„სამოქალაქო მოძრაობა“ - სიღნაღის მერმა და მისმა მოადგილეებმა სამივლინებო ხარჯები 20 000 ლარით გაიზარდეს

სიღნაღის მერმა გოგი გოგილაშვილმა და მისმა მოადგილეებმა სამივლინებო ხარჯები 20 000 ლარით გაიზარდეს, - აღნიშნულ ინფორმაციას „სამოქალაქო მოძრაობა“ ავრცელებს.
27 მაისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
„სამოქალაქო მოძრაობის“ ინფორმაციით, „ცვლილებების თანახმად, ხარჯვითი ნაწილის შემცირების ხარჯზე, სიღნაღის მერმა და მისმა მოადგილეებმა სამივლინებო თანხები, 20 000 ლარით გაიზარდეს.
"საბიუჯეტო წლისთვის განსაზღვრული ფული კი უკვე გახარჯულია. შედეგად, ხელფასის გარეშე რჩებიან საბავშო ბაღის, მუსიკალური სკოლის, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანებაში დასაქმებული ადამიანები. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, 8 "აიპზე" გასაცემი ხელფასისთვის თანხები აღარ არის დარჩენილი,"- ამის შესახებ "სამოქალქო მოძრაობის" კახეთის წარმომადგენელმა ნინო გოგოლაშვილმა განცხადა.
"აიპებში" დასაქმებულები ხელფასის ჩარიცხვას 24 მაისს ელოდებოდნენ, თუმცა ანაზღაურება დღემდე არ მიუღიათ. "სამოქალაქო მოძრაობის" კახეთის წარმომადგენლის ნინო გოგოლაშვილის კითხვაზე, თუ როდის მიიღებენ "აიპებში" დასაქმებული ადამიანები ხელფასს, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მალხაზ სიფრაშვილმა უპასუხა, რომ ხელფასი თანამშრომლებს ბიუჯეტში გადასახადების შესვლის შემდეგ დაურიგდებათ.
"სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთადერთი შემოსავალის წყარო, მიწის გადასახადებია. მიწის მფლობელები კი, გადასახადებს ნოემბრის თვეში იხდიან. რა ბედი ეწევა ხელფასის გარეშე დარჩენილ ასობით ადამიანს, ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება", - განაცხადა ნინო გოგოლაშვილმა.
“დღეს საღამოს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გოგი გოგოლაშვილი, მისი მოადგილე თემურ ბალარჯიშვილი და ანსამბლ ,,ზედაშეს“ 2 წევრი, მივლინებით პოლონეთში მიფრინავენ. ანსამბლი, არ არის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან კავშირში”, - ნათქვამია „სამოქალქო მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























