ნუკრი ქანთარია - ექსკურსიებთან დაკავშირებული პროექტის მიღება მძღოლებს სანთლით საძებნელს გახდის და საჭესთან სკოლების დირექტორები დასხდებიან

სასკოლო ექსკურსიების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტის წარმოდგენილი სახით მიღება მძღოლებს სანთლით საძებნელს გახდის და საჭესთან დირექტორები დასხდებიან, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს, მხარი დაუჭირეს, თუმცა გამოითქვა მთელი რიგი შენიშვნები.

“პრინციპებზე გეთანხმები, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ავტობუსი უნდა იყოს მწყობრში და თუ დიდ მანძილზე მიდის, თან სათადარიყო მძღოლი ახლდეს, მაგრამ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მაქვს კითხვები - თუ პროექტს ამ სახით დავტოვებთ, მძღოლი სანთლით საძებნელი იქნება ან ისეთ ფასს დაადებს, რომ სკოლას გადახდა გაუჭირდება და საჭესთან დირექტორი დაჯდება. ექსკურსია ბავშვებისთვის აუცილებლია და მას ვერ ავკრძალვათ. თუ მძღოლმა ყოველ 10 დღეში ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის ასაღებად უნდა ირბინოს, ბუნებრივია, იტყვის, რომ მას ამის გაკეთება არ უღირს. საქართველოში არ მინახავს ავტობუსი უკანა ხედვის საშუალებებით - პრობლემა ესეც შეიძლება გახდეს. რაკი ასეთი კანონის მიღება სპეციალურად ექსკურსიებისთვის ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ განათლების სამინისტროს აიპ-ი შეიქმნას, სადაც იქნებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლები და ეყოლებათ ავტობუსები. ამ კანონის მიღების შემთხვევაში მძღოლის ფასიც იქნება ძალიან დიდი“, - განაცხადა ქანთარიამ საკომიტეტო განხილვისას.

სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის საკითხი კანონით დარეგულირდება.

შესაბამისი ცვლილებების შეტანა “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეების გადაყვანას უზრუნველყოფს, ვალდებულია იქონიოს ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით.

მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას.

იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი 500 კილომეტრს აღემატება, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. როგორც ძირითად, ისე სათადარიგო მძღოლს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, ასევე სათადარიგო მძღოლი ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას იქონიოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც არ დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა 10 დღესა არ უნდა აღემატებოდეს.

ცვლილებები იგეგმება “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსშიც“, რომლის გათვალისწინებით, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

ამასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ევალება 2019 წლის 1 ნოემბრამდე სასკოლო ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის შემუშავება და დამტკიცება უზრუნველყოს.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან: ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე და ირაკლი მეზურნიშვილი.

პროექტი კომიტეტს დავით მათიკაშვილმა გააცნო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა