ლია მუხაშავრია - ხელისუფლება არაფერზე იხევს უკან და ისიც კი არ უნდა, პარლამენტში მოსამართლეების დამტკიცების პროცესში, ვინმე „შემთხვევითაც კი არ გაეპაროს“

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ მოსამართლეთა შერჩევის თემაზე “ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელ დირექტორს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის საბჭომ გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული.

იუსტიციის საბჭოსა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე „ინტერპრესნიუსს“ თქვენთან ბევრჯერ უსაუბრია.

ჩვენ გვახსოვს ამ თემაზე თქვენი საკმაოდ მკაფიო და კარგი გაგებით ხისტი პოზიცია. ამიტომ, საუბარის დაწყება გვინდა ვთხოვოთ მოსამართლეობის 144 კაციანი სიის შეფასებით. მაშ ასე, როგორ შეაფასებდით ამ სიას?

- თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სია მეტისმეტად გრძელი და ეკლექტურია, მასში არის ბევრი ცნობილი სახელი, რომელიც პროფესიულ წრეებში პატივსაცემ პრაქტიკოს იურისტად და ადვოკატადაა ცნობილი, არიან ძალიან მაღალი თანამდებობის ან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებიც.

სია მეტისმეტად გრძელი და ეკლექტურია

ვფიქრობ, ამ სიაში უეჭველად უნდა იყოს ის პირები, ვისაც წინასწარ აქვს შეთანხმებული, რომ დაინიშნება, რადგან ჩვენში უკვე კარგად ფეხმოკიდებული კორუფციული სისტემა ასე მუშაობს, წინასწარ თუ არ შეათანხმე დანიშვნის ამბავი, აბა, ისე როგორ მიიღებ ასე ღია კონკურსში მონაწილეობას.

- სიაში არის 8 მოსამართლე, რომლებიც პარლამენტისათვის პირველად წარდგენილ 10-კაციან სიაში იყვნენ, რამაც მმართველ პარტიაში დიდი ხმაურის გარდა განხეთქილებაც გამოიწვია. სიაში მოხვედრილთაგან ყველაზე მეტად ვისმა ყოფნამ გაგაკვირათ და ვისმა მოხვედრამ გაგახარათ?

- როცა წინასწარ შეთანხმებულებზე ვსაუბრობდი, პირველ რიგში სწორედ ამ კანდიდატებს ვგულისხმობდი.

პარლამენტისთვის პირველად წარდგენილ მოსამართლეთა სიიდან ათიდან ათივე რომ არ არის ამ ახალ სიაში, ის უფრო გასაკვირია

ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ კლანი ასე იოლად არ დათმობს ადგილებს უზენაესში, სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს დონეზე, ეს მათი უკანონო ძალაუფლებისა და კონტროლის აუცილებელი ეტაპია და ამიტომ იმ ათიდან ათივე რომ არ არის ის უფრო გასაკვირია.

- სიაში არიან გენ.პროკურორი თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავაძე. როგორც ჩანს, გენ.პროკურორს გენპროკურორის თანამდებობაზე ან დიდხანს არ უნდა მუშაობა, ან მისთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურება უვადო მოსამართლეობა.

სავარაუდოდ, ასევე ფიქრობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავაძეც, რომლის საკონსტიტუციოში ყოფნის ვადა 10 წელია.

მაგრამ, არც ერთს და არც მეორეს მათ თანამდებობებზე მუშაობისას განსაკუთრებული ისეთი არაფერი გაუკეთებიათ, რომ უვადო მოსამართლეებად იქნენ გამწესებული.

ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ თუ მმართველი გუნდი არა, „ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ან თადუმაძეს, ანაც თავაძეს მოიზარებს?

- შალვა თადუმაძეს კრიტიკის სუსხის მეტი არაფერი მიუღია, ვფიქრობ, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, თანაც, გულახდილად რომ ვთქვათ, არაა ადამიანურად და პროფესიულად გენერალური პროკურორობა მარტივი საქმე, სტრესული და დაძაბული სამუშაოა, განსაკუთრებით, თუკი წარმოვიდგენთ, რომ დაკვეთებს ასრულებ, ან ყოველ წუთს ელოდები დაკვეთას.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი უზენაესის თავმჯდომარედ ვიხილოთ

ამიტომ, ბუნებრივია, რაკი შანსი მიეცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ შალვა თადუმაძე ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, მით უფრო, სხვა კანდიდატებთან შედარებით, მას ალბათ ყველაზე ადვილად შეუძლია ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია.

კოტე კუბლაშვილის დროს უზენაესის თავმჯდომარეობა სასურველი, ნაკლებადსტრესული სამუშაო იყო და გენერალურ პროკურორობას ნამდვილად ჯობს. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი უზენაესის თავმჯდომარედ ვიხილოთ.

- ამ სიის კრიტიკოსები ყველა მხრიდან იმაზე საუბრობენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მსურველთა სიაში მრავლად არიან როგორც „ოცნების“ მხარდამჭერები, ისე „ნაციონალების“ მხარდამჭერები.

მეტიც, კვალიფიციურ დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სიაში მოხვედრილთაგან უმრავლესობა ან უშუალო კავშირშია მურუსიძესთან, ან მურუსიძის მხარდამჭერებად მიიჩნევიან.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეთა კორპუსს თქვენ საკმაოდ კარგად იცნობთ, თქვენი დაკვირვებით, ეს სია პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებს შორის ძალთა ბალანსის თვალსაზრისით, სავარუდოდ, როგორ გამოიყურება?

- სასამართლო კორპუსი რომ პოლიტიზებულია, ამაზე, მგონი, დღეს არავინ დავობს. მოსამართლეთა პოლიტიზება ბუნებრივად გულისხმობს მათ აშკარა მხარდაჭერას რომელიმე პოლიტიკური პარტიისადმი. ამიტომ, ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიების ბრძოლა ამ ეტაპზე გაგრძელდება სასამართლოს უზენაეს რგოლში საკუთარი მომხრეების გამწესების მიზნით.

„ოცნებას,“ ალბათ, არ მოუნდება „ნაციონალებს,“ ან სხვებს უზენაეს სასამართლოში ადგილები გაუყოს, რადგან, მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერი მოსამართლეები უნდა ყავდეს და არავინ საეჭვო

თუმცა, ვფიქრობ, „ოცნებას,“ ალბათ, არ მოუნდება „ნაციონალებს,“ ან სხვებს ადგილები გაუყოს, რადგან, მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერი მოსამართლეები უნდა ყავდეს და არავინ საეჭვო. აბა, მაღალი პოლიტიკური ინტერესის საქმე ოპოზიციის მხარდამჭერი მოსამართლის გადასაწყვეტი ხომ ვერ გახდება.

- იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამრთლეების შერჩევას "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ დაიწყებს.

თქვენი აზრით, პარლამენტს დასამტკიცებლად სავარუდოდ, როგორი 20 კაციანი სია გადაეცემა. ანუ, ვინ მოხვდებიან სიაში? და კიდევ, თუ 20 მოსამართლეა დასამტკიცებელი, რატომ არა ეს სია 20-ზე გაცილებით, მეტი, რომ წარდგენილთაგან მოხდეს შერჩევა?

- ბუნებრივია, ისეთი მაღალი თანამდებობის დასაკავებლად, როგორიც უზენაესის სასამართლოს მოსამართლეა, კონკურსი მართლაც უნდა ტოვებდეს მაინც გამჭვირვალობის შთაბეჭდილებას და პარლამენტსაც კანდიდატების დამტკიცებისას უნდა ჰქონდეს გარკვეული დისკრეცია სამიდან ერთი შეარჩიოს.

გამოდის, რომ პარლამენტი ამტკიცებს უკვე შერჩეულ სიას და ვერავის დაიწუნებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ დამტკიცებას ნიშნავს. ანუ, ყველაფერი წყდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ჩვენ ბევრი ვაკრიტიკეთ ამის გამო პარლამენტიც და ხელისუფლებაც.

მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება არაფერზე იხევს უკან და ისიც კი არ უნდა, პარლამენტში მოსამართლეების დამტკიცების პროცესში, ვინმე „შემთხვევითაც კი არ გაეპაროს“.

პარლამენტი ამტკიცებს უკვე შერჩეულ სიას და ვერავის დაიწუნებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ დამტკიცებას ნიშნავს. ანუ, ყველაფერი წყდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ჩვენ ბევრი ვაკრიტიკეთ ამის გამო პარლამენტიც და ხელისუფლებაც

ხომ ვიცით, რომ ჩვენს პარლამენტარებს ხანდახან ხმის მიცემის ღილაკები ეშლებათ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამჟამად უზენაეს სასამართლოში 20 მოსამართლის ადგილი კი არ არის მხოლოდ ვაკანტური, დაახლოებით 2-ჯერ მეტი მოსამართლეა დასანიშნი, მაგრამ ვენეციის კომისიის თავგამოდებული მტკიცებისა და ევროპული სტრუქტურების ჩარევის შემდეგ გადაწყდა, რომ უზენაესის წევრების რაოდენობიდან მხოლოდ ნახევარს დანიშნავს ეს ხელისუფლება, რადგან ეს სასამართლო, ამ შემადგენლობით, სავარაუდოდ კიდევ ორი ან სამი ათეული წელი გვეყოლება, ახლა მოსამართლეები ხომ უვადოდ ინიშნებიან.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტში მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს ფორმალური ხასიათი ექნება. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ მოსამართლეებს შეარჩევს პარლამენტი?

- აქედანვე ცხადია, რომ პარლამენტი მხოლოდ და მხოლოდ იმ სიას დაუჭერს მხარს, რომელსაც ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიიღებს. ძალიან გამიკვირდება რომელიმე 20 კანდიდატიდან რომ ჩავარდეს.

მივიღებთ უზენაესი სასამართლოს ისეთ შემადგენლობას, რომელსაც ექნება სრული თავისუფლება, ვგულისხმობ, მათ შორის კორუფციის თავისუფლება, ხოლო დავალებებისა და ხელისუფლების დაკვეთების, პოლიტიკური საქმეების ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტის აბსოლუტური მზაობა

ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ სახელისუფლო ელიტის შიგნით შეთანხმება მიღწეული არ არის. თუმცა, დღეს არსებულ სიტუაციაში ნაკლებად სავარაუდოა ასეთი რამ მოხდეს.

ჩვენ მივიღებთ უზენაესი სასამართლოს ისეთ შემადგენლობას, რომელსაც ექნება სრული თავისუფლება, ვგულისხმობ, მათ შორის კორუფციის თავისუფლება, ხოლო დავალებებისა და ხელისუფლების დაკვეთების, პოლიტიკური საქმეების ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტის აბსოლუტური მზაობა.

ამიტომ, სულ არ გამიკვირდება, ასეთი ოფიციალური „ქერის ორმოში“ ჩავარდნას დღეს მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირებიც რომ ცდილობენ.

- ამ თემაზე სხვადასხვა დროს თქვენ „ინტერპრესნიუსისთვის“ გაქვთ ნათქვამი - „იუსტიციის საბჭო დაუყოვნებლივ დასათხოვია“, „ოცნებასა“ და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს შორის გარიგება დადებულია“, „ფრთხილად - მოსამართლეთა კლანი უკვე საშიშია“.

ძნელი წარმოსადგენია, რომ პარლამენტის უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატები იმ მოსამართლეებს არ დაუჭერენ მხარს, ვინც მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანში არ შედის. ახლა როცა წინ პარლამენტში უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცედურა წინ გვაქვს, ახლა რას ეტყოდით ერთი მხრივ პარლამენტარებს, ხოლო მეორე მხრივ „ინტერპრესნიუსის“ მკითხველებს?

- ანა ნაცვლიშვილმა თქვა და მინდა სრულად დავეთანხმო მას. ამ პარლამენტის წევრებს, ვინც მხარს დაუჭერს და დანიშნავს კლანის წევრებს უზენაეს სასამართლოში, ქართული საზოგადოება არასოდეს დაუვიწყებს ამას და მათ პოლიტიკურ კარიერაში ეს იქნება შავი ლაქა.

კლანის წევრებისათვის ხმის მიცემით პარლამენტარები ქვეყნის ორი-სამი ათეული წლით დასამარებას აძლევენ ხმას და თუ ვინმეს ეს გაცნობიერებული არა აქვს, მინდა აქედანაც კიდევ ერთხელ ვუთხრა ამის შესახებ.

კლანის წევრებისათვის ხმის მიცემით პარლამენტარები ქვეყნის ორი-სამი ათეული წლით დასამარებას აძლევენ ხმას და თუ ვინმეს ეს გაცნობიერებული არა აქვს, მინდა მათ კიდევ ერთხელ ვუთხრა ამის შესახებ

სულ ახლახანს, რაღაც 20-25 წლის წინ იყო რომ ვაფრთხილებდით პოლიტიკოსებს ნუ ჩაერეოდნენ უკანონოდ სასამართლო ხელისუფლებაში, ნუ დანიშნავდნენ მათზე დამოკიდებულ, უპრინციპო, უსამართლო მოსამართლეებს, რადგან, როცა თავად მათი გასამართლების დრო დადგებოდა, მაშინ მიხვდებოდნენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის ფასს.

ჩვენ გვეჩქარება წინსვლა და პროგრესი, მაგრამ სასამართლოს გარეშე არც ერთი იქნება და არც მეორე

ბევრმა საკუთარ ტყავზე გამოსცადა ეს ჭეშმარიტება და ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ბევრი გამოცდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ცივილიზებული საზოგადოებიდან ძალიან შორს ვართ და პარლამენტის ეს გადაწყვეტილება, ჯერ კანონში ცვლილებების მიღება და მერე კენჭისყრით კლანის და ხელისუფლებას მიკედლებული მოსამართლეების დანიშვნა ცივილიზაციიდან ძალიან შორს გადაგვაგდებს ყველას - სათავეში მყოფთაც და რიგით მოქალაქეებსაც. ჩვენ ხომ ასე გვეჩქარება წინსვლა და პროგრესი, სასამართლოს გარეშე კი არც ერთი იქნება და არც მეორე.

- 9 ივნისს მთაწმინდაზე კახაძე-შავგულიძეს შორის მეორე ტური გაიმართება. გაქვთ მოლოდინი, რომ მთაწმინდის ამომრჩეველს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე ექნება ადეკვატური რეაქცია?

- მე დარწმუნებულიც კი ვარ, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი შეგნებული, სამოქალაქო ღირებულებების მატარებელი ამომრჩეველია და ნამდვილი დემოკრატიული არჩევანის გაკეთებას შეეცდება. სხვა საკითხია, არსებულ ვითარებაში რამდენად განხორციელებადი იქნება მათი ეს მცდელობა და არჩევანი.

მინდა ჩემს ქალიშვილს მივმართო, ის მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ამომრჩეველია - დედი, მიდი არჩევნებზე და შალვა შავგულიძეს მიეცი ხმა, შენი ერთი ხმაც, მინდა, არ დაიკარგოს

მინდა ჩემს ქალიშვილს მივმართო, ის მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ამომრჩეველია - დედი, მიდი არჩევნებზე და შალვა შავგულიძეს მიეცი ხმა, შენი ერთი ხმაც, მინდა, არ დაიკარგოს.

როცა თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად დავდგებით, აი მაშინ შეიქმნება ის განცდა, განცდა კი არა დადგება რეალობა, როცა ძალაუფლება ჩვენ ვართ და სრულად შეგვიძლია ხელისუფლების კონტროლი და იძულებაც კი. დღეს, ჩვენდა ჭირად, შორს ვართ ამისგან, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არც ისე შორს. ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია და ვიცი გავაკეთებთ კიდეც, მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს