შალვა შავგულიძე - ივანიშვილს აქვს გადაწყვეტილი, რომ მისთვის უმჯობესია, შალვა თადუმაძე და ზაზა თავაძე იყვნენ უზენაეს სასამართლოში

საჭიროა საზოგადოების ფართო პროტესტი, რათა მომავალი 20-30 წლის მანძილზე არ მივიღოთ ისეთი მოსამართლეებით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლო, რომლისაც საზოგადოებას არ სჯერა, - ამის შესახებ ბლოკ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა შალვა შავგულიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ახალ 144-კაციან სიას.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ძველი 10-კაციანი სიიდან 8 პირი ისევ გვხვდება ახალ სიაში, მოწმობს, რომ იუსტიციის საბჭო მათ პარლამენტს ისევ წარუდგენს. შაგვულიძის განცხადებით, უნდა ველოდოთ, რომ უზენაესი სასამართლო აბსოლუტური უმრავლესობით დაკომპლექტდება „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი კანდიდატებით.

„იმ 10 კაციანი სიიდან, რომელმაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია, 8 პირი წარმოდგენილია ახალ 144-კაციან სიაში. არ არიან მხოლოდ დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე. უნდა ველოდოთ, რომ რვავეს თუ არა, შესაძლოა მოჩვენებითად ერთი დააკლონ, მაგრამ უმრავლესობა წარდგენილი იქნება პარლამენტის წინაშე. ახალ სიაში, ასევე, დამატებულია ე.წ. კლანის უშუალო შემადგენლობაში მყოფი მოსამართლეები: გეწაძე, თევზაძე და მამისეიშვილი. ისინი კლანის გადაწყვეტილებების აშკარა მხარდამჭერები არიან და აგრესიულობით გამოირჩეოდნენ იუსტიციის საბჭოს იმ არამოსამართლე წევრების მიმართ, რომლებიც კლანის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებდნენ და არასამთავრობო სექტორის მიმართ.

უნდა ველოდოთ, რომ უზენაესი სასამართლო აბსოლუტური უმრავლესობით დაკომპლექტდება „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი კანდიდატებით. შესაძლოა, მოჩვენებითად ადვოკატურის ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იქნეს გაყვანილი,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ის ასევე, გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ მოსამართლეობის მსურველთა 144 კაციან სიაში არიან მოქმედი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე. შავგულიძის აზრით, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ უზენაეს სასამართლოში ეს ორი ადამიანი სჭირდება.

„სამწუხაროდ, ამ სიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრულად აკონტროლებს სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებს. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის გარემოება, რომ საკუთარი კანდიდატურა დასახელებული აქვთ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს. სწორედ ბიძინა ივანიშვილს აქვს გადაწყვეტილი, რომ მისთვის უმჯობესია, ეს ორი ადამიანი იყოს უზენაეს სასამართლოში. ალბათ, მას უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და ვინ იქნება გენერალური პროკურორი. როდესაც ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა აქვს, რომ ასე ერთპიროვნულად განაგოს სამართალწარმოებისა და მართლმსაჯულების სფერო, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში სამართალი ვერ გვექნება ქვეყანაში და არც გვაქვს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა