ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2019

დიდი გაურკვევლობა დავით-გარეჯის გარშემო - რა ხდება სინამდვილეში

კიბერუსაფრთხოებისა თუ ჰიბრიდული ომის ცენტრი საქართველოში - “საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა შესთავაზოს ნატოს”

“პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს” - მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან

***

დიდი გაურკვევლობა დავით-გარეჯის გარშემო - რა ხდება სინამდვილეში

"იმ ფონზე, როცა ბაქოში საქართველო-აზერბაჯიანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თემაზე შექმნილი კომისიის 2-დღიანი შეხვედრები დაიწყო, დავით-გარეჯის გიდი, ზვიად ანანური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი დღეა აზერბაიჯანის მხრიდან გარეჯის ჩიჩხიტურის კოშკთან გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყო და რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ოფიციალური თბილისი ამაზე ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს და მხოლოდ ჟურნალისტებისგან იგებს, რომ სადავო ტერიტორიის ახლოს მეზობელმა ქვეყანამ გზის გაყვანა დაიწყო. უფრო მეტიც, მედიის მხრიდან ატეხილი ხმაურის მიხედავად ვერ შეძლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერკვია და ჟურნალისტებისთვის გაეცა პასუხი, რეალურად რა ხდება გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დიდი გაურკვევლობა დავით-გარეჯის გარშემო - რა ხდება სინამდვილეში

"დღის ბოლოს „რეზონანსის" შეკითხვის პასუხად სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ამბობს, რომ ბაქოში ქართულმა მხარემ შეკითხვა დასვა და პასუხს შეხვედრის მეორე დღეს, პარასკევს ელოდებიან. „ქართულმა მხარემ, ფლობდა რა ამ ინფორმაციას, კომისიის სხდომაზე დააყენა საკითხი და აზერბაიჯანული მხარე დაგვპირდა, რომ დამატებით დეტალებს მოგვაწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს და კონკეტულად სად. როცა სხდომა განახლდება ხვალ, ინფორმაცია გვექნება," - ამბობს სამინისტროს პრესსამსხურის უფროსი მარი ნარჩემაშვილი. მანამდე კი, შუა დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად თქვა, რომ ინფორმაცია მედიიდან ახლა გაიგო და მესაზღვრეებთან გადაამოწმებს, თუმცა, არ გაუცია პასუხი, რატომ არ ფლობს სამინისტრო საზღვართან მიმდინარე სამუშაოებზე ცნობებს მედიის გარეშე“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მეც ახლა გავიგე საინფორმაციო საშუალებიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გადამოწმდება. იცით, რომ ჩვენი შეხვედრის პარალელურად ბაქოში მიმდინარეობს დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა. ყველა ინფორმაცია გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ამასთან, ყველას მოუწოდა „ემოციური განცხადებებისგან" თავი შეიკავონ: „უნდა გადამოწმდეს სად, რომელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს. ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, რომლებისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია, ისევე როგორც ჩვენს კომისიას". განცხადება ასევე გააკეთა განათლების და კულტურის მინისტრმაც. დავით ბატიაშვილის თქმით, ინფორმაციები არსებობს, მაგრამ "გადაზუსტება სჭირდება" ."იმის შემდეგ, რაც მთლიანი სურათი შეიძლება იქნეს მიღებული, თუ ასეთი რაღაც რეალურად ხდება, ამის მიხედვით მოხდება შეფასებაც, ისე ნაბიჯების დაგეგმვაც მთავრობის მხრიდან,"- განაცხადა ბატიაშვილმა“, - განაგრძობს გამოცემა.

"საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი 2-დღიანი სხდომა ბაქოში ხუთშაბათს, 23 მაისს დაიწყო. შეხვედრაზე საუბარი იქნება დავით-გარეჯის ნაწილზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამიჯნული. მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა, თუმცა უცნობია მას ამ დროს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმაზე, რომ გარეჯში აზერბაიჯანელებს გზის სამშენებლო სამუშაოები ჰქონდათ დაწყებული. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მას პოზიტიური მოლოდინები აქვს და დარწმუნებლია, ყველა საკითხი იმ სულისკვეთებით გადაწყდება, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჰქვია. მაშინ როდესაც პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა, „ფეისბუქში" დავით-გარეჯის გიდმა ზვიად ანანიაშვილმა დაწერა, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა ორი დღეა დაიწყო და ადგილზე მობილიზებულია გზის სამშენებლო ტექნიკა. „აზერბაიჯანულმა მხარემ გზის მშენებლობა დაიწყო ჩიჩხიტურის კოშკის სიახლოვეს. გზა სავარაუდოდ, ამავე მიმართულებით მიჰყავთ. ჩიჩხიტურის კოშკამდე ჯერ არ მისულან, კოშკამდე დარჩენილი აქვთ ალბათ 1-1,5 კმ, შეიძლება მეტიც", - ამბობს ანანიაშვილი და „ფეისბუქში" ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებს“, - დასძენს გამოცემა.

„ანანიაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანული მხარე ჩიჩხიტურის მონასტერთან მისასვლელ გზას აკეთებენ. საუბარია მონასტრიდან 3 კილომეტრის დაშორებით გზის გაყვანის სამუშაოებზე. ადგილობრივი გიდის, ზვიად ანანიაშვილის თქმით, იმ დროს, როცა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მოლაპარაკება იმართება, გზის გაყვანის სამუშაოების წამოწყება ბევრ კითხვას ბადებს. ის საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს განმარტებას, რა სამუშაოებს აწარმოებენ აზერბაიჯანელები დავით-გარეჯის ტერიტორიაზე და რატომ არ ფლობს ინფორმაციას ოფიციალურ თბილისი. „დავითის ლავრამდე დაახლოებით 3 კილომეტრში ხდება გზის მშენებლობა. ჩიჩხიტურის მონასტერი გვხვდება გზად. ტრაქტორები, რაც გადავიღე, ერთ კილომეტრშია ლავრამდე. დღეს მესამე დღეა, რაც მუშაობენ. ცუდი მომენტია ის, რომ მოლაპარაკებების ფონზე მიდის ეს. ჩვენ ამ მოლაპარაკებების გამო შევთანხმდით და ზემოთ ასვლაზეც უარი ვთქვით, რომ ვაცალოთ ხალხს. თუმცა, თვითონ, ამ ადგილიდან არც თუ ისე შორს, უკვე მუშაობენ და სასაზღვრო ზონაში ინფრასტრუქტურას ავითარებენ. თუ მოლაპარაკებას ველოდებით, დაველოდოთ. რა ხდება, ეს საინტერესოა,"- ამბობს ანანიაშვილი. ადგილზე ჩასული იყო „რუსთავი 2"-ის კორესპონდენტიც, თუმცა მესაზღვრეებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. ჯერჯერობით პასუხი არ აქვს არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც აცხადებენ, რომ დეტალებზე ინფორმაციის მიწოდებას აზებაიჯანული მხარე თბილისს პარასკევს დაჰპირდა. ცნობისათვის, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მცირე ნაწილი, ჩიჩხიტურის მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს , საბჭოთა დროს მიეკუთვნა ეს ტერიტორია აზერბაიჯანს და საქართველოს უკვე რამდენი წელია სწორედ ამ ნაწილის გაცვლა სურს აზერბაიჯანთან, თუმცა უშედეგოდ“, - წერს სტატიის ავტორი.

კიბერუსაფრთხოებისა თუ ჰიბრიდული ომის ცენტრი საქართველოში - “საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა შესთავაზოს ნატოს”

“თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ პერსპექტივაში, ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში არსებობას მიესალმება. ამის შესახებ მან ამერიკის ხმის ქართულ რედაქციას განუცხადა. მინისტრის თქმით, "ჩვენ აშშ-სთან უპრეცედენტოდ მჭიდრო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გვაქვს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში და ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მომავალში ეს თანამშროლობა გაფართოვდეს". საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდიას შეფასებით, თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელი განცხადება ამერიკულ ბაზებზე დროული და მისასალმებელია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კიბერუსაფრთხოებისა თუ ჰიბრიდული ომის ცენტრი საქართველოში - “საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა შესთავაზოს ნატოს”

"მიუხედავად იმისა, რომ ბაზების განთავსებაზე საჯარო საუბარი არ მიმდინარეობს, ეს განცხადება არის დადებითი მესიჯი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის შეუსაბამო განცხადება გააკეთა თვის დასაწყისში, როცა თქვა, რომ ამერიკული ბაზები რეკომენდირებული არ არის. „აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. რეალურად ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის საკითხი გადის სწორედ სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე აშშ-სა და საქართველოს შორის, შესაბამისად თავდაცვის მინისტრის განცხადება ძალიან დროულია და მისასალმებელია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას ამერიკული ბაზების საქართველოში განთავსების საკითხი,"- აცხადებს აქუბარდია. მისი თქმით, ნატო-ს არაწევრი ქვეყნების ტერიტორიებზე აშშ-ის ბაზების არსებობა არის ამ ქვეყნების უსაფრთხოების გარანტი, მათი უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების მთავარი გზა. „ნატო-ს წევრობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, გარდა იმისა, რომ საქართველოს სურს დემოკრატიულად განვითარება, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დღეს ქვეყნის უსაფრთხოება რუსეთის მიერ არის დარღვეული, ოკუპაცია შემდგარი ფაქტია და მცოცავი ანექსია საქართველოში ყოველდღიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, უსაფრთხოების დაცვა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ინტერესია და რა გზით მოხდება ამის დაცვა - იქნება ეს ნატო-ში გაწევრიანება თუ მანამდე ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება და შემდგომ ნატო-ში გაწევრიანება, ეს ტაქტიკური საკითხია,"- ამბობს აქუბარდია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის თემა თვის დასაწყისში გააქტიურდა მას შემდეგ, რაც „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკული ბაზების შესაძლო განთავსებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ „ეს რეკომენდირებული არ არის" და „პროვოკაციად შეიძლება იყოს აღქმული", რასაც მაშინ თბილისში დიდი ხმაური და კრიტიკული განცხადებები მოჰყვა ექსპერტებსა და ოპოზიციაში. ზურაბიშვილის შეხედულების გამართლებით თავი მაშინ „ოცნების" ლიდერებსაც არ გამოუდვიათ. უფრო მეტიც, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ისიც კი თქვა, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების" წევრი არ არის და მის განცხადებას „პარტიასთან ნუ გავაიგივებთ". ამჯერად, ზურაბიშვილის შეხედულებას თავდაცვის მინისტრიც გაემიჯნა. როგორც „ამერიკის ხმა" წერს იზორიამ თავი შეიკავა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისგან, თუმცა თქვა, რომ პერსპექტივაში ამერიკულ ბაზების არსებობას მხოლოდ მიესალმებოდა. გარდა ამისა, მინისტრმა ამერიკაში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წარმატებებით მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველო-ამერიკას შორის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რაც სამხედრო სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება კონკრეტულად რას გულისხმობს, ეს ჯერ გაცხადებული არ არის, თუმცა, თეონა აქუბარდიას თვალსაზრისით, დღეს საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა გააქტიუროს თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში შესთავაზოს ალიანსს, რომ საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა თუ ჰიბრიდული ომის ცენტრი გაიხსნას“, - განაგრძობს გამოცემა.

"მისი თქმით, ყირიმის ანექსიისა და 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაზე დაარღვია სტრატეგიული ბალანსი, რამაც საფრთხე შეუქმნა, როგორც უსაფრთხოებას, ასევე ვაჭრობის საკითხს, რბილ უსაფრთხოებას. სწორედ ამასთან დაკავშირებით მიიღო ნატო-მ ინიციატივა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება გაძლიერდეს და საქართველო და უკრაინა, როგორც ნატო-ს არაწევრი, თუმცა პარტნიორი ქვეყნები ამ ინიციატივაში არიან ჩართულები. „იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება შეთანხმდება იმ ინიციატივაზე, თუ რა შეიძლება მან, როგორც შავი ზღვის ქვეყანამ, შესთავაზოს ნატო-ს, მნიშვნელოვანი იქნება კიბერუსაფრთხოების ცენტრის თუ ჰიბრიდული ომის ცენტრის შექმნა. ვფიქრობ, რომ მთავრობაში უნდა განიხილებოდეს ასეთი საკითხები და უნდა მოხდეს პარტნიორებთან აქტიურობა, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თუ რა დამატებითი კომპონენტი შეიძლება შესთავაზოს საქართველომ ნატო-ს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხში საქართველომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, რაც მნიშვნელოვანია როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით, - დასძენს აქუბარდია“, - წერს სტატიის ავტორი.

“პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს” - მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან

“პროტესტის მე-7 დღე და ყველაზე მასშტაბური აქცია ჭიათურაში - მოშიმშილე მაღაროელები, რომლებიც ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ქვეშ მუშაობენ, უკვე კვირაზე მეტია ყურადღებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. გაფიცულებმა ყველა ის წერტილი გადაკეტეს, საიდანც მოპოვებული მადნის ქალაქიდან გატანა შეიძლება. როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, მათი წარმომადგენლები ქალაქის მასშტაბით 18 ასეთ წერტილს აკონტროლებენ. მაღაროელების თქმით, ისინი კომპანიას არ მისცემენ საშუალებას, რომ მათი მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული ქალაქიდან გაიტანონ. რამდენიმე ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. „ჯორჯიან მანგანეზის" 15 თანამშრომელი შიმშილობას განაგრძობს. გაფიცულია 150-ზე მეტი დასაქმებული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს” - მაღაროელები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან

"რას ითხოვენ მუშები, რის დაკმაყოფილებაც ასეთი შეუძლებელი გახდა. „რეზონანსს" გაფიცულმა მაღაროელებმა განუცხადეს, რომ მათ 4 მთავარი მოთხოვნა აქვთ, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შიმშილობას და პირის ამოკერვას კიდევ ბევრი მუშა დაიწყებს. ისინი კომპანიას სთხოვენ ხელფასის 50%-ის გაზრდას, მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას, ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებას და გაფიცვის გამო არავინ დაისაჯოს. აქციის მონაწილეების განცხადებით, გაფიცული მაღაროელების მოთხოვნას, ხელფასის 50%-ით გაზრდის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის"ადმინისტრაცია არ დათანხმდა. მოთხოვნების სანაცვლო „ჯორჯან მანგანეზმა" გაფიცულებს ხელფასების 25%-იანი ზრდა შესთავაზა. მაღაროელები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ, რადგან ეს ითვალისწინებდა ჯერ 15%-ის დარიცხვას და შემდეგ 10%-ის გადახდას ერთი წლის განმავლობაში. „არის ქალაქის გასასვლელები გადაკეტილი, რომ გარეცხილი მანგანეცი არ გავიდეს. ზესტაფონმა თუ მიიღო მანგანეცი, ჩვენ საერთოდ არავინ მოგვაქცევს ყურადღებას. ამიტომაც ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის კიდევ უკიდურეს ზომებს გამოვიყენებთ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჯორჯიან მანგანეზის" 15 თანამშრომელი შიმშილობს, თუმცა გაფიცულია 3 ათასამდე მუშა. მათთან მიდიან ადგილობრივი მცხოვრებლები და მაღაროელებს მხარდაჭერს უცხადებენ. მაღაროელები ამბობენ, რომ ასევე ტყულია ინფორმაცია თითქოს ხელფასების გაზრდა 25%-ით შესთავაზეს. მათი აზრით, ეს არის შემოგდებული ფანდი, რომელსაც აქციის მონაწილეები არ „ჭამენ". „ტყულია ინფორმაცია, თითქოს 25% ხელფასების ზრდა შემოგვთავაზეს. პირიქით, შემოგვთავაზეს ჯერ 15%-ის გაზრდა, რეორგანიზაციის შემდეგ 10%. ეს არ ყოფილა, არის ცრუ ინფორმაცია და არც ის არის სწორი, რომ ამ გაფიცვაში მხოლოდ 150 ადამიანი იღებს მონაწილეობას. ბევრად უფრო მეტნი ვართ. თუ საჭირო გახდება, უფრო ბევრი ადამიანიც შემოგვიერთდება. იმედი ნუ ექნებათ, რომ ეს პროტესტი მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე გადავა", - ამბობს არჩილ ჭუმბურიძე „რეზონანსთან". გაფიცულები აცხადებენ, რომ ისინი კომპანიის არცერთ შემოთავაზებაზე არ წავლენ და მუშაობას მხოლოდ ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ განაახლებენ. თანამშრომლების თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობა მათ დაშინებას ცდილობს, რაც არ გამოუვათ. ისინი ამბობენ, რომ გაფიცვამდე და პროტესტის უკიდურეს ზომამდე არაერთხელ ეცადნენ ხელმძღვანელობასთან დალაპარაკებას, თუმცა უშედეგოდ. მათგან მხოლოდ მუქარა და ცინიკური პასუხი მიიღეს. ამიტომაც იძულებულები გახდნენ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმებისთვის მიემართათ. გაფიცულები ხელისუფლებას საქმეში ჩართვის კენ მოუწოდებენ“, - განაგრძობს გამოცემა.

"ჩვენს მიმართ არის არნახული მუქარა. გვესვრიან ტალახს და ათასი სიბინძურის მოფიქრებას ცდილობენ. სმს-ები მიუვიდათ თანამშრომლებს, რომ ყველა ჩვენგანი ვინც პროტესტს გამოვთქვამთ, სამართალში მივეცემით და პაუხისგება მოგვიწევს. მინდა ამ ხალხს ვუთხრათ, რომ არავის გვეშინია, ეს არის თითიდან გამოწოვილი. ჩვენ სამართლიანად ვაპროტესტებთ იმას, რაც გვეკუთვნის და უსამართლობაზე თვალის დახუჭვას აღარ ვაპირებთ," - ამბობს გაფიცული გელა ბაძგარაძე „რეზონანსთან". საპასუხოდ კი გაფიცვაში მონაწილეობისთვის ამბოხებული მაღაროელების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს „ჯორჯიან მანგანეზი." მათი ინფორმაციით, კომპანიასა და პროფკავშირებს შორის გასულ წელს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულებს ხელფასი 10 %-ით გაეზარდათ, სანაცვლოდ კი, მათ ვალდებულება აიღეს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების 3 წლის განმავლობაში, ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე არ მიმართავდნენ გაფიცვის ფორმას. შესაბამისად, „ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს, რომ ამჟამინდელი გაფიცვით დასაქმებულებმა დაარღვიეს არა მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების პირობა, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების ყველა ნორმა. რის გამოც „ჯორჯიან მარგანეზი", თითოეულ დასაქმებულს მიმართავს და აცხადებს, რომ: „თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ. უკანონო გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არის კომპანიის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დასაქმებულის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ყოველივე ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, კომპანია იწყებს სასამართლოსა და სამართალდამცავებისთვის მიმართვის პროცესს",-აცხადებენ კომპანიაში“, - დასძენს გამოცემა.

"ჭიათურაში გაფიცული მუშების მოთხოვნებს მამუკა ბახტაძეც ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ ჭიათურაში ურთულესი მდგომარეობაა. ბახტაძის განცხადებით, ყოველი პარალიზებული დღე ქართულ ეკონომიკას აზარალებს. მთავრობის მეთაურმა შექმნილი კრიზისი აღიარა. „ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება და სხვა საკითხები. მე ვიცი, რომ ამავე დროს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა, ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა