ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე - შესაძლოა, გამოიკითხოს ყველა სტუდენტი, რომლებიც სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ

ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე - შესაძლოა, გამოიკითხოს ყველა სტუდენტი, რომლებიც სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის სხდომა, რომელზეც სტუდენტს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მოუსმინეს, დასრულდა. როგორც კომისიის თავმჯდომარე ანზორ ბერიძე აცხადებს, პირველ ეტაპზე მხოლოდ სტუდენტი გამოიკითხა და ლექტორი გამოიკითხება მას შემდეგ, როცა მივლინებიდან დაბრუნდება.

ანზორ ბერიძე ამბობს, რომ სტუდენტი კომისიასთან მაქსიმალურად თანამშრომლობს და სხდომის დახურვის ინიციატორი თავად სტუდენტი იყო, რადგან მას არ სურს საკუთარი ვინაობის გამხელა.

ანზორ ბერიძე აცხადებს, რომ მომდევნო სხდომაზე შესაძლოა, გამოიკითხოს ყველა სტუდენტი, რომლებიც უნივერსიტეტში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობდნენ.

„სხდომა დასრულდა და დაგეგმილი გვაქვს, მეორე მხარის გამოკითხვა. არის გარკვეული მტკიცებულებები, რაზეც ვიმსჯელებთ. თვითონ აფიქსირებს, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა. სტუდენტს არ სურს, რომ საჯარო სივრცეში გახმაურდეს მისი ვინაობა. სტუდენტს პოზიცია არ შეუცვლია და მაქსიმალურად თანამშრომლობს კომისიასთან. ლექტორი როგორც კი იქნება ქალაქში, მას შევხდებით. ლექტორი 28 მაისს დაბრუნდება საქართველოში. ორივე მხარეს მოვუსმენთ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ანზორ ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. დღეს უნივერსიტეტში საკითხზე დისციპლინური სხდომა გაიმართა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.