა და რულოვსს შორის მეორე ტური გახდება საჭირო. შუაღამისას პარლამენტის თავმჯდომარემ იმ დროისათვის არსებულ შედეგებზე დაყრდნობით შენგელია გამარჯვებულად გამოაცხადა. მისი ცნობით, “ოცნების” კანდიდატმა ხმების 54,8% მიიღო. თუმცა, ეს შედეგი უბნების დაახლოებით მეოთხედის მონაცემებს ეყრდნობოდა... ზუგდიდში სიტუაცია დილიდანვე დაიძაბა და რამდენიმე საარჩევნო უბანზე პოლიციამ კონფლიქტში მონაწილე ადამიანები დააკავა. შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სულ 5 ადამიანია დაკავებული, აქედან 2 ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული”, აღნიშნავს გამოცემა.

“ზუგდიდში სიტუაცია თავდაპირველად დილით კახათის N35 საარჩევნო უბანზე დაიძაბა, რისი მიზეზიც საარჩევნო უბანთან ადგილობრივი საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატ გია დანელიას მისვლა გახდა. დანელია იმ სკანდალურ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, რომელიც 14 მაისის “კურიერმა” გაასაჯაროვა და სადაც თავად ჰყვება, როგორ მიიღო პარტიის ცენტრალური ოფისიდან დავალება, რომ ყველა ხერხით, მათ შორის დაშინებითა და ტერორით, შეძლონ ამომრჩევლის ხმების 50 პროცენტს პლუს ერთი ხმის მიღება. მას ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ და მათი გაშველება პოლიციას მოუწია. ხმაური და დაპირისპირება იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიას N70 საარჩევნო უბანზე. შელაპარაკება ოპოზიციასა და სოფლის გამგებელს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ამომრჩევლებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ საარჩევნო უბანთან ჩხორიას გამგებელი სიებით იმყოფებოდა და მოქალაქეებს აღრიცხავდა. ადგილზე მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს გამგებელი დახვდათ, თუმცა მას სიები თან აღარ ჰქონდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“სამეგრელოში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო დილით სოფელ კოკში, სადაც მობილიზებული იყვნენ დიდი ოდენობით სამართალდამცველები. ხელჩართული ჩხუბის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაპირისპირების მიზეზი კი კოკის N97 საარჩევნო უბანში თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გახდა, რაც “გაერთიანებული ოპოზიციის” დამკვირვებლებმა გააპროტესტეს. ისინი ამის შემდეგ საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა და ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი. როგორც მათ შორის, ასევე აქტივისტებსა და კომისიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. დღის ბოლოს კი კოკში თბილისის ყოფილ მერ დავით ნარმანიასა და “ნაცმოძრაობიდან” ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს შორისაც მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. თავად ზუგდიდში ვითარება ასევე უკიდურესად იყო დაძაბული მე-9 საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიცია ამბობდა, რომ ხელისუფლება ფულს არიგებდა. ინტერნეტგამოცემის ჟურნალისტს თავს დაესხა “ქართული ოცნების” აქტივისტი. მანამდე ამ ჟურნალისტმა გადაიღო ავტომანქანა, სადაც “ქართული ოცნების” ორი კოორდინატორი იჯდა და კადრებში ასახა, თუ როგორ არიგებდნენ ისინი ფულს. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მასზე თავდასხმის მიზეზი”, - დასძენს გამოცემა.

“შეხლა-შემოხლა იყო ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზეც, სადაც, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” აქტივისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს და “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენლებს. ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი მიკროავტობუსში ჩასხდნენ და ტერიტორიიდან გაიქცნენ. “გაერთიანებული ოპოზიციის” წევრებმა პოლიცია ამ უბანზე მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ოპოზიციის წევრებმა ერთ-ერთ მანქანაში ამომრჩეველთა სამაგიდო სიები შენიშნეს და პოლიციას მისი ამოღება მოსთხოვეს. პოლიციის მისვლის შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა - “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ანი წითლიძეს „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა ხელი ჰკრა. ხმაური იყო სოფელ რიყეში - დაპირისპირება კომისიის წევრების მიერ N63 საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთის გატანის მცდელობას მოჰყვა. კომისიის წევრებმა მოითხოვეს, რომ მათი დამკვირვებელი დამჯდარიყო იმ მანქანაში, რომლითაც გადაჰქონდათ გადასატანი ყუთი, თუმცა “ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატი იძლეოდა მითითებას, რომ დამკვირვებლები საარჩევნო ყუთს გაჰყოლოდნენ სხვა მანქანით. სწორედ ამას მოჰყვა ხმაური საარჩევნო კომისიაში. დააკავეს ონლაინგამოცემა “პრესა.ჯი”-ს დამფუძნებელი გიორგი კაპანაძეც, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. კაპანაძე პოლიციამ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო იმ დროს აიყვანა, როცა ის “აი-ტი-ვი”-ს ჟურნალისტ სუზი მკრტჩიანთან ერთად პოლიციის ესკორტს იღებდა. იგი პოლიციის მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს და პირადად შს მინისტრ გიორგი გახარიას ადანაშაულებს", - წერს სტატიის ავტორი.

“საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძის განცხადებით, რაც ზუგდიდის ოლქს არჩევნების დღეს სხვა ოლქებისგან გამოარჩევდა, ეს არის ფიზიკური შეხლა-შემოხლის ფაქტები და დაძაბულობა მთელი დღის განმავლობაში. იგი საქართველოს ექსპრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილი დამკვირვებლების როლს აკნინებს. მისი ინფორმაციით, ზუგდიდში ამომრჩევლების ნების კონტროლი და კოორდინატორების მობილიზება ხდებოდა. “ამ ეტაპისთვის სულ 7 საჩივარი გვაქვს და არ გამოვრიცხავთ, რომ საჩივრების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. ზუგდიდში რაც ყველაზე თვალშისაცემი იყო, არის კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის აღრიცხვა. ეს არის არაპირდაპირი გავლენის მოხდენა ამომრჩევლის ნების თავისუფლებაზე. გასაგებია, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ეს, კანონით, არ არის დარღვევა და სულ ამაზე აპელირებს როგორც ცესკო, ასევე მმართველი პარტია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ არის ის პროცესი, რომელსაც დემოკრატიული პროცესი შეიძლება ვუწოდოთ დღეს და რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენასთანაა დაკავშირებული”, - აცხადებს სულხან სალაძე. იგი ამომრჩევლისათვის ფულის გადაცემის ფაქტებზე ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსაც ეხმაურება. მისი თქმით, აუცილებელია ასეთი ფაქტების შესწავლა და თუკი დადასტურდება მოსყიდვის შემთხვევა, უნდა მოხდეს რეაგირება. საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ, საბოლოო ჯამში, ზუგდიდში არჩევნებმა მაინც მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა დაძაბულობის მუხტი ყველაზე მაღალი იყო”, - დასძენს სტატიის ავტორი.

დავით ჭიჭინაძე - “კოლექტიური ზარდიაშვილები და კობახიძე კალაძის მონაპოვარია... კობახიძე ახალ პარლამენტში აღარ იქნება”

“მმართველმა ძალამ მოსახლეობას მხოლოდ ერთი ფიქრი გაუჩინა, თუ როგორ გაუშვას ხელისუფლებიდან, რადგან ხედავს, რომ “ქართული ოცნება” სახელმწიფოსთვის ძალიან სახიფათო გახდა... დღევანდელი მოცემულობით არჩევნებში “ოცნება” უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს და ეს ცხადყო საპრეზიდენტო არჩევნებმაც. ერთპიროვნული გამარჯვებული საპარლამენტო არჩევნებს აღარ ეყოლება, იმიტომ, რომ საზოგადოებაში აღარ არის ერთპიროვნული განწყობა და ვფიქრობ, უფრო დაბალანსებულ პარლამენტს მივიღებთ. ასე რომ, კოალიციური კონფიგურაციები უფრო იქნება, ვიდრე ერთმმართველური ხელმძღვანელობა”, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ჭიჭინაძე - “ირაკლი კობახიძე ახალ პარლამენტში აღარ იქნება” / “ნაცმოძრაობას“ არა აქვს ის რეიტინგი, რომ ერთპიროვნულად ჩამოაყალიბოს მთავრობა” / “მაია მიმინოშვილი რეკრუტირებას აკეთებს. მისი შერჩეული პირები ქვეყნისა და პოლიტიკისთვის სასიკეთო არ იქნება”.

“ოპოზიცია სუსტია მაშინ, როდესაც ერთი-ერთზე რჩება “ქართულ ოცნებასთან”. თუ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ოპოზიცია მეტ-ნაკლებად დაბალანსებულად, პარტიული სიით შევა მაჟორიტარულ ოლქებში, ასევე შევლენ დამოუკიდებელი კანდიდატები ან სხვა პარტიების კანდიდატები და მივიღებთ კოალიციური ძალით­ მხარდაჭერილ მთავრობას. ძალიან დიდია ალბათობა, “ოცნებამ” პირველი ადგილი აიღოს, მაგრამ ეს არაფრის გარანტია არ იქნება. საპარლამენტო არჩევნების დროს უფრო დიდი არჩევანია და ამომრჩეველს შეუძლია კონკრეტულ პირს სიმპათიიდან გამომდინარე მისცეს ხმა. ამიტომ ხმები დაბალანსებულად გადანაწილდება. ოპოზიციაში მეტ-ნაკლებად რეიტინგი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ არა აქვს ის რეიტინგი, რომ ერთპიროვნულად ჩამოაყალიბოს მთავრობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე და შეკითხვაზე - “ოცნების” საპარლამენტო სიასა და ახალ კადრებზე, როგორც ცნობილია, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობს... რატომ შეარჩია მიმინოშვილი "ოცნებამ", ამისთვის ხომ უცხოური კომპანია­ დაიქირავა?”, - პასუხობს:

“არ ვიცი. მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები არაერთხელ დაფიქსირდა, მაგრამ ხალხი საკადრის პასუხს იძლევა - მას აზრს ვერც პიარკამპანია, ვერც ლობისტები შეუცვლიან და ვერც კონკრეტული პირი. “ოცნებაში” ამაზე უკვე დაუფარავად ლაპარაკობენ და გასაგებია, როგორი სიაც იქნება. მიმინოშვილი რეკრუტირებას აკეთებს. მისი შერჩეული პირები ქვეყნისა და პოლიტიკისთვის სასიკეთო არ იქნება”.

“ვფიქრობ, ღარიბაშვილის დაბრუნებაც კადრების შერჩევისთვის გადაწყვიტეს, იმასაც დააკისრეს რაღაც ფუნქცია... კოლექტიური ზარდიაშვილები და კობახიძე კალაძის მონაპოვარია. თავის დროზე მას ივანიშვილი ძალიან ენდობოდა და მანაც მოახერხა ამ ხალხის სიაში შეყვანა, აქედან გამომდინარე მივიღეთ ის, რომ “ოცნება” ხალხს შესძულდა. კობახიძეს თავისი რესურსი ამოწურული აქვს. ის ახალ პარლამენტში აღარ იქნება, ახირებული ადამიანია, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს თავისი თანამდებობის გამოყენებას. ბიძინა ივანიშვილი კი იცავს საკუთარ არასწორ გადაწყვეტილებას, როგორც ხშირად სჩვევიათ ადამიანებს, როდესაც არ უნდათ შეცდომების აღიარება. მან იცის, რომ კობახიძის დანიშვნით შეცდომა დაუშვა. მან პარტია, პრაქტიკულად, დაუშალა - ყველა ღირსეული ადამიანი, რომელსაც ქვეყანა ადარდებს, მმართველ ძალას გაეცლება”, - დასძენს ჭიჭინაძე.