თორნიკე რიჟვაძე - ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ აჭარა ოთხივე სეზონზე გამხდარიყო ტურისტულად მიმზიდველი და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება

აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება. რეგიონის ვიზიტორებს წელს განსაკუთრებით ბევრი სიახლე ელით. ამ მხრივ, აღსანიშნავია, როგორც ბათუმში, ასევე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, წელს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირების კუთხით სამიზნე 16 ქვეყანაა. მისივე თქმით, აჭარა ზაფხულის სეზონზე მინიმუმ ორ მილიონ-ნახევარ ტურისტს ელოდება.

- როგორ მიმდინარეობს ზაფხულის სეზონისთვის მზადება?

- ტურისტულ ზონაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მთელი რიგი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბულვარში წელს ბევრი სიახლე გვექნება. ის წელს უსაფრთხოების კუთხითაც სრულად რეკრეაციული ზოლი გახდება. ვიცით, რომ ბოლომდე აიკრძალა ელექტრომობილების გადაადგილება ძველი ბულვარის ტერიტორიაზე და მათ სხვა ალტერნატიული ფართი გამოეყოთ. ამასთანავე, სანაპირო ზოლი ხდება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. გარდა ამისა, ბილიკები და ყველა ის საქალაქო ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის, მოწესრიგდება. ძალიან ბევრი სიახლე იქნება როგორც ბათუმში, ასევე მაღალმთიან აჭარაში. არაერთი მნიშვნელოვანი მარშუტის მარკირება მოხდა ტურიზმის დეპარტამენტის მხრიდან. ბუნებრივია, სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, ეს მარკირებული ადგილებიც დამატებით ინტერესს გამოიწვევს.

- აჭარის რეგიონში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. რომელ მათგანს გამოარჩევთ?

- ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ აჭარა ოთხივე სეზონზე გამხდარიყო ტურისტულად მიმზიდველი და ამ მიმართულებით, ტურიზმის დივერსიფიცირების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

გამოვყოფდი სპორტულ ტურიზმს. ამ მიმართულებით ხორციელდება ისეთი მასშტაბური და მეგა პროექტი, როგორიცაა, „მწვანე ქალაქი“ ქობულეთში, სადაც ნახევარი მილიარდის ინვესტიცია განხორციელდა და მოიცავს სპორტულ მოედნებს, სასტუმრო კომპლექსს, საერთაშორისო დონის სტადიონებს. სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით აღსანიშნავია: ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონი, რომელიც 20 000 მაყურებელზეა გათვლილი, ასევე ყინულის სასახლის მშენებლობა, ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზა...

დარწმუნებული ვარ, ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება საშუალება, ვუმასპინძლოთ როგორც ქართულ გუნდებსა და სპორტსმენებს, ისე სპორტსმენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

- რა პროექტები ხორციელდება მაღალმთიან აჭარაში და როგორი პოტენციალი აქვს, ტურისტული თვალსაზრისით, მთას?

- მაღალმთიან აჭარაში ვითარდება სამთო-სათხილამურო კურორტის ინფრასტრუქტურა, დაახლოებით 19 პროექტი მიმდინარეობს მხოლოდ გოდერძის კურორტზე. პრაქტიკულად, ეს ყველა არის კერძო ინვესტიცია. სახელმწიფოს მხრიდან ძალიან აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირებისა და ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ამ ორი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად, გოდერძის კურორტი ბოლომდე ამუშავდება. ასევე, დაგეგმილი გვაქვს, რომ შევქმნათ ტურისტული კლასტერი, რომელშიც იქნება როგორც გოდერძის კურორტი, ასევე მწვანე ტბა. მწვანე ტბაზე ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დავიწყეთ - საპიკნიკე ადგილები, ველობილიკები და ა.შ. დაახლოებით მილიონ ლარზე მეტს დავხარჯავთ. ასევე, ბეშუმის განაშენიანების რეგულირების გეგმაზეც ძალიან მალე გვექნება სიახლე. ამ სამი ლოკაციის გაერთიანებით ტურისტული კლასტერი ჩამოყალიბდება, რომელიც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, აქტიური და პასიური დასვენების კუთხით, განსაკუთრებით საინტერესო იქნება.

- რას აკეთებს აჭარის მთავრობა და ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით?

- ტურისტული ობიექტების სტუმარმასპინძლობის თვალსაზრისით, კურსები ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში ობიექტების მეპატრონეებისა და დასაქმებული პერსონალისთვის პრაქტიკულად ყოველთვე ტარდება. ბუნებრივია, ისინი სხვადასხვა მიმართულებით გადამზადდებიან.

ამასთან, სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს, რომ გვქონდეს წესრიგი და ამავე დროს იყოს ძალიან ბევრი სიახლე სასტუმროებში, კვების ობიექტებში. სურსათის უვნებლობის, ასევე მზარეულებისა და ზოგადად, მომსახურე სტაფის გადამზადების კუთხით, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თანხებს ვხარჯავთ, ყოველივე ამას ტურიზმის დეპარტამენტი აორგანიზებს.

- რაც შეეხება რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებას, რომელი ქვეყნებია ამ კუთხით სამიზნე?

- ჩვენ დაახლოებით 16 სამიზნე ქვეყანა გვაქვს, სადაც უკვე ძალიან აქტიურად არის დაწყებული სარეკლამო საქმიანობა. ამასთანავე, აჭარაში ბოლო 2 წლის განმავლობაში, 25 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი ჩამოვიდა. ჩვენი რეკლამები აქტიურად გადის BBC-ზე, Euronews-ზე, CNN-ზე, Deutsche Welle-ზე. ეს რეკლამები მთელი ზაფხულის განმავლობაში იტრიალებს. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებზე ყველას ექნება წვდომა და ინფორმაცია აჭარისა და ბათუმის შესახებ. ასევე, 8 ივნისს ჩვენ საბოლოოდ გვეცოდინება იმ პრესტიჟული ნომინაციის შედეგი, რომელზეც წელს ბათუმია წარდგენილი. ეს არის World Travel Awards და ამ ნომინაციის საფუძველზე ბათუმი, დიდი ალბათობით, გახდება ევროპაში ყველაზე მზარდი ტურისტული დანიშნულების ქალაქი.

- რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, როგორი იყო, ტურისტთა რაოდენობის მხრივ, წინა წლის მაჩვენებლები და როგორი მოლოდინია ახლა?

- ზემო აჭარაში 2018 წელს 2017 წელთან შედარებით გვაქვს 124% ზრდა. შარშან თუ გვყავდა 2 100 000 ტურისტი, წელს რეგიონში ორ მილიონ-ნახევარ ტურისტს ველოდებით. ზრდა არის ყველა მიმართულებით არა მარტო ბათუმში, არამედ ყველა სხვა მუნიციპალიტეტში, რომლებიც აჭარაშია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სადაც 112%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე, ზრდა არის მაღალმთიან აჭარაში: ხულოში - 31% შუახევში - 26% . ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ტურიზმით შემოსავლები იზრდება არა მარტო ბათუმში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში. ტურიზმის საშუალებით გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი, ზოგადად, ინკლუზიურ ზრდასთან დაკავშირებით და ასევე, ეკონომიკის თანაბრად გადანაწილების მხრივ, ქალაქსა და სოფელში.

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იზრდება ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობაც. წელს ბათუმის მიმართულებით ფრენებს 25 ავიაკომპანია 25 მიმართულებით შეასრულებს. გარდა რეგულარული ფრენებისა ისრაელიდან, ირანიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელარუსიიდან და სხვა ქვეყნებიდან, ემატება ჩარტერული რეისებიც, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდან.

- საბოლოო ჯამში რომ ვთქვათ, რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი ადგილობრივმა თუ უცხოელმა ტურისტმა სწორედ აჭარის რეგიონზე?

- ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, დივერსიფიცირებული და თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა გვაქვს. პრაქტიკულად აქ ტურისტს შეუძლია როგორც ზღვის, ასევე მთიანი ტურიზმით სარგებლობა. ამავე დროს უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ცნობადობა განსაკუთრებით მაღალია, ასევე, კონკურენტუნარიანია ტურისტული პროდუქტები და სერვისები. ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო მაღალი ვარსკვლავის ბრენდები გვყავს წარმოდგენილი. იმ ინფრასტრუქტურასთან ერთად, რომელიც ქალაქში კეთდება, ეს ჯამში გვაძლევს საშუალებას, რომ ტურისტებს ძალიან მაღალ დონეზე გავუმასპინძლდეთ.

"ინტერპრესნიუსი"

ნათია ჩადუნელი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა