ბათუმში, ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბათუმში, ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში 31 ქუჩა, ჩიხი და შესასვლელი მოწესრიგდება.
ბათუმის მერის ლაშა კომახიძის თქმით, ამჟამად, ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე,ასევე სულაბერიძის ქუჩიდან თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს.
„აღნიშნულ მისამართზე KfW-ს პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გადაადგილების მხრივ შეზღუდვებია, რისთვისაც მოქალაქეებსა და მძღოლებს ბოდიში მინდა მოვუხადო", - განაცხადა ლაშა კომახიძე.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის აპრილში დასრულდება. პროექტის ღირებულება 4 982 773, 39 ლარს შეადგენს.

























