თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენგეგმის შემაჯამებელი საჯარო განხილვა გაიმართა

დღეს, გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმის შემაჯამებელი საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
შპს „ატელიე არქტიქტსის“ წარმომადგენელმა, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვახტანგ კასრელიშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმის შესახებ.
„წელიწადზე მეტია რაც ვმუშაობთ ქალაქ თელავის გენგეგმაზე, სამუშაო 4 ეტაპს მოიცავდა - დოკუმენტური მასალების მოძიება, საველე სამუშაოები, მოსახლეობასთან შეხვედრები, საჯარო განხილვები და ვორქშოფები. მოგეხსენებათ, რომ ქალაქ თელავის ბოლო გენგეგმა დამუშავდა 70 წლის წინ. ამიტომ, სამუშაო ჯგუფმა საკმაოდ დიდი შრომა გასწია გენგეგმაზე მუშაობის პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლების განმავლობაში კახეთში ტურიზმი აქტიურ ფაზაშია, ამ გარემოებამ თავისი გავლენა იქონია თელავზე და რა თქმა უნდა, ვეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ეს გამოწვევები, რათა ხელი შეეწყოს ინვესტიციის განხორციელებას, ეკონომიკურ ზრდას, სოციალური პრობლემების გადაჭრას, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ გენგეგმა ქალაქს აძლევს სამოქმედო გეგმას თუ საით უნდა იმოქმედოს მომავალში“, - აღნიშნა ვახტანგ კასრელიშვილმა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოების წევრების აქტიური ჩართულობით დისკუსია გაიმართა.
„დღეს, გაიმართა თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმის შემაჯამებელი საჯარო განხილვა, მთლიანობაში დოკუმენტი არის კარგად გააზრებული, თელავის ისტორიული იერსახე, მისი ისტორია, დღევანდელობა და პერსპექტივის ხედვა არის მისაღები, ყველა ის კომპონენტი, როგორი უნდა იყოს ქალაქი დღეს და ხვალ არის სწორად ჩამოყალიბებული, გამოკვეთილია ის ძირითადი მიმართულებები, რაც ქალაქს როგორც ეკონომიკური, ასევე ცხოვრებისთვის უკეთესი პირობების შექმნის მიზნით სჭირდება. აქ არის მოცემულობა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციების განხორციელებისთვის გარკვეულწილად ხელშეწყობა, იმიტომ რომ ქალაქს მუდმივად სჭირდება განვითარება. საჯარო განხილვის ფარგლებში, ასევე გაიმართა დისკუსია სხვადასხვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ეს დისკუსია გვიჩვენებს, რომ ამ გეგმის შემუშავებამ სწორ კალაპოტში ჩააყენა და მოაქცია ქალაქის მომავალი განვითარება. რაც ჩვენ გვაძლევს იმის ღრმა რწმენას, რომ ეს ქალაქი დაზიანებით არ განვითარდება, არამედ განვითარდება ჰარმონიულად და სრულყოფილად“, - აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა მედიასთან საუბრის დროს.

























