ვახტანგ ძაბირაძე - თუ „ნაციონალებმა" ასეთი გაუგებარი ნაბიჯების გადადგმა გააგრძელეს, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მოპოვებას სხვა პოლიტიკური ძალები შეეცდებიან

19 მაისის არჩევნების შედეგებსა და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, 19 მაისის შუალედური არჩევნების პირველი ეტაპი დასრულდა. ვინც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ადევნებდა თვალს ალბათ დამეთანხმება, რომ არასასიამოვნო იყო იმის ცქერა, რაც ვიხილეთ. ეს ეხებოდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური ძალების მოქმედებას.

19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები?

- იყო მოლოდინი, რომ რამდენიმე ოლქში, უფრო სწორად ზუგდიდში და მთაწმინდაზე დადგებოდა მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა. მე არც იმას გამოვრიცხავდი, რომ მეორე ტურის აუცილებლობა დამდგარიყო მარნეულსა და ჭიათურაში.

ადგილობრივ და შუალედურ არჩევნებში აქტივობა დაბალია, როგორც წესი უპირატესობა ხელისუფლების მხარესაა. ეს 19 მაისის არჩევნებში გამოვლინდა კიდეც. გარდა მთაწმინდის ოლქისა ხელისუფლებამ ყველგან გაიმარჯვა

ჩემი მოლოდინი მხოლოდ მთაწმინდაზე გამართლდა. ადგილობრივ არჩევნებში ვითარება გარკვეულ წილად მართლაც სპეციფიკური რომ იყო ვიცოდით, ამიტომ ეს სპეციფიკა რომ 19 მაისის არჩევნებზეც გავრცელდა, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. უპირველესად მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ ტიპის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა არის საკმაოდ დაბალი.

ვითარებაში, როცა ადგილობრივ და შუალედურ არჩევნებში აქტივობა დაბალია, როგორც წესი, უპირატესობა ხელისუფლების მხარესაა. ეს 19 მაისის არჩევნებში გამოვლინდა კიდეც. გარდა მთაწმინდის ოლქისა ხელისუფლებამ ყველგან გაიმარჯვა.

ზუგდიდში ფაქტობრივად „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის შუალედური ბრძოლა გაიმართა და არა არჩევნები ზუგდიდის მერობისთვის

არჩევნების მსვლელობისას იყო უსიამოვნო ფაქტები. უფრო უარესის მოლოდინიც იყო, მხედველობაში მაქვს პროვოკაციების ების მოლოდინი, მაგრამ ხალხისა თუ ღვთის წყალობით არჩევნებმა მაინც მშვიდად ჩაიარა. თუ ზუგდიდს არ მივიღებთ მხედველობაში, არჩევნებმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში ფაქტიობრივად „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის შუალედური ბრძოლა გაიმართა და არა არჩევნები ზუგდიდის მერობისთვის.

მიუხედავად დიდი ხმაურისა ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონში საერთაშორისო დამკვირვებლებმა ასევე ადგილობრივმა დამკვირვებლების, საიასა და „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით არჩევნებმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. იყო დარღვევები, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც შეეძლო არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენა.

მეტიც, გუშინ ვაშაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალებმა“ შეძლეს იმ ხმების დაცვა, რომელიც მათ რეალურად ჰქონდათ, მაგრამ მანვე იქვე დასძინა, რომ არჩევნების გაყალბება არჩევნებამდე მოხდა. როგორც ჩანს, მათაც იციან, რომ რიგ უბნებზე ბიულეტენების ხელახლა გადათვლა ახალ შედეგს არ დადებს.

ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონში საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლების, საიასა და „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით არჩევნებმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. იყო დარღვევები, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც შეეძლო არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენა

ჩემი აზრით, ოპოზიცია უნდა დაჯდეს და გაანალიზოს 19 მაისსა და მანამდე რა მოხდა და რატომ მოხდა. რატომ ვერ შეძლეს მათ ერთი ოლქის გარდა მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხანდახან სააკაშვილის გამოსვლა უფრო ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს, ვიდრე ოპოზიციის. მხედველობაში მაქვს 19 მაისის შუადღეს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ნაციონალები“ ქუჩაში გამოვიდოდნენ.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხანდახან სააკაშვილის გამოსვლა უფრო ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს, ვიდრე ოპოზიციის. მხედველობაში მაქვს 19 მაისის შუადღეს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ნაციონალები“ ქუჩაში გამოვიდოდნენ

შესაძლოა, „ნაცმოძრაობის აქტივი მზადაა საპროტესტო აქციები დაიწყონ, მაგრამ ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას მხოლოდ ‘ნაციონალების“ აქტივის მზადყოფნა არ შველის. ამგვარი მუხტი მოსახლეობაში უნდა არსებობდეს. ეს მუხტი არ არსებობს, ამიტომ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს სააკაშვილმა ამაზე, ფაქტია, რომ იგი ამით თავის მხარდამჭერებს აფრთხობს.

სამეგრელომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ათასი უბედურება გადაიტანა, იქ არავის უნდა ახალი ესკალაციისა და დაპირისპირების კერის გაჩენა. მით უმეტეს, რომ ვიღაც-ვიღაცეები ხშირად აკეთებდნენ განცხადებებს, რომ აპირებდნენ თბილისისკენ ერთობლივი მარშით წასვლას.

- იმის გამო, რომ უკანასკნელი არჩევნების შედეგები მრავალასპექტიანია, 19 მაისის არჩევნების შედეგების თემას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით. არჩევნების მსვლელობისას საკმაოდ ბევრი დარღვევა გამოაშკარავდა. ვგულისხმობ ისეთ ფაქტებს, როგორიცაა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების გარკვეული ნაწილისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ფულის დარიგება და არჩევნებში ე.წ. ძველი ბიჭების მონაწილეობა, რაზეც ოპოზიცია ხმაურობს.

თქვენი აზრით, არა საარჩევნო დარღვევებზე, არამედ ისეთ ქმედებებზე, რომელიც კანონით დასჯადია, ექნება თუ არა რეაქცია შსსა და პროკურატურას? თუ ხელისუფლება გაუთავებლად ისაუბრებს იმაზე, რომ „მიმდინარეობს ძიება“?

- ალბათ, უფრო მოსალოდნელია, რომ იტყვიან - მიმდინარეობს ძიება. ამგვარი ფაქტებზე საუბრისას ოპოზიციამ უნდა შეძლოს დამაჯერებელი ფაქტების დადება.

ვფიქრობ, ხელისუფლება არ მიიყვანს ბოლომდე იმ საქმეების გამოძიებას, რომლებიც მისი სცენარით ვითარდებოდა. რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავის საზიანოდ არ იმოქმედებს. ხალხში ხელისუფლებისადმი მოუღებლობა რომ არსებობდეს, მას კოორდინატორები კი არა, ტანკები ვერ უშველიდა.

იმ დარღვევებზე, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, მხედველობაში მაქვს კოორდინატორების მიერ პირადობის ჩამორთმევა, ის ადამიანები, ვისაც ჩამოართვეს, უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ მათ ხმის მიცემის საშუალება არ მიეცათ. თუ ვინმემ ფული აიღო, ამასაც დასაბუთება უნდა. ოპოზიცია პირადობის მოწმობების ჩამორთმევასა და მოსყიდვებზე საპრეზიდენტო არჩევნებზეც საუბრობდა.

ხელისუფლება არ მიიყვანს ბოლომდე იმ საქმეების გამოძიებას, რომლებიც მისი სცენარით ვითარდებოდა. რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავის საზიანოდ არ იმოქმედებს. ხალხში ხელისუფლებისადმი მოუღებლობა რომ არსებობდეს, მას კოორდინატორები კი არა, ტანკები ვერ უშველიდა

მეც შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ოცნება“ ამას არ იკადრებდა, მაგრამ თუ ოპოზიციამ იცოდა, რომ ამგვარ ფაქტებს ექნებოდა ადგილი, მნიშვნელოვანია მან რა გააკეთა ასეთი ინფორმაციების ან მოსაპოვებლად, ან პრევენციული ზომების მისაღებად.

- ხელისუფლება 19 მაისის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს, მაგრამ თუ არჩევნების შედეგებს კარგად დავაკვირდებით, „ოცნებას“ არც ისე დამაჯერებლად აქვს მოგებული არჩევნები.

ასეა, რადგან ფაქტია, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდა არა მხოლოდ მრავალრიცხოვანი ადმინისტრაციული რესურსი, არამედ ძალოვანი სტრუქტურები. ასეთ პირობებში მისი გამარჯვება არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურება.

ვითარებაში, როცა „ოცნების“ რეიტინგი არც ისე მაღალია, შეიძლება ითქვას, რომ იგივე ზუგდიდში ხელისუფლების სასარგებლოდ „ნაციონალების“ დაბრუნების შიშმა იმუშავა?

- ოპოზიციამ თავისი მოქმედებით ბევრად შეუწყო ხელი ხელისუფლებას. 2016 წლის არჩევნებში სანდრა რულოვსი მეორე ტურში გავიდა, მაგრამ მასში მონაწილეობა არ მიიღო. მას რომ მაშინ მეორე ტურში ამომრჩეველი არ მიეტოვებინა, 19 მაისს ახლა შესაძლოა სხვაგვარი შედეგი დამდგარიყო. ამომრჩეველთან უაზრო თამაში არ შეიძლება.

19 მაისს იმუშავა თუნდაც ზუგდიდში „ნაციონალების“ დაბრუნების შიშმა. ამას ხელი თავად სააკაშვილმა შეუწყო, როცა არჩევნების მიმდინარეობისას განაცხადა, რომ ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. მაგრამ ამ განცხადებით, „ოცნების“ გარდა, თავისი ამომრჩეველიც დააფრთხო

რა თქმა უნდა, 19 მაისს იმუშავა თუნდაც ზუგდიდში „ნაციონალების“ დაბრუნების შიშმა. ამას ხელი თავად სააკაშვილმა შეუწყო, როცა არჩევნების მიმდინარეობისას განაცხადა, რომ ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. მაგრამ ამ განცხადებით, „ოცნების“ გარდა, თავისი ამომრჩეველიც დააფრთხო.

რაც შეეხება საერთო სურათს. ყველა ოლქში ამომრჩევლის აქტივობა დაბალი იყო. ხელისუფლებამ თავისი ამომრჩევლების 90% ყველა თავისი რესურსის გამოყენებით მაინც მიიყვანა უბნებზე, ოპოზიციამ კი თავისი მომხრეების სრულად მიყვანა ვერ შეძლო.

ხელისუფლება გამარჯვებას კი ზეიმობს, მაგრამ მასაც საფიქრალი აქვს ის, რომ თუ 2020 წლის არჩევნებზე არააქტიური 15-20% მივიდა, მაშინ ვითარება მის სასარგებლოდ ვერ იქნება

ახლა აქტივობა დაბალი იყო, 15-20% არ მივიდა არჩევნებზე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაზეც ოპოზიციამ უნდა იფიქროს. ეს ამომრჩევლების ის ნაწილია, რომლის გააქტიურებაზეც ოპოზიციამ უნდა იფიქროს და მათზე ხელისუფლებას ხელი ნაკლებად მიუწვდება.

ხელისუფლება გამარჯვებას კი ზეიმობს, მაგრამ მასაც საფიქრალია აქვს ის, რომ თუ 2020 წლის არჩევნებზე არააქტიური 15-20% მივიდა, მაშინ ვითარება მის სასარგებლოდ ვერ იქნება.

- „ნაციონალები“ აცხადებდნენ - ივანიშვილის ჩამოგდება ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს. ფაქტია, რომ მათი ეს გეგმები ზუგდიდში ჩავარდა. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ გაგრძელდება პროცესები?

- 19 მაისის შემდეგ „ნაციონალებში“ გამოიკვეთა ორი მიმართულება, ერთი გახლავთ რულოვსის განცხადება - რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, მთელ საქართველოს შემოვივლი და თბილისისკენ დავიძვრებითო. ეს განცხადება 2003 წლის მოვლენების განმეორებას გულისხმობს, რაც არარეალისტურად გამოიყურება.

„ნაციონალებს“ დღეს არ აქვს რესურსი ქვეყანაში საპროტესტო ტალღა იმდენად ააგოროს, რომ პოლიტიკიდან ივანიშვილის დროზე ადრე წასვლა დღის წესრიგში დადგეს

მეორე კი გახლავთ ის, რომ „ნაციონალებში“ არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ამ სცენარით პროცესების განვითარება შეუძლებელია.

მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარების განწყობა ხალხში უნდა არსებობდეს და არა მხოლოდ „ნაციონალების“ პარტიულ ელიტაში

„ნაციონალებს“ დღეს არ აქვს რესურსი ქვეყანაში საპროტესტო ტალღა იმდენად ააგოროს, რომ პოლიტიკიდან ივანიშვილის დროზე ადრე წასვლა დღის წესრიგში დადგეს. მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარების განწყობა ხალხში უნდა არსებობდეს და არა მხოლოდ „ნაციონალების“ პარტიულ ელიტაში.

- თქვენ 19 მაისს სააკაშვილის განცხადებამ გაგაკვირვათ. სხვათა შორის, ახლა ბევრი ამგვარადაც სვამს კითხვას - საერთოდ უნდოდათ თუ არა „ნაციონალებს“ ამ არჩევნებში გამარჯვება. მათ საკმაოდ ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგეს, რაც ხელისუფლების სასარგებლოდ გადადგმულს ჰგავდა.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მიზანსწრაფული და საკმაოდ ორგანიზებული „ნაციონალების“ მიერ ოპონენტების სასარგებლოდ გადადგმული გაუგებარი ნაბიჯები?

- დიახ, სააკაშვილის განცხადება მართლაც უცნაური გახლდათ, რადგან იგი აშკარად ამოვარდნილი იყო ლოგიკიდან.

სააკაშვილს ან ძალიან ეჩქარება, ან ხელისუფლებასთანაა გარიგებული. არ ვიცი ამ ორიდან რომელი უფროა, მაგრამ იმედი მაქვს, ამაზე პასუხს დრო გასცემს

თუ სააკაშვილმა არ იცის რა განწყობაა დღეს მოსახლეობაში მაშინ მისმა თანაგუნდელებმა უნდა ჩაყენონ საქმის კურსში. თუ იცის და მაინც აკეთებს ხალხისთვის შემაშფოთებელ განცხადებებს მაშინ გამოდის, რომ რაღაც სხვა თამაშს თამაშობს.

სააკაშვილს ან ძალიან ეჩქარება, ან ხელისუფლებასთანაა გარიგებული. არ ვიცი ამ ორიდან რომელი უფროა, მაგრამ იმედი მაქვს, ამაზე პასუხს დრო გასცემს.

- 19 მაისის არჩევნებმა რა დაგვანახა - არჩევნების ასეთი შედეგებით რა შანსები შეიძლება ჰქონდეს „ნაცმოძრაობას?

- თუ „ნაცმოძრაობა“ მოქმედებას ასე გააგრძელებს, იგი ხელისუფლების მთავარი ოპონენტის სტატუსს დაკარგავს. რა თქმა უნდა, 2020 წლის არჩევნებში მისი წარმომადგენლები პარლამენტში მოხვდებიან, მაგრამ შთამბეჭდავად არ იქნებიან წარმოდგენილი როგორც ახლა.

თუ „ნაცმოძრაობა“ მოქმედებას ასე გააგრძელებს, იგი ხელისუფლების მთავარი ოპონენტის სტატუსს დაკარგავს

თუ „ნაციონალებმა“ ასე გაუგებარი ნაბიჯების გადადგმა გააგრძელეს, ისინი ამომრჩევლების მხარდაჭერას ნელ-ნელა დაკარგავენ. თუ ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მოპოვებას სხვა პოლიტიკური ძალები შეეცდებიან.

19 მაისმა დაგვანახა, უკვე მეორედ, რომ სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს პოლიტიკური ბრძოლის ცივილიზებულად წარმოებაზე განსხვავებული ხედვები აქვთ.

2020 წლამდე საკმაოდ დროა და კაცმა არ იცის მანამდე „ნაციონალებსა“ და „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ კიდევ რა პროცესები განვითარდება.

სავარაუდოდ ვითარება მაშინ გამწვავდება, როცა „ნაციონალების" საპარლამენტო სიის დაწერამდე მივა საქმე.

არ გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალები“ პარლამენტში მოხვდნენ, მაგრამ არა „გაერთიანებული ოპოზიციის“ ეგიდითა და შემადგენლობაში.

- მიუხედავად იმისა, რომ მთაწმინდაზეც ამომრჩევლის აქტივობა დაბალი იყო, მისი შედეგი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. მხედველობაში მაქვს ის, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელ ლადო კახაძეს ოპოზიციის წარმომადგენელ შალვა შავგულიძეზე არც ისე ბევრად მეტი ხმები აქვს მიღებული.

არჩევნები მთაწმინდაზე იმითაც იყო საინტერესო, რომ ამომრჩეველი გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას მოსამართლეებისა და სასამართლოს თემაზე ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ დედაქალაქის პრესტიჟული უბნის მცხოვრებლებს ეს თემები არც აინტერესებს. ასეა?

- მთაწმინდა თბილისის ცენტრია, არჩევნებმა აჩვენა, რომ თბილისის ცენტრში ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა მაღალი სულაც არაა, მის მიმართ განწყობა უფრო ნეგატიურია.

მთაწმინდაზე „ოცნების“ კანდიდატმა მეტი ხმები მიიღო, მაგრამ ოპოზიციის მიერ ჯამურად მიღებული ხმები სახელისუფლებო ხმებზე გაცილებით მეტია. ამიტომ შავგულიძეს აქვს შანსი, რომ მან მეორე ტური მოიგოს

სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება აქ არაფერ შუაშია, ვინაიდან შუალედურ არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა ტრადიციულად დაბალია.

თბილისის ცენტრალური უბანი ინფორმირებულია რა ხდება ქვეყანაში. ამ უბნის მოსახლეობამ კარგად იცის, ახლა პარლამენტში ისეთი ვითარებაა, რომ სასამართლოს საკითხებთან მიმართებაში მანდ ერთ შავგულიძე კი არა 9 რომ შევიდეს, ის ვერ შეცვლის მმართველი გუნდის მიდგომებს.

როგორც ვთქვი, შუალედური არჩევნების მიმართ ინტერესი დაბალია, ამიტომ მთაწმინადზეც განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

დიახ, მთაწმინდაზე „ოცნების“ კანდიდატმა მეტი ხმები მიიღო, მაგრამ ოპოზიციის მიერ ჯამურად მიღებული ხმები სახელისუფლებო ხმებზე გაცილებით მეტია. ამიტომ შავგულიძეს აქვს შანსი რომ მან მეორე ტური მოიგოს.

თუ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალები“ და დანარჩენი ოპოზიცია 2020 წელს სერიოზულად აპირებენ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას, მათ მაჟორიტარურ ოლქებში მოუწევთ კანდიდატურების ერთმანეთთან შეთანხმება. თუ მათ ამ საკითხებზე პრინციპული შეთანხმებების მიღწევა შეძლეს, ვფიქრობ 2020 წლისთვის ეს ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იქნება

მთაწმინდაზე სხვა საინტერესო რამ მოხდა - მიუხედავად იმისა, რომ შავგულიძე ცალკე პოლიტიკურ ფიგურად წარმოჩინდა, ის არ იქნა აღქმული როგორც მხოლოდ „ნაციონალების“ განაყოფების „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი. ამ თვალსაზრისით მთაწმინდაზე მეორე ტური მართლაც საინტერესო იქნება.

თუ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალები“ და დანარჩენი ოპოზიცია 2020 წელს სერიოზულად აპირებენ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას, მათ მაჟორიტარულ ოლქებში მოუწევთ კანდიდატურების ერთმანეთთან შეთანხმება. თუ მათ ამ საკითხებზე პრინციპული შეთანხმებების მიღწევა შეძლეს, ვფიქრობ 2020 წლისთვის ეს ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ვიმეორებ, არ ვთვლი, რომ მთაწმინდაზე რამე განსაკუთრებული მოხდა. ფაქტია, რომ მეორე ტურში ხელისუფლება შეეცდება მთელი თავისი რესურსის მაქსიმალურად ამოქმედებას. ამითაც ძალიან საინტერესო იქნება მთაწმინდაზე მეორე ტური.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”