ბორჯომში, ცენტრალური გზის მიმდებარედ, გამწვანების სამუშაოები დაიწყო

ბორჯომში, ცენტრალური გზის მიმდებარედ, გამწვანების სამუშაოები დაიწყო

ქალაქ ბორჯომში, ცენტრალური გზის მიმდებარედ, გამწვანების სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, არსებული მონაკვეთის მთელ სიგრძეზე განლაგდა საყვავილეები, სადაც დღეს ტუიების ნერგები გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა დარგეს.

„მიმდებარე ტერიტორიას წლების განმავლობაში, სატვირთო მანქანები და სპეც-ტექნიკა იკავებდა, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა. ამიერიდან კი ტერიტორიას მწვანე ნარგავები დაამშვენებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის იერსახეზე ზრუნვა წლის დასაწყისიდან აქტიურად მიმდინარეობდა. ქალაქ ბორჯომში მთავარი გზის ორივე მხარეს მოეწყო დეკორატიული მოაჯირები, სულ რამდენიმე ხნის წინ, განლაგდა საყვავილეები და დაირგო სხვადასხვა ფერის სეზონური ყვავილები.

ქალაქის სილამაზისთვის ზრუნვა, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.