ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2019

დავით ქაცარავა - “აზერბაიჯანული მხარე გეგმავს წაგვართვას დავითგარეჯას საკმაოდ სოლიდური ნაწილი”

დავით გვაძაბია - “მოსკოვს ბჟანიას გაპრეზიდენტება არ აწყობს”

* * *

დავით ქაცარავა - “აზერბაიჯანული მხარე გეგმავს წაგვართვას დავითგარეჯას საკმაოდ სოლიდური ნაწილი”

“ჩვენ რეალურად მესაზღვრეები გვთხოვდნენ, რომ გვეცლია სადელიმიტაციო კომისიისთვის მუშაობა, მაგრამ რეალობა იმგვარია, რომ ჩვენ უნდა დავაცადოთ, აზერბაიჯანელები კი აკეთებენ გზას და მოიწევენ წინ, არ ელოდებიან ამ კომისიის მუშაობის არანაირ შედეგს. ეს არამართებული საქციელია აზერბაიჯანული მხრიდან, ეს ნიშნავს სიტუაციის ესკალაციას. აზერბაიჯანული მხარე ძალიან არამეგობრულად იქცევა და მტრობის ელემენტები შემოაქვს დავითგარეჯას კომპლექსში. ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ აზერბაიჯანულ მხარეს 5 აპრილს შეიცვალა კომისიის თავმჯდომარე და დაინიშნა გენერალი, რომელიც ხისტი მიდგომებით არის ცნობილი, ის არც მალავს ამ ყველაფერს და რუსეთთანაც არის ახლო კავშირში... ამ გენერლის დანიშვნას უკავშირდება ეს სიხისტე, კომპრომისებზე წაუსვლელობა და ა.შ. რასაკვირველია, ეს ერთ-ერთი მიზეზია და ეს არ არაა მთავარი მიზეზი”, - აცხადებს დავით ქაცარავა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ქაცარავა: “აზერბაიჯანული მხარე ცდილობს, წაგვართვას ტერიტორიები”.

“აზერბაიჯანული მხარე გზის გაყვანის სამუშაოებს ინტენსიურად განაგრძობს, ფაქტობრივად არ ჩერდება მუშაობა არც ერთი წუთით. დაახლოებით 1 კილომეტრი რჩება ჩიჩხიტურის ტაძრამდე გზა რომ დაასრულონ. იქ მობილიზებული მესაზღვრეები უზრუნველყოფენ იმას, რომ ვერც ჩიჩხიტურის ტაძარში შევდივართ და ვერც უდაბნოს მონასტერში. 5 მაისამდე არსებული სიტუაცია აღდგა, ოღონდ ცუდი კუთხით - მაშინ აზერბაიჯანელებმა დაგვიკეტეს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი, ხოლო ჩიჩხიტური 2007 წლიდან იყო დაკეტილი. იგივე მეორდება 16 მაისიდან მოყოლებული... ჩვენი ხელისუფლება ძალიან დახურულ რეჟიმში მუშაობს, არაფერს გვეუბნება, საზოგადოებასთან კონტაქტზე არ გამოდის. ვისმენთ საგარეო საქმეთა მინისტრის არაადეკვატურ განცხადებებს, სიტუაცია ძალიან არაჯანსაღია, ჩვენ კვლავ დათმობით პოზიციებში ვართ - მზადებაა იმისთვის, რომ მოხდეს აზერბაიჯანული მხარისთვის ბევრი რამის დათმობა. საზოგადოებამ ამის უფლება არც აზერბაიჯანელებს უნდა მისცეს და არც ჩვენს ხელისუფლებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ქაცარავა.

“სიტუაციის რამე გამძაფრებას ნამდვილად ვერ დავაბრალებ ჩვენი პატრულირების დაწყებას, რადგან მანამდე იყო გამძაფრებული. პატრულირება შეიძლება გასამხედროებულად ჟღერდეს, მაგრამ ეს აბსოლუტურად მშვიდობიანი მონიტორინგია. ვმოძრაობთ იქ, სადაც მოძრაობენ ტურისტები. თუ ჩვენმა მოძრაობამ ტურისტულ ბილიკებზე გამოიწვია ასეთი შედეგი, მაშინ მე ძალიან მიკვირს აზერბაიჯანული მხარის და მათიც, ვინც ამას გვაბრალებს. მერწმუნეთ, პატრულირება არაფერ შუაშია. ამის ესკალაციის სურვილი აშკარად აზერბაიჯანულ მხარეს აქვს. ალბათ ეს ხდება იმიტომ, რომ აზერბაიჯანული მხარე გეგმავს წაგვართვას დავითგარეჯას საკმაოდ სოლიდური ნაწილი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ დავეყრდნობით დოკუმენტებს, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია, შესაძლოა იმ გზის საკმაოდ დიდი ნაწილიც კი მოხვდეს ქართულ მხარეს ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე გამოიჩენს პრინციპულობას და არ დათმობს თავის ძლიერ პოზიციებს. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ გზის გაყვანის სამუშაოებზე იგებს მხოლოდ მედიის საშუალებით, ის ძალიან აცდენილია რეალობას. ეს არის აბსოლუტური ტყუილი - ჩვენ თუ დავინახეთ ეს სამუშაოები, მესაზღრეებს ჩვენზე ორჯერ სწრაფად უნდა დაენახათ და დაინახეს კიდეც, მშვიდად ადევნებდნენ თვალყურს ამ პროცესს და ეს ინფორმაცია ჩვენს ხელისუფლებას გააჩნდა”, - დასძენს ქანთარია და შეკითხვაზე - “რამდენად ელოდებით სატუაციის გამწვავებას ან პირიქით, სტაბილიზაციას?” - პასუხობს:

“ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ რამე წინაპირობას, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს - იმიტომ, რომ ინფორმაცია არ გვაქვს. ხოლო ინფორმაცია, რომელიც ზედაპირზე დევს, მხოლოდ დაძაბვის წინაპირობას ქმნის, რადგან ჩვენი კომისია არაფერს გვეუბნება და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება. აზერბაიჯანული მხარე ძალიან აქტიურად მუშაობს გზის გაყვანის კუთხითაც, პროპაგანდის კუთხითაც. ჩვენი ხელისუფლება კი ცდილობს, არ გააღიზიანოს აზერბაიჯანული მხარე და ქართველებს უკრძალავენ მისვლას იმ ტერიტორიაზეც, რომელიც აზერბაიჯანული რუკებითაც კი ჩვენ გვეკუთვნის. ეს ყველაფერი არ გვაძლევს იმის საბაბს ვიფიქროთ, რომ სიტუაცია მარტივად განიმუხტება”.

დავით გვაძაბია - “მოსკოვს ბჟანიას გაპრეზიდენტება არ აწყობს”

“ყოველთვის მაქვს ინფორმაცია იმაზე, რაც აფხაზეთში ხდება. ბაღაფში რომ გარდაიცვალა თქვენი გაზეთი მეშვეობით ვთქვი, რომ ნათესავებისგან მქონდა ინფორმაცია - ის მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გაგუდეს. ბაღაფშის მკვლელობა უკავშირდებოდა მის განცხადებებს თურქეთში ვიზიტის დროს და სხვაგანაც. ბაღაფში მაშინ რაღაც ისეთ საკითხებზე ალაპარკდა, რომელიც არ აწყობდა მოსკოვს - ეს კაცი არ აღმოჩნდა ბოლომდე მართული. ამიტომ მოსკოვში აუტკივარი თავი არ აიტკივეს და მოკლეს. დღევანდელი სიტუაცია გარკვეულწილად ჰგავს იმას, რაც ხდებოდა ხაჯიმბამდე - ანქვაბისა და ბაღაფშის პერიოდებში და აშკარად ჩანს, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ხაჯიმბას”, - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი დავით გვაძაბია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით გვაძაბია: “მოსკოვს ბჟანიას გაპრეზიდენტება არ აწყობს”.

“რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთში გაჩენილ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებში ყოველთვის ხედავს პრობლემას. ამიტომ სურს მოსკოვს ხაჯიმბა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად. მოვლენები ისე რომ არ განვითარდეს, როგორც აწყობს მოსკოვს - როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარდა, სადაც არჩეულ “პრეზიდენტს” გადადგომა აიძულეს - მზადაა წინასწარ მიიღოს ზომები - მოწამლონ ან საიქიოში გაისტუმრონ. შეიძლება სასიკვდილოდ არ მოწამლონ, მაგრამ გარკვეულ დონემდე მაინც... ძნელია იმის თქმა, ბჟანია გააფრთხილეს თუ მისი მოკვლა უნდოდათ, მაგრამ გადარჩა. მე ერთი ვიცი - ბჟანია არ არის გუდაუთის კლანის წარმომადგენელი ანუ არ არის უფრო რადიკალური ფრთის წევრი. ბჟანია ტერიტორიულად ჩვენთან უფრო ახლოს მყოფი ოჩამჩირის კლანის წარმომადგენელია. გამორიცხულია კრემლმა აუტკივარი თავი აიტკივოს, რისკზე წავიდეს და დაუშვას მისთვის არასასურველი პიროვნება გახდეს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი - შემდეგ ის მოსკოვთან შეუთანხმებელ განცხადებას გააკეთებს საერთაშორისო არენაზე, ამიტომ მისი გაპრეზიდენტება არ აწყობს მოსკოვსდა ისევ ხაჯიმბაზე დებს ფსონს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით გვაძაბია.

“კრემლს სურს მათთვის 100%-ით სანდო პიროვნებაზე დადოს ფსონი, რადგან მოსკოვი ყოველთვის გუდაუთის კლანზე დებს ფსონს, მით უმეტეს აფხაზეთში პოლიტიკური კულტურა ძალიან დაბალ დონეზეა - იქ გვაროვნული წყობილება უფროა, ვიდრე იდეოლოგიური ნიშნით აღმოცენებული პოლიტიკური პარტიების პაექრობა. არსებულ პირობებში აფხაზები დიდხანს ვერ შეძლებენ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. მათ სომხური დიაპორა ძალიან უტევს, ასევე რუსეთის პსეცსამსახურები - როგორც ეკლესიაში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში. რუსეთს არ უნდა აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოება განვითარებული იყოს, უნდა კლანებს შორის დაპირისპირება, რომ შემდგომ მათ დაპირისპირებაზე ითამაშოს”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “როგორც ჩანს, რუსეთი ბჟანიას მხარდამჭერ “ამცახარას” არ ენდობა...” - პასუხობს:

“ამცახარა” არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აქტიური ბრძოლით არის ცნობილი. თუმცა ბევრი ფაქტი გვახსოვს, როცა რუსეთმა ბევრი ისეთი მოიშორა, რომელმაც რუსეთის საქმე გააკეთა... რუსული გადასახედიდან კრემლი ახალ ძალებზე დაყრდნობით ასდენს ხოლმე კონკრეტული კლამებისადმი დამოკიდებულების რევიზიას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვეულ მოკავშირეებზე უარს ამბობს. “ამცახარას“ მომენტი კი არსებობს - მე ვიცი პიროვნებები, რომლებიც თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ, თბილისშიც არიან ნამყოფები და დღეს სხვა პოზიციაზე არიან...”