თორნიკე რიჟვაძე - სწორედ განათლებაა ის გზა, რითაც შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას

სწორედ განათლებაა ის გზა, რითაც შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა წინაპრების ბრძოლის შედეგად არის თავისუფალი და დამოუკიდებელი, მაგრამ ეს ბრძოლა არ დასრულებულა და მასში მონაწილეობის მიღება ყველას ვალია.
„ყველას მინდა მივულოცო 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენი წინაპრების ბრძოლისა და თავგანწირვის შედეგად, ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება და ჩვენი თაობისა და ყველა მომავალი თაობის ვალია, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს.
თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა ამოვიყვანოთ სიღარიბიდან, თუ გვინდა გვქონდეს თავისუფალი ქვეყანა და დავამარცხოთ ოკუპაცია, სწორედ განათლებაა ის სწორი გზა და ის სწორი ღირებულება, რომლის საფუძველზე ჩვენ, ყველანი ერთად, შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასა და გამთლიანებას. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ!“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.
დღეს ბათუმში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2018-2019 სასწავლო წელს აჭარის მასშტაბით 313 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია.
აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

























