ხელისუფლება გორში სეტყვით დაზარალებულებს ვაუჩერებს, საირიგაციო გადასახადისგან გათავისუფლებას, აგროსესხების გადავადებასა და დონორული პროგრამების ამოქმედებას სთავაზობს

გორის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლების წარმომადგენლებსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და შიდა ქართლის გუბერნატორს შორის შეხვედრა დასრულდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაზარალებულ მოსახლეობას დახმარების სახით 4 კომპონენტი შესთავაზეს: ვაუჩერების დარიგება, რომელზეც დაირიცხება თითოეულ ჰა. მიწის ნაკვეთზე 200 ლარი; მიმდინარე სეზონზე საირიგაციო გადასახადისგან (1 ჰა. ფართობი 75 ლ.) გათავისუფლება; საბანკო სექტორთან შუამდგომლობის საფუძველზე აგროსესხების გადავადება; დონორული პროგრამის ამოქმედება.

დაზარალებულთა ნაწილმა ხელისუფლების ამ შეთავაზებაზე უკმაყოფილება გამოთქვა და იმ 70 პროცენტიანი წილით დახმარება მოითხოვა, რომელიც დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში, თანამონაწილეობის სახით, სახელმწიფოს უნდა გაეღო. შეხვედრაზე დაზარალებულებმა მიწების რეგისტრაციისა და აგროდაზღვევის სისტემის დახვეწის აუცილებლობის საკითხიც დააყენა.

,,ძალიან დიდია ზარალი და საკმაოდ დიდია მოსახლეობაში ემოციური ფონიც, აბსოლუტურად გვესმის მოსახლეობის პრობლემების, თუმცა, ჩვენც შეზღუდული ვართ გადაწყვეტილებებში, გარდა იმ შეთავაზებებისა, რაც დღეს შევძელით. იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პროექტების განხორციელება მოხდება, მათ შორის, იქნება დონორული მხარდაჭერა. ასევე, ამ ეტაპზე პრიორიტეტია მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროებების გადაწყვეტა, დაზიანებული ნარგავების გადარჩენა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ დაპირებისამებრ შევხვდით მოსახლეობას და რამდენიმე კომპონენტი შევთავზეთ. თუმცა, ამის გარდა, დაწყებულია მსჯელობა დამატებით სხვა პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც კიდევ უფრო შეუმსუბუქებს მოსახლეობას სტიქიისგან მიყენებულ ზიანს", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სეტყვამ 30-ზე მეტი სოფელი დააზარალა. ძირითადად, განადგურებულია კურკოვანი ხილი და ბოსტნეული კულტურები. დაზარალებულებმა გუშინ ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად ავტობანის გადაკეტვა სცადეს.

იხილეთ ვიდეო: გორის რაიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულები მთავრობისგან შეღავათებს მიიღებენ

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა