„ევროპული საქართველო“ ე.წ. მშენებლობის კოდექსისა და თბილისის გენგეგმის შეუსაბამობასთან დაკავშირებით, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

„ევროპული საქართველო“ ითხოვს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტშიც და სამინისტროებშიც შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს თბილისის მერიის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ გენგეგმა შეუსაბამობაში მოდის ე.წ. მშენებლობის კოდექსთან, რომელიც პარლამენტმა 1 წლის წინ მიიღო.

საკანონდებლო ორგანოში ამ წუთებში პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ახალი ე.წ. მშენებლობის კოდექსით განსაზღვრული რეგულაციების გადავადება ხდება.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ევროპული საქართველო“ ამ საკანონმდებლო პაკეტს მხარს არ დაუჭერს, რადგან თუკი თბილისი ე.წ. მშენებლობის კოდექსის რეგულირების მიღმა დარჩება, მშენებლობის ნებართვების გაცემაზე იარსებებს კორუფციული რისკები.

„თბილისის მერია იღებს ქალაქის გენგეგმას, და დღეს მერიის შესაბამისი სამსახურები გვეუბნებიან, რომ თურმე ეს გენგეგმა წინააღმდეგობაში არის პარლამენტის მიერ 1 წლის წინ მიღებულ კოდექსთან, აღიარებენ, რომ გენგეგმა ჩასასწორებელია. უფრო მეტიც, ისინი აღიარებენ, რომ გადასაკეთებელია ელექტრონული პლატფორმები, რათა ელექტრონული სისტემა დაეწიოს შეცვლილ რეგულაციებს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ თბილისის მერია ახლა არსებული სისტემის გაგრძელების საშუალებას ითხოვს, სადაც ერთი მხრივ, ვხედავთ გაცემულ ნებართვებზე ღია კორუფციულ ინტერესებს, ხოლო მეორე მხრივ, იქ, სადაც მოქალაქეების ინტერესია, ვხედავთ სრულ არაკომპეტენტურობას. ჩვენთვის მიუღებელია, ასეთი ფაქტის წინაშე ჩვენი ქალაქის დაყენება,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ზაზა გაბუნია წარადგენს, შეიცავს ცვლილებებს, რომელიც ახალი ე.წ. მშენებლობის კოდექსის ამოქმედებასთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, 2019 წლის 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს. საკანონდებლო პაკეტის თავდაპირველი ვერსიით, თბილისის მერიისთვის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში და პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებების ამოქმედდება 1 წლით უნდა გადავადებულიყო. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, კანონპროექტის ინიციატორებმა ცვლილებების ამოქმედების გადავადება 6 თვით მოითხოვეს.

ამასთან, ახალი ინიციატივით, განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს მოიცავს, იურიდიულ ძალას 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ინარჩუნებს.

ცვლილებების არგუმენტად მითითებულია ის, რომ მერიამ ნორმატიული აქტების ახალ მშენებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოასწრო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა