ადვოკატის განცხადებით, სტუდენტს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, განცდა აქვს, რომ შესაძლოა, ბულინგის მსხვერპლი გახდეს

ბსუ-ს მეორე კურსის სტუდენტის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს, რომელიც ამავე დროს საკრებულოს დეპუტატია, „აიქლაუდი" გაუტეხეს.
„ის არის პოლიტიკოსი და შესაძლოა, „აიქლაუდი" გაუტეხეს“, - განაცხადა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.
ამასთან, მისი თქმით, მაქსიმალურად ცდება, რომ სტუდენტზე ზეწოლა არ განხორციელდეს.
ზაზა პაპიძის თქმით, სტუდენტს განცდა აქვს, რომ შესაძლოა, ბულინგის მსხვერპლი გახდეს და ამიტომ, კატეგორიულად განაცხადა, რომ ფაქტები არ გასაჯაროვდეს და სხდომები დაიხუროს.
ზაზა პაპიძის განცხადებით, სტუდენტმა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად მიიღო.
„მე ვარ ადვოკატი და ვიცავ სტუდენტის უფლებებს. როგორც დაცვის ქვეშ მყოფთან შევთანხმდი, სხდომა დაიხურა. მას არ სურს მისი პიროვნება და ფაქტები გასაჯაროვდეს. სხდომა იყო დახურული და მტკიცებულებებს ვერ გავასაჯაროებ. კომისიას ობიექტური კითხვები ჰქონდა",- აცხადებს ზაზა პაპიძე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატს და ბსუ-ს ლექტორს ომარ მახარაძეს მისივე სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ომარ მახარაძე სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მისი სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს.
როგორც ომარ მახარაძემ Tv25-ის ეთერში განაცხადა, ტელეფონის „აიქლაუდი“ გაუტეხეს.
დეპუტატი გამოძიების შედეგებს ელოდება.

























