ქეთევან ციხელაშვილი პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან ლია გიგაურთან ერთად, პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი მიზანი პანკისის ხეობის განვითარებასთან დაკავშირებული ხედვებისა და გეგმების განხილვა და ამაზე ახალგაზრდების აზრის მოსმენა იყო. სახელმწიფო მინისტრის თქმით, მსგავსი დიალოგი მოსახლეობასთან პირველი არ არის და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

„დღეს ვსაუბრობდით მაგალითად განათლებაზე, ახალგაზრდებისათვის საინტერესო მიმართულებებზე, მათ შორის პროფესიულ განათლებაზე, ტურიზმსა და ტურიზმის პოტენციალის ათვისებაზე. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ინტერაქცია პანკისის მოსახლეობასა და რეგიონის დანარჩენ მოსახლეობას შორის.

„ზოგადად, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო, საზოგადოებასთან ერთად, მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული, რათა არსებული რესურსები ეფექტურად გამოვიყენოთ. როდესაც ახალგაზრდები აქტიურები და ჩართულები არიან, ეს ყველაზე კარგი, ჯანსაღი პროცესის ნაწილია. ამ კომუნიკაციას ახალგაზრდებთან, ისევე როგორც სხვა ჯგუფებთან პანკისის ხეობაში, აუცილებლად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ახალგაზრდების შეფასებით შეხვედრა საინტერესო და პროდუქტიული იყო. მათი თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ხეობის განვითარების მიზნით დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა კი მათი შეფასებები და რეკომენდაციები მოისმინა.

„შეხვედრაზე გვქონდა აზრების გაცვლა, თუ რა შეიძლება განხორციელდეს პანკისის ხეობაში. სხვადასხვა მიმართულებაზე ვისაუბრეთ და ვფიქრობ, რომ მსგავს შეხვედრებს შემდეგშიც გავაგრძელებთ. ასეთი კომუნიკაცია და აზრთა გაცვლა განვითარებისათვის აუცილებელია. პანკისი იქნება ეს თუ სხვა რეგიონი, აუცილებელია ადგილობრივებთან, სხვადასხვა სეგმენტთან შეხვედრა, ინფორმაციის გაზიარება და მიღება. დღევანდელი შეხვედრაც ამის ძალიან კარგი მაგალითია. ჩემი აზრით, იგი ძალიან პოზიტიური და შედეგის მომტანი იყო“, - განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ სულხან ბორძიკაშვილმა..

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს