სემეკ-მა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით შემოწმდა 10 კომუნალური მომსახურების კომპანია. შემოწმების ეტაპზე დაკვირვება განხორციელდა გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნის, მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმების, ელექტრონული ქვითრის, ტექსტური შეტყობინების, გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის, გეგმური წყვეტისა და ქოლ ცენტრის მომსახურებებზე.

სემეკის ინფორმაციით, შემოწმების ანგარიშით, რომელიც განხორციელდა 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, გამოვლენილია როგორც საერთო ხასიათის, ისე ინდივიდუალური, კონკრეტული კომპანიისთვის დამახასიათებელი დარღვევები.

კვლევის ფარგლებში დაფიქსირდა შემდეგი საერთო ხასიათის დარღვევები: კომპანიების მიერ უარი მომხმარებლის განაცხადის მიღებაზე; განაცხადების რეაგირების გარეშე დატოვება; ელექტრონული ფორმით მიწოდებული ქვითრის შინაარსის დარღვევა. ამასთანავე, კომპანიებს არ გააჩნდათ ელექტრონული ქვითრის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნის მომსახურება. დარღვევები დაფიქსირდა მომარაგების შეწყვეტა/აღდგენის მომსახურებასთან დაკავშირებითაც. მომსახურების ცენტრებში არ იყო განთავსებული/ხელმისაწვდომი სემეკის ნორმატიული აქტებით და გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ღია (საჯარო) ინფორმაცია.

რაც შეეხება ინდივიდუალური ხასიათის დარღვევებს, ცალკეულ კომპანიებში დაფიქსირდა მიერთების საფასურის წინასწარ მოთხოვნის, მომსახურების ვადის არასწორად განსაზღვრის, მომარაგების არასწორად შეწყვეტა/აღდგენის ფაქტები, რაც წარმოადგენს სემეკის რეგულაციების დარღვევას.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გიორგი ფანგანის განცხადებით, კვლევის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს ერთთვიანი ვადა განესაზღვრათ. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები არ იქნება გამოსწორებული, კომპანიებს გარკვეული სანქციები დაეკისრებათ.

მისივე ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც "მისტიური მომხმარებელის" მეშვეობით კომპანიები, დედაქალაქის გარდა, რეგიონებშიც, სულ 19 ქალაქში შემოწმდა.

„ყველაზე დიდ პრობლემად დღესაც რჩება ის, რომ მომხმარებლები სერვისებს ვერ იღებენ იმ სტანდარტით, რა სტანდარტსაც ჩვენ ვითხოვთ, თუმცა უკვე სახეზეა გარკვეული პროგრესი.

მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ თვითონ კომპანიებმა დაიწყეს ანალოგიური პროექტების განხორციელება.

ბუნებრივი მონოპოლიის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების ხარისხის კონტროლი მუდმივი იყოს და არ მოხდეს ყურადღების მოდუნება.

კომპანიებს მიეცემათ ძალიან მკაცრი ვადები ამ საკითხის გამოსასწორებლად, რადგანაც ჩვენ უკვე ხვალიდან, პრაქტიკულად, შემოწმების მეორე ტალღას ვიწყებთ და თუ იგივე პრობლემები განმეორდა, ყველა ის კომპანია დაჯარიმდება, რომლებიც ამ კვლევაში მონაწილეობს", - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

მისივე ინფორმაციით, განხორციელებული კვლევის ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდა წინა კვლევების დროს გამოვლენილი დარღვევების გადამოწმება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე დადგინდა, რომ დარღვევები არ განმეორებულა.

„მისტიური მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში დაკვირვება განხორციელდა სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყალისა“და შპს „ბათუმის წყალის“ მიერ მომხმარებლებზე გაწეული მომსახურებების პროცესზე, ასევე სემეკის მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებზე.

სატენდერო პირობების საფუძველზე, სემეკის დაკვეთით კვლევა განახორციელა შპს „4 სერვის ჯი სეილსმა“.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
თენგიზ ცერცვაძე - სიმართლე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა