ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო მიიღო

ბათუმი World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მიიღო და ისეთ მნიშვნელოვან ნომინანტებზე, კონკურენტებზე მოიპოვა გამარჯვება, როგორებიცაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარი (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია). ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ჯილდოს მიღებისას ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც დელეგაციის წევრებთან ერთად პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე გამართულ დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა.

,,ვულოცავ ბათუმს ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებას. ესაა კიდევ ერთი ახალი ეტაპი ჩვენი ქალაქისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკის განვითარებას, ისე ყველა ქართული ოჯახის უკეთეს ხვალინდელ დღეს”, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

World Travel Awards-ის ჯილდო, ბათუმის გარდა, ევროპის წამყვანი საზღვაო მიმართულებისთვის მიიღო ალგარვემ (პორტუგალია), ფესტივალებისა და ივენთების წამყვანი მიმართულებისთვის გლაზგომ (შოტლანდია) და ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებისთვის პორტუგალიამ. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები და ტურისტული ატრაქციები.

,,ჩვენი სტრატეგია ძალიან დიდი ხანი მოდიოდა აქეთკენ. ვულოცავ მთელ ქვეყანას, კუთხესა და ქალაქს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და აღიარებას. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე სწრაფად მზარდი ევროპული მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, ვინც არ დაიზარა და ხმა მისცა ბათუმს“,- აცხადებს სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი. ღონისძიების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა მადეირას რეგიონული მთავრობის პრეზიდენტს მიგელ ალბუკერკეს.

World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო