გორში სეტყვით დაზარალებული  მოქალაქეების ნაწილმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან და გუბერნატორთან  შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

გორის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. დაზარალებულთა ნაწილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრისა და შიდა ქართლის გუბერნატორის წინადადება აგროსესხების გადავადების შუამდგომლობაზე სტიქიის ზარალის თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებზე მსჯელობა არასაკმარისად ჩათვალა და პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა.

,,ჩვენ გვესმის ამ ადამიანების გულისტკივილი, დაზიანებულია საკმაოდ დიდი ფართობები. გვქონდა საუბარი მოსახლეობასთან, რომ კონკრეტულ სიებს დავაზუსტებთ თითოეული თემის მიხედვით, თითოეული სოფლის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ მრავალწლიან კულტურებში ჩვენ ჩავატაროთ ის ოპერაციები, რაც ამ ბაღების გადარჩენის საშუალებას მოგვცემს. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საბანკო სექტორთან გვექნება გარკვეული შუამდგომლობა, ჩვენ ცოტა ხნის წინ შეხვედრა გვქონდა საბანკო ასოციაციასთან, სადაც ცენტრალურ დონეზე ყველა ბანკს ვთხოვეთ, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს საბანკო სექტორმა მოსახლეობის გაჭირვება, თუმცა, კონკრეტულად გორის მუნიციპალიტეტში, რეგიონულ ფილიალებთან დამატებით შეხვედრას გამართავს შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი იმისთვის, რომ მოსახლეობას, რომელსაც სოფლის მეურნეობისთვის აქვს აღებული სესხები, ამ სესხების გადავადებაში მივეხმაროთ. ასევე, საუბარი იყო გარკვეულ საკითხებზე, რაც მიწის რეგისტრაციას უკავშირდება და ეს საკითხი მოსაგვარებელია, რომ რეგისტრაციის პროცესი უფრო მარტივად მოხერხდეს. რაც შეეხება კომპენსაციების დარიგებას, ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, თითქოს, ყვარელში თუ სხვაგან, სადღაც დარიგდა კომპენსაცია, ბოლო წლების განმავლობაში, არც ერთი კომისია, რომელიც შეიქმნა, არ უკავშირდებოდა სასოფლო-სამეურნეო ზიანს. კომპენსირება იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იყო ინფრასტრუქტურული ზიანი, ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების დონეზე ხდება სამუშაო გეგმის ჩამოყალიბება, რომ ადამიანს თავშესაფარი რომ აღარ ჰქონდა, ის თავშესაფარი ყოფილიყო რეაბილიტირებული. მესმის, რომ ძალზე რთულია, მტკივნეულია, მაგრამ ამისთვის არსებობს აგროდაზღვევის ძალზე ეფექტური სისტემა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

,,ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების შიდა ქართლში მონტაჟზე. ეს არის ძვირადღირებული მიმართულება, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დროულად მოხერხდეს ,,დელსტას“ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების დამონტაჟება რეგიონში. რაც შეეხება აგროსესხების გადავადებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით აღებული სესხების გადავადების შუამდგომლობისთვის ხვალ შევხვდები ბანკების რეგიონული ფილიალების ხელმძღვანელებს და მოსახლეობას მივაწვდით ამ შეხვედრის შედეგებზე ინფორმაციას“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დაზარალებულთა განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტში სეტყვამ 20-ზე მეტი სოფელი დააზარალა, განადგურდა მოსავლის უდიდესი ნაწილი, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული შუამდგომლობა კი, მხოლოდ სასოფლო- სამეურნეო სესხების გადავადებას უკავშირდება, თუმცა, ბევრი არა სასოფლო-სამეურნეო, არამედ სამომხმარებლო სესხით სარგებლობს, რომლის დაფარვასაც ვერაფრით შეძლებს. რაც შეეხება დაზღვევას, დაზარალებული სოფლების მაცხოვრებლების თქმით, მიწების დიდი ნაწილი რეგისტრირებული არ არის, რეგისტრაციის პროცესი კი ჭიანურდება, რაც დაზღვევით სარგებლობას აფერხებს. აღნიშნულის გარდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სადაზღვევო სისტემის და ზარალის ანაზღაურების მექანიზმის დახვეწის აუცილებლობის საკითხიც დააყენეს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს