ბსუ-ს დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე - სტუდენტებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს ლექტორის განცხადებაზე, რომ მისი „აიქლაუდი" არის გატეხილი

ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის თავმჯდომარის, ანზორ ბერიძის განცხადებით, სტუდენტებისგან დამატებითი მტკიცებულებები მიიღეს, რომლებითაც ეჭვქეშ დგება ლექტორის, ომარ მახარაძის განცხადება მისი პირადი „აიქლოუდის" გატეხვის შესახებ.
მისი თქმით, ლექტორის მოსმენის შემდეგ ბსუ-ს ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას სწრაფად მიიღებს.
„სტუდენტებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, რომელიც კითხვით ნიშნებს აჩენს ლექტორის მოსაზრებაზე, რომ მისი "აიქლაუდი" არის გატეხილი და სხვა სარგებლობს. მეორე მხარეს მოვისმენთ და დასკვნა ძალიან სწრაფად დაიდება“, - განაცხადა ანზორ ბერიძემ.
ბსუ-ს დისციპლინური კომისიის სხდომა დასრულდა. კომისიის წევრებმა სტუდენტები გამოკითხეს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატს და ბსუ-ს ლექტორს ომარ მახარაძეს მისივე სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ომარ მახარაძე სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს.

























