ქუთაისში ჭიათურელი მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ქუთაისში ჭიათურელი მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, 21-ე საუკუნეში, ამ პირობებში და ამ ხელფასით ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ.
მოძრაობის „დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრის, ეკა ფხაკაძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჭიათურელ მაღაროელებს. მგონია, რომ დღეს ჭიათურა ცხოვრების დონით ყველაზე კარგი ქალაქი უნდა იყოს საქართველოში. მის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საწარმოა. მიუხედავად ამისა, ქალაქი სულს ღაფავს. როცა ვაპროტესტებთ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას, ჩვენ ვაპროტესტებთ იმ პოლიტიკას, რასაც ეს ხელისუფლება რეგიონების მიმართ აწარმოებს“, - განაცხადა ეკა ფხაკაძემ.
აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, მაღაროელებს აიძულებენ, რომ „მონურ პირობებში, მონური ხელფასი აიღონ“.

























