IDFI – 2017-18 წლებში 7-მა გუბერნატორმა 132 ათასი ლიტრის საწვავი დახარჯა - თითოეულის მიერ გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია

2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ ჯამში 132 ათასი ლიტრის საწვავი დაიხარჯა, - ამის შესახებ IDFI-ის მიერ მოზადებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ორგანიზაციამ გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზის შედეგად დაადგინა.

როგორც ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი, თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით კი, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დედამიწას დაახლოებით სამჯერ შემოუარეს.

ამავე კვლევის თანახმად, 9 გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე 78 ავტომობილი ირიცხება, რომელთა 49% არის მაღალი გამავლობის, ხოლო 46% არის განპიროვნებული კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზე.

ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია TOYOTA LANDCRUISER-ის მოდელის ავტომობილი, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული. გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის 73% არ ყოფილა შეძენილი მათი ბიუჯეტის ფარგლებში და ისინი უსასყიდლოთ გადმოცემული იქნა სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ. 2015 წლის 21 აგვისტოს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რუსთავის მერს მიმართა თხოვნით, გადაეცათ ის ავტომობილი, რომელიც იმავე დღეს 71,373 ლარად იყო შესყიდული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

2017-2018 წლებში გუბერნატორების მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტები 700-დან 1 500 ლიტრამდე მერყეობდა. 2017-2018 წლებში 7 კი, გუბერნატორის მიერ სულ დახარჯულია 132,208 ლიტრის საწვავი“, - ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევის თანახმად, 2018 წელს გურიის გუბერნატორების საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები მათ მიერვე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაში არ არის.

„2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ დაფარულია 750 ათასი კილომეტრი. ისინი 2017 წელს საშუალოდ 52.5 ათას კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო 2018 წელს – 54.7 ათას კილომეტრს. თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას. 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით – 215 კილომეტრს. 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების 100 კმ-ზე საშუალო წვის მაჩვენებელი 15 ლიტრიდან 19.83 ლიტრამდე მერყეობდა“, - აღნიშნულია კვლევაში.

IDFI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის ანალიზმა ნათლად აჩვენა მის რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები.

„კერძოდ, გუბერნატორების ადმინისტრაციების ბიუროკრატიული აპარატის ავტოპარკის მასშტაბი, არაეკონომიური მაღალი გამავლობის და ძვირადღირებული მოდელების მაჩვენებლები, და საწვავის მოხმარების არსებული მაჩვენებლები ცალსახად ოპტიმიზაციის და კონტროლის მექანიზმების გამკაცრების აუცილებლობაზე მიუთითებს.

გუბერნატორების ადმინისტრაციის ავტოპარკის განკარგვის გამჭვირვალობისათვის მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება შეფასდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ და თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემის არსებული პრაქტიკა. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე შემავალი მუნიციპალიტეტების მიერ ძვირადღირებული ავტომობილების უსასყიდლოდ გადმოცემა აჩენს კითხვებს მუნიციპალური ქონების მიზნობრივად განკარგვასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება მმართველობის დეცენტრალიზაციის მიზნებს და ეჭვ ქვეშ აყენებს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხს.

გუბერნატორების მიერ ავტოპარკის განკარგვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფო ავტოპარკის ცენტრალიზებული სერვისის ჩამოყალიბების საკითხის განხილვის აუცილებლობაზე, რომლის მართვაში მოექცევა ყველა, მათ შორის გუბერნატორის ადმინისტრაციების ბალანსზე არსებული სახელმწიფო ავტომანქანა.

2017-2018 წლებში სახელმწიფო გუბერნატორების მაგალითზე განხილული საწვავის მოხმარების პრაქტიკა, რაც გამოიხატება ცალკეულ შემთხვევებში არაგონივრულად მაღალი ოდენობის საწვავის ათვისებაში, ცალსახად მიუთითებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. კერძოდ, მიზანშეწონილია, შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურეობრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა - ე.წ. ჩიპი“, - აღნიშნულია კვლევაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო