დისციპლინური კომისიის წევრი აცხადებს, გამოკითხულმა სტუდენტებმა  ბსუ-ს ლექტორთან მიმოწერაზე ისაუბრეს, თუმცა დამადასტურებელი ფაქტი არ ჰქონდათ

დისციპლინური კომისიის წევრი აცხადებს, გამოკითხულმა სტუდენტებმა  ბსუ-ს ლექტორთან მიმოწერაზე ისაუბრეს, თუმცა დამადასტურებელი ფაქტი არ ჰქონდათ

ბათუმის უნივერსიტეტში დისციპლინური კომისიის სხდომაზე სტუდენტებმა კომისიის წევრებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც კომისიის წევრი, სტუდენტი თეონა მოსიძე აცხადებს, გამოკითხულმა სტუდენტებმა ბსუ-ს ლექტორ ომარ მახარაძესთან მიმოწერის შესახებ ისაუბრეს, თუმცა მისივე თქმით, სტუდენტებს დამადასტურებელი ფაქტი არ ჰქონდათ.

თეონა მოსიძე ამბობს, რომ ჭორის დონეზე არსებობს ინფორმაცია, რომ ლექტორს ომარ მახარაძეს შესაძლო სექსუალური შევიწროების მცდელობა სხვა სტუდენტების მიმართაც ჰქონდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის მიმართ ლექტორის მიერ შესაძლო სექსუალურ შევიწროების მცდელობას დისციპლინური კომისია განიხილავს.

ამ დროისათვის სპეციალური კომისია სტუდენტების გამოკითხვას აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატს და ბსუ-ს ლექტორს ომარ მახარაძეს მისივე სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ომარ მახარაძე სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს.