ნათია თურნავა - წალენჯიხელებს დავპირდი, რომ სულ მალე დაიწყებოდა გაზიფიცირების სამუშაოები და ამ დანაპირებს ვასრულებთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორთან, ჯაბა ხმალაძესთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი წალენჯიხაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროცესში დაგეგმილი სამუშაოების დეტალები გააცნო.

ნათია თურნავას ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3-წლიანი გეგმის ფარგლებში 13 სოფელი გაზიფიცირდება.

„დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული დღეა წალენჯიხისთვის, რადგან აქ ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი. ჩვენ შემოდგომაზე ვიყავით აქ ჩამოსულები, პირადად მე შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას და დავპირდი, რომ სულ მალე დაიწყებოდა გაზიფიცირების სამუშაოები. ამ დანაპირებს ვასრულებთ.

მთავრობამ დაამტკიცა 3-წლიანი გეგმა და სულ რამდენიმე დღის წინ ეს სამუშაოებიც დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს, გათბობის სეზონის დადგმომამდე, ანუ ზაფხულის მიწურულს 3000-მდე წალენჯიხელს, ოჯახს სახლებში ბუნებრივი აირი ექნება “, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური, აიგება 39 675 მეტრი მაღალი წნევის მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 132 597 მეტრი სიგრძის მქონე გაზსადენი. პროექტის დასრულების შემდეგ 2 897 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვას.

2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით 226 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება, საიდანაც 75 - სამეგრელოშია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს