ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2019

ხალხს არ სურს არანაირი რევოლუცია და გადატრიალება, მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობისა - კაკაჩია

აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო პროტესტი გამოაცხადა, რუსი ტურისტები გარბიან

***

ხალხს არ სურს არანაირი რევოლუცია და გადატრიალება, მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობისა - კაკაჩია

“ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან“ შუალედური არჩევნების შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ რეალურად არჩევნების დღეს გაყალბება არ ყოფილა, თუმცა ხელისუფლებამ ამაზე ერთი კვირით ადრე იზრუნა. კაკაჩია აცხადებს, რომ „ოცნებამ“ გაყალბების მეთოდები შეცვალა და ამას არჩევნებამდე მოსახლეობის მოსყიდვით, დაშინებით და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ახრეხებს. თუმცა კაკაჩია ამბობს, რომ ეს მეთოდი ახალი არაა და „ოცნებას“ ექსკლუზიურად არ ეკუთვნის. ამ ხელისუფლებამ ეს მეთოდი პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადმოიღო, თუმცა ამ მეთოდმა 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებას ვეღარ უშველა. შესაბამისად, თუ წელიწადნახევარში ოპოზიციურ ველზე სიტუცია შეიცვალა, ივანიშვილსაც ეს მეთოდი ვეღარ დაეხმარება. კაკაჩია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებსაც აფასებს და აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული პარტია რამდენიმე წევრმა დატოვოს. მისი აზრით, თუ ეს პარტია დასუსტდა, მაშინ ოპოზიციურ ფლანგზე პირველობას „ევროპული საქართველო“ მოიპოვებს. კაკაჩია სააკაშვილს ურჩევს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პარტიისგან დისტანცირება მოხადინოს და მინიმუმ მის პოლიტიკაში არ ჩაერიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილის ფაქტორს ყველა არჩევნების დროს ივანიშვილი ისევ წარმატებით გამოიყენებს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხალხს არ სურს არანაირი რევოლუცია და გადატრიალება, მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობისა - კაკაჩია

"კორესპონდენტის კითხვაზე, მიუხედავად ოპიზციის განცხადებისა, რომ შუალედური არჩევნები გაყალბდა, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, დარღვევებზე მხოლოდ 30 საჩივარია შესული და ამ არჩევნებმა განსაკუთრებული გაყალბების გარეშე ჩაიარა. თქვენი აზრით, რა მოხდა რეალურად? კორნელი კაკაჩიას თქმით, მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ არჩევნების ჩატარების ტაქტიკა შეცვალა. ერთი კვირით ადრე ყველა საორგანიზაციო საკითხები მოაგვარა. დაგეგმა კარგად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხი და ასევე საკმაოდ დიდი ფული დახარჯა იმისთვის, რომ ამომრჩევლსი მოსყიდვა მომხადრიყო. თუმცა, ეს ტაქტიკა „ოცნების“ ექსკლუზივი არ არის და ამ ხერხს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყენებდა. ახლა ამ ხელისუფლებამ გადმოიღო და გაამართლა კიდევაც. არ ვიცი ამას რა შეიძლება დაუპირისპირდეს, მაგრამ ოპოზიცია თუ ერთიანი იქნება და გარკვეულ შცდომებს გაანალიზებს, შესაძლოა რაღაც გამოსავალი მოიძებნოს. ასევე ბევრი რამ ამ წელიწად ნახევარზეც იქნება დამოკიდებული, როგორი მოქმედების ტაქტიკა ექნება როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას“, - აღნიშნავს გამოცემა.

"სააკაშვილის ფაქტორი მანამდე იმუშავებს, სანამ ის ივანიშვილს ამის საშუალებას მისცემს. სააკაშვილი რეალობას მოკლებულია და დისტანციიდან საზოგადოების განწყობებს ობიექტურად ვერ აფასებს. ამას, როგორც ვნახეთ, "ნაციონალურ“ მოძრაობაშიც მიხვდნენ. სააკაშვილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ქვეყანაში არსებობს და ეს არასდროს განელდება. არ ვიცი ნებსით თუ უნებლიედ, სააკაშვილი ივანიშვილს იმაში ეხმარება ყველა არჩევნების დროს, რითაც ის საქართველოს მოსახლეობას უკვე დიდი ხანია აშინებს. ხალხს არ სურს არანაირი რევოლუცია და გადატრიალება, მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობისა“, - განაგრძობს გამოცემა.

"ნიკა მელიას შეფასება და განცხადება სწორი და ადეკვატურია. რა თქმა უნდა, მოსახლეობას ფუჭი მოლდინები არ უნდა მივცეთ. მითუმეტეს, როგორც აღვნიშნე, ეს განწყობა საზოგადოებაში არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პარტიის მარგინალიზება მოხდეს. შესაძლოა რამდენიმე წევრმა პარტია დატოვოს. ეს გასაკვირი არ იქნება, რადგანაც უკვე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს ბზარები გაჩნდა. სააკაშვილის ფაქტორი ამ პარტიისთვის არის როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ასევე შემაჩერებელი ბერკეტი. სააკაშვილს ჰყავს, მიუხედევად მისდამი ნეგატიური დამოკიდებულებისა, თავისი ამომრჩეველი, მაგრამ მისი განცხადებები არის არ არის რეალობასთან ახლოს. ამიტომაც, თუ პარტიისგან ცოტა ხნით მაინც არ დისტანცირდება, ანუ ჩარევისგან თავს არ შეიკავებს, ამ პარტიის დასუსტება გარდაუვალია. ეს კი ხელისუფლებას ძალიანაც აწყობს. თუმცა მისი დასუსტების შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ შეეცდება, რომ წაინა პლანზე გადმოვიდეს. ივანიშვილის რეიტინგი როგორც თავად მან, ასევე მის მიერ დანიშნულმა მთავრობამ და მინისტრებმა გაფლანგეს. ივანიშვილის დაპირებები, რომლის ირგვლივაც მოსახლეობას დიდი მოლოდინი ჰქონდა, არ შესრულდა. ამიტომაც ყველაფერს ხალხი, რაც კი ქვეყანაში ცუდი ხდება, მას აბრალებს. თავად ივანიშვილიც არ ცდილობს, რომ რაიმე თავიდან აიცილოს, ისევ გამოდის და მოსახლეობას ხმის მიცემის სანაცვლოდ დაპირებებს აძლევს. ხალხს კი ამის აღარ სჯერა და მისი ავტორიტეტი ყოველთვე იკლებს“, - დასძენს გამოცემა.

"ივანიშვილს ისევ ფულის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების იმედი აქვს. თუმცა, ბევრი რამე ოპოზიციაში განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების ქმედბებეზეც იქნება დამოკიდებული - ვინ რის შეცვლას შეძლებს წელიწად ნახევრის განმავლობაში. თუკი ოპოზიცია შეძლებს რაღაცაზე შეთანხმებას და გაერთიანდება, ან კიდევ გამოჩნდება ახალი ძალა, რომელზეც საზოგადოება ჩათვლის, რომ უნდა ანდოს ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ივანიშვილს ფული ვეღარ უშველის. ჩვენ კარგად დავინახეთ შალვა შავგულიძის შემთხვევაში რაც მოხდა. საზოგადოებამ მიიღო ადამიანი, რომელიც არ არის არცერთ იმ პარტიასთან დაკავშირებული, რომელიც ახალ და ძველ ხელისუფლებას წარმოადგენენ. ამიტომაც ოპოზიციამ უნდა ეცადოს, რომ თუ უნდა ივანიშვილს მოუგოს და ფული აღარ იყოს ხალხისთვის გადამწყვეტი, ასეთი პოლიტიკოსები წინ უნდა წამოწიონ - ადამიანი, რომელიც არის კვალიფიციური, აქვს საზოგადოებაში ავტორიტეტი და არ არის რაიმე ცუდთან დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას შანსი აქვს“, - წერს სტატიის ავტორი.

აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო პროტესტი გამოაცხადა, რუსი ტურისტები გარბიან

"ოკუპირებულ აფხაზეთში ორი დღეა ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო და საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. რუსული მედიის ცნობით, რუსი ტურისტები მოსალოდნელი არეულობის შიშით აფხაზეთს სწრაფი ტემპით ტოვებენ. დე ფაქტო ხელისუფლება კი ოპოზიციას აფრთხილებს, რომ თუკი ავტომაგისტრალებს ისევ გადაკეტავენ და სოხუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეაფერხებენ, მკაცრად დაისჯებიან. საყოველთაო დაუმორჩილებლობა და უვადო აქცია მას შედეგ გამოცხადდა, რაც დე ფაქტო პარლამენტმა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 21 ივლისიდან 23 ნოემბრამდე გადადებულიყო, უარი თქვა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო პროტესტი გამოაცხადა, რუსი ტურისტები გარბიან

"ამჯერად მომიტინგეები არჩევნების გადადებასთან ერთად დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც მოითხოვენ და აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, აქციებს და დაუმორჩილებლობას არ შეწყვეტენ. ე.წ. პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეები ორშაბათს დილიდან შეიკრიბნენ და დე ფაქტო დეპუტატებს მოსთხოვეს ე.წ. არჩევნები შემოდგომაზე გადაეტანათ. ოპოზიციის არგუმენტია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის „საპრეზიდენტო“ კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამლეს, რადგან მას გამარჯვების რეალური შანსი აქვს და სწორედ ამიტომაც „არჩევნები“ მის გამოჯანმრთელებამდე უნდა გადაიდოს.ორშაბათს დიდი მსჯელობის შემდეგ „პარლამენტმა“ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ ოპოზიციის მოთხოვნას არ გაიზიარებდნენ და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მაინც 21 ივლისს გაიმართებოდა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ამის შემდეგ ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ უვადო, საყოველთაო დაუმორჩილებლობას იწყებენ. „ვაცხადებთ უვადო საყოველთაო დაუმორჩილებლობას. აქ ვიდგებით, სანამ აფხაზეთის პრეზიდენტი საკუთარ ხალხთან არ გამოვა,“ - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ პრეზიდიუმის წევრმა ვიქტორ ტვანბამ. აქციის მონაწილეებმა ორშაბათს ღამით გადაკეტეს ორი მთავარი ავტომაგისტრალი, ერთი - რუსეთისკენ მიმავალი, მეორე - ენგურის ხიდისკენ. დილით გზები გახსნეს და გამოაცხადეს, რომ ეს გამაფრთხილებელი აქცია იყო და მალე ასეთი მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის სხვა აქციებიც იქნება მთელ აფხაზეთის მასშტაბით. ასევე სამშაბათს სოხუმში რამდენიმე საათით გაჩერდა მოძრაობაც გზების გადაკეტვის გამო. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადების გამო, განცხადება გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო გენპროკურატურამაც. ის მოქალაქეებს „კონსტიტუციის“ დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ აქციების უკანონოდ ჩატარება და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები კანონით ისჯება. ასევე დე ფაქტო შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ავტომაგისტრალების გადაკეტვა კანონის დარღვევა და ოპოზიცია გააფრთხილა, თუ აქციებისას კანონს ისევ დაარღვევენ, ეს მკაცრად აღიკვეთება“, - განაგრძობს გამოცემა.

"ე.წ. შს სამინისტროს განცხადებითვე, საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის ქმედებები პოლიტიკური შანტაჟის ზღვარზეა და მიზნად ისახავს მცდარი, ან არასრული ინფორმაციით მოქალაქეთა განწყობებით მანიპულირებას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს რესპუბლიკაში ნეგატიური სიტუაციის პროვოცირება. საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გამოეხმაურა რუსული მედიაც, რომელიც წერს, რომ ოპოზიციური პროტესტის გამო ტურისტები აფხაზეთს ტოვებენ, ხოლო მათ, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები და სასტუმროები, ჯავშანს აუქმებენ. განცხადება გააკეთა აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის კავშირის პრეზიდენტმაც. მისი თქმით, ოპოზიციის პროტესტის შედეგად, ტურიზმი მილიონნახევარი რუბლით დაზარალდა, რადგან ოპოზიციის მიერ გზის გადაკეტვის გამო 20 ავტობუსი უკან რუსეთში გაბრუნდა. „ტურისტები, რომლებიც აფხაზეთში ჩამოდიან, ტოვებენ ფულს, როდესაც ჩვენ ბაზრებში პროდუქტებს და საქონელს ყიდულობენ,“ - განაცხადა ავთანდილ ღვარცკიამ. ეს ყველაფერი გაერთიანებული აფხაზური ოპოზიციის ლიდერის, დე ფაქტო დეპუტატი ასლან ბჟანიას ავადმყოფობას მოჰყვა. ბჟანია 18 აპრილს მძიმე ტოქსიკური დიაგნოზით მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს. ბჟანიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად 2 მაისს, აფხაზეთის ოპოზიციური ბლოკმა ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატად ის დაასახელა. 16 მაისს ოპოზიციური ბლოკის ლიდერებმა გაავრცელეს განცხადება, რომ მათი ლიდერი მოწამლულია და ამას ადასტურებს გერმანიაში ჩატარებული ანალიზის შედეგად სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობის აღმოჩენა. ასლან ბჟანიას მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებას ადანაშაულებენ და დეტალურ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ხაჯიმბა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა. ხაჯიმბამ უვადო პროტესტის გამოცხადების გამო ოპოზიცია „ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში“ დაადანაშაულა“, - წერს სტატიის ავტორი.