სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა გორის კულტურის ცენტრის დარბაზში მინისტრს და გუბერნატორს შეხვდნენ

სეტყვის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ ავტომაგისტრალიდან გორის კულტურის ცენტრის დარბაზში გადაინაცვლა.
მოსახლეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი შეხვდნენ.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლება კონსულტაციებს მართავს ბანკების ასოციაციასთან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ დაზარალებულ მოსახლეობას აგროკრედიტები გადაუვადონ.
დავითაშვილმა შეკრებილებს ასევე კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია აგროდაზღვევის ეფექტურ სისტემაზე და მოუწოდა მათ ისარგებლონ დაზღვევით, სადაც უკვე რამდენიმე წელია სადაზღვევო თანხის მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო ფარავს.
შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის კულტურის ცენტრის დარბაზში შეკრებილებს განუცხადა, რომ შემდგომში სეტყვის თავიდან ასაცილებლად იგეგმება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მონტაჟი რეგიონში.
დაზარალებულთა ერთმა ნაწილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას არარეგისტრირებული მიწების რეგისტრაციის დაჩქარებასა და სადაზღვევო სისტემის დახვეწის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეკრებილთა მეორე ნაწილმა კი ცალსახაც მოითხოვა კომპენსაცია და ზარალის ანაზღაურება. შემდეგ კი პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
ამ წუთებში მინისტრთან და გუბერნატორთან შეხვედრას დაზარალებულთა მცირე ჯგუფი განაგრძობს.

























