აგარაში მოკლული მამაკაცის სიმამრი - ექსპერტმა თქვა, ვერ დავთვალეთ იმდენი ჭრილობა ჰქონდა, სახეზე და ტანზე სულ დაჩეხილია

აგარაში მოკლული 41 წლის მამაკაცის სიმამრის ინფორმაციით, მოკლულს არაერთი ჭრილობა აქვს მიყენებული როგორც ტანზე ისე სახეზე. როგორც გივი ოსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია ჭრილობების შესახებ ექსპერტიზის შედეგად გახდა ცნობილი. ოსაძე მკვლელობის მიზეზებზე ვერ საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ დანაშაულის ჩამდენს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

„შვილმა დამირეკა, მამა, ზვიადი დაჭრეს და მოდიო. გავიქეცი, მივედი და ვნახე, რომ სულ დაჩეხილია. ჯერ მარტო სახეზეა სულ დაჩეხილი და ტანზე. ექსპერტი, რომ კერავდა თურმე, ვეღარ დავთვალეთო იმდენი ჭრილობა იყო და დავანებეთ თავი თვლასო. ყველას უკვირს, არ ვიცი რა მოხდა. ფსიქიურადაა დაავადებული თუ რა მოუვიდა არ ვიცი“, - განაცხადა მოკლულის სიმამრმა.

პოლიციამ დაბა აგარაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები გახსნა, დაკავებულია 1 პირი.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 1966 წელს დაბადებული ა.ხ. განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა აგარაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1978 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ა.ხ.-მ იმავე ცივი იარაღის გამოყენებით, მეუღლეს - 1970 წელს დაბადებული ლ.დ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა