ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - სხვა სტუდენტები მაფრთხილებდნენ, რომ ეს კაცი გოგონებს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს ხშირად უგზავნიდა

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს -  სხვა სტუდენტები მაფრთხილებდნენ, რომ ეს კაცი გოგონებს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს ხშირად უგზავნიდა

მე არ მჭირდება დიპლომი, პატიოსნებაზე გაცვლილი,- ამის შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა გოგონამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

იგი ბსუ-ს ერთ-ერთ ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ლექტორი მის თანაკურსელების, ასევე მეოთხე კურსის სტუდენტ გოგოების სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა. სტუდენტის თქმით, ლექტორი ერთი კვირის განმავლობაში საცურაო კოსტიუმით სურათების გაგზავნას სთხოვდა.

"ერთი კვირის განმავლობაში მწერდა და სელფების გაგზავნას საცურაო კოსტიუმით მთხოვდა. ამბობდა, რომ კომპლექსი არ უნდა მქონოდა. მეკითხებოდა მამა ან ძმა თუ მყავდა, ანუ აინტერესებდა პატრონი თუ მყავდა და მის საქციელზე პასუხს თუ ვინმე მოსთხოვდა. თანაკურსელები და უფროსი სტუდენტები გვაფრთხილებდნენ, რომ ეს კაცი გოგონებს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს ხშირად უგზავნიდა და თავი უნდა აგვერიდებინა... მე არ მჭირდება დიპლომი პატიოსნებაზე გაცვლილი. ახლახანს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს უკრაინაშია მივლინებით, რაც სიცრუეა. დღეს ჩემმა კურსელმა ქუჩაში შენიშნა... ლექტორმა გაიგო, რომ სექსუალური შევიწროების შინაარსის მქონე ტექსტების გამო შსს-ს მივმართე, როგორც გავიგე ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ თითქოს ფეისბუქი გაუტეხეს... მესენჯერში მოდიოდა მისი ფოტოები, სელფები და ასევე წელს ქვემოთ გადაღებული ფოტოები. იმავე ფეისბუქ გვერდზე მისი პოლიტიკური აქტივობები შეარდებოდა და როგორ შეიძლება დავიჯეროთ ის ტყუილი, თითქოს ფეისბუქი გაუტეხეს. ფაქტის შესახებ ვაცნობე არასამთავრობებს, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. შსს-მ ფაქტი რომც არ გამოიძიოს, მე და ჩემმა კურსელებმა ყველას გავაგებინეთ, რომ ამ ადამიანს უნდა ერიდონ. ჩვენ არ დავესწრებით მის ლექციებს. ამით მინდა იმ სტუდენტებს დავეხმარო, რომლებსაც მსგავს თემებზე ხმამაღლა საუბარი უჭირთ",- აცხადებს ბსუ-ს სტუდენტი.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულოსხმობს.