რუსთავის მე-15-ე საჯარო სკოლაში აღებულ სურსათის ნიმუშსა და წყლის სინჯში დარღვევა არ გამოვლინდა

რუსთავის მე-15-ე საჯარო სკოლაში აღებულ სურსათის ნიმუშსა და წყლის სინჯში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა არ გამოვლინდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
რუსთავის #15-ე საჯარო სკოლაში, მოსწავლეების ინტოქსიკაციის ფაქტი, 10 მაისს დაფიქსირდა. 16 მოსწავლე სკოლაში შეუძლოდ გახდა და დირექციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრისა და სურსათის უვნებლობის სამსახურის სპეციალისტები.
მოსწავლეები აცხადებდნენ, რომ ინტოქსიკაციის სიმპტომები სკოლის კაფეტერიაში შეძენილი ლობიანის ჭამის შემდეგ გამოუვლინდათ.
სკოლის მოსწავლეებს ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნები, კერძოდ კი, მუცლის ტკივილი და ღებინება ჰქონდათ.

























