ჭუბერის თემში მდინარე ადიდდა

ჭუბერის თემში მდინარე ადიდდა

ჭუბერის თემში მდინარე დევრულა ადიდდა, რის შედეგად სოფელ ყარს-გურიშთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი დაზიანდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მაჟორიტარმა ზაზა ვიბლიანმა განუცხადა, ხიდზე ავტომანქანით გავლა შეუძლებელია, თუმცა ფეხით მოსიარულეებს გადაადგილება შეუძლიათ. მისივე თქმით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, წყლის დინებამ ამ მომენტისთვის იკლო.

ჭუბერის მკვიდრის, გარი ჩხვიმიანის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების შემთხვევაში შესაძლებელია ადიდებულმა მდინარე დევრულამ კალაპოტი გაარღვიოს და მიმდებარე ტერიტორია დატბოროს. მისივე თქმით, ამ მომენტისთვის იმ ადგილას, სადაც დატბორვის საშიშროებაა, ახლა ტექნიკა მუშაობს და წყალს მიმართულებას უცვლის.

„იმ ადგილზე, სადაც დატბორვის საფრთხე არის, ტექნიკა მუშაობს და წყალს მიმართულებას უცვლის. ამ ეტაპზე სხვაგან არ არის საშიშროება, მაგრამ თუ იწვიმა, მერე არც ტექნიკას შეეკითხება და არც არავის. ნაპირსამაგრი დამბები წაიღო. ძალიან ვიწრო ხეობაა და ნაპირზეც ცხოვრობს მოსახლეობა“, - ამბობს ჩხვიმიანი.

იხილეთ ვიდეო: კადრები ჭუბერიდან, სადაც მდინარე ადიდდა - როგორ ცდილობს რამდენიმე ადამიანი ერთი ტრაქტორით წყლის კალაპოტის შეცვლას?