ბათუმში დასაქმების ფორუმი  ჩატარდა

ბათუმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, სამუშაოს მაძიებლებს 60-მდე დამსაქმებელმა 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და ენერგეტიკის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

„ფორუმი უმუშევრობის დონის შემცირების ეფექტური ინსტრუმენტია, რაზეც დასაქმების სტატისტიკის შედეგების მზარდი ტენდენცია მეტყველებს. მის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან ერთმანეთს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბათუმის დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ გახსნა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებსა და მოწვეულ სტუმრებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ბათუმის დასაქმების ფორუმში, შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები და პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციითვე, დასაქმების ფორუმები კურსდამთავრებულებს ახლად ათვისებული პროფესიული უნარებითა და ცოდნით სწრაფად დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

მიმდინარე წელს, მასშტაბური დასაქმების ფორუმი აღმოსავლეთ საქართველოშიც გაიმართება, მას შემდეგ რაც პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა