ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2019

ვაშინგტონის მკაცრი გზავნილი თბილისს ანაკლიას პორტზე, სამართლიან არჩევნებზე და სასამართლოზე

დიდი მოლოდინი - ალბანეთის საშიში პრეცედენტი საქართველოსთვის

***

ვაშინგტონის მკაცრი გზავნილი თბილისს ანაკლიას პორტზე, სამართლიან არჩევნებზე და სასამართლოზე

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა. პომპეომ, ტრადიციულად საქებარი სიტყვები არ დაიშურა საქართველოს მიმართ, ჩვენი ისტორიის ცოდნაც გამოამჟღავნა და უკვე ტრადიცული მადლობა ავღანეთის და ერაყის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ღია გზავნილი ანაკლიას პორტის პროექტთან დაკავშირებით, რაც არის ნათელი დასტური ვაშინგტონის მტკიცე ინტერესისა, ასევე, გზავნილი სასამართლო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და სამართლიან არჩევნებზე. მე იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ვაშინგტონში,საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვაშინგტონის მკაცრი გზავნილი თბილისს ანაკლიას პორტზე, სამართლიან არჩევნებზე და სასამართლოზე / “იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს” - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი

"პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით", - განაცხადა პომპეომ. „დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს გააუმჯობესოს სასამართლოს სისტემა და დაარწმუნოს (დაადასტუროს), რომ მისი დემოკრატია მოიცავს თავისუფალსა და სამართლიან არჩევნებს. "პრემიერ-მინისტრთან აგრეთვე მქონდა შანსი, განმეხილა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობა და დავრწმუნებულიყავი, რომ სახელმწიფო სააგენტოები მუშაობენ კანონიერად და ასრულებენ იმას, რასაც საკუთარ მოქალაქეებს დაჰპირდნენ", - განაცხადა მაიკლ პომპეომ”, - აღნიშნავს გამოცემა.

„საქართველოს ძალისხმევა მიძლიერებს რწმენას და პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, - დაამატა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობის დონემ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია”, - დასძენს გამოცემა.

"2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და განახორციელა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. ამ კრიზისის შემდეგ საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნეს პლატფორმა, რომელიც ემსახურება საქართველოს აღმშენებლობის, მისი ინსტიტუტების განმტკიცების, დემოკრატიული განვითარების და კანონის უზეუნაესობის უზრუნველყოფის. "ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავების მიზანს.საქართველოს მიღწევების დიდი ნაწილი სწორედ აშშ-საქართველოს წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობის უშუალო შედეგია, რომლის მე-10 წლისთავს ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დინამიურ და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას და ჩვენმა კავშირებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში", - განაცხადა პრემიერმა”, - წერს სტატიის ავტორი.

დიდი მოლოდინი - ალბანეთის საშიში პრეცედენტი საქართველოსთვის

"საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დამთავრდება ალბანეთისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ჰოლანდიის მიერ დაყენებული წინადადება. თუ ჰოლანდიის ეს წინადადება დაკმაყოფილდება, მაშინ მეორე ქვეყანა, რომელიც ამ თემაზე მოიაზრება, ყველა ვარიანტში საქართველოა და გამორიცხული არ არის, რომ ალბანეთის შემდეგ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საქართველოს საკითხიც დადგება,"- აცხადებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია. არსებობს თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ევროკავშირში ოფიციალურად დღის წესრიგში არ დგას, სულ უფრო და უფრო ხშირია საუბრები იმაზე, რომ შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი სტატისტიკა შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი გახდეს. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ევროკომისიას ნიდერლანდების ხელისუფლებამ ალბანეთისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მოთხოვნით მიმართა, საქართველოში ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დიდი მოლოდინი - ალბანეთის საშიში პრეცედენტი საქართველოსთვის / “ალბანეთის შემდეგ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე შესაძლოა საქართველოს საკითხიც დადგეს”

„სტატისტიკის მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა იზრდება და თუ მხოლოდ საფრანგეთის მაგალითს მოვიყვანთ, ეს რიცხვი გაოთხმაგდა კიდეც. მაგალითად, 2017 წლიდან 2018 წლამდე საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 11 100-დან 19 300-მდე გაიზარდა. ამ 19 300 განმცხადებლიდან კი 7 000 საფრანგეთში ითხოვდა თავშესაფარს. გასულ წელს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდაზე პრეტენზია პირველად გერმანიიდან გაისმა. შემდეგ მას მოჰყვა საფრანგეთშიც და საფრანგეთში ეს პრობლემა 2019 წელსაც მწვავედ დგას. იქმნება თუ არა საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენებით "საგანგებო სიტუაცია" და რამდენად შესაძლებელია შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საქართველოსთან მიმართებაში?“, - აღნიშნავს გამოცემა.

"უცხოელი ანალიტიკოსების თქმით, ტექნიკურად, საფრანგეთს, 7000-მა მოითხოვა თავშესაფარი, შეუძლია კომპლექსური შეჩერების პროცედურის წამოწყება. თუმცა, შეჩერების მექანიზმამდე მისვლა არც ისეთი მარტივია. ეს მოითხოვს ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის თანხმობას, მას შემდეგ რაც დადგინდება სხვადასხვა ისეთი ფაქტორი, როგორიცაა დაზარალებული ქვეყნების რაოდენობა (რაც საქართველოს შემთხვევაში არც ისე დიდია) და ევროკავშირში მიგრაციის მდგომარეობაზე ზოგადი გავლენის დონე. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მიზეზი იმის, თუ რატომ იზიდავს მაგალითად საფრანგეთი თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების დიდ რაოდენობას, პროცედურის ხანგრძლივობაა. საფრანგეთში საშუალოდ 6 თვე და ზოგჯერ უფრო მეტი დრო სჭირდებოდა თავშესაფრის მაძიებლების საკითხი გადაწყდეს. პროცედურების დროში გაწელვა კი ადამიანებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ სტატუსთან დაკავშირებული ბენეფიტებით (საცხოვრებლის და სამედიცინო უზრუნველყოფა, ფულადი უზრუნველყოფა) და ზოგჯერ შავ ბაზარზე დამატებითაც გამოიმუშაონ თანხა. ქვეყნებში, სადაც თავშესაფრის გაცემის პროცედურები დროში შემცირებულია, მაგალითად შვეიცარიაში, მყისიერად შემცირდა უსაფუძვლო მთხოვნელთა რიცხვიც”, - განაგრძობს გამოცემა.

"აღსანიშნავია, რომ გერმანიამ შეამცირა პროცედურების ხანგრძლივობა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზიც, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების განაცხადების რაოდენობა გერმანიაში შემცირდა. ახლა უკვე პროცედურების შემცირებაზე საფრანგეთიც მუშაობს. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიას ამბობს, რომ ადვილი არ არის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება და ბრიუსელის ოფისი მაქსიმალურად წინააღმდეგობას გაუწევს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოთხოვნას ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. თუმცა, საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დამთავრდება ალბანეთისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ჰოლანდიის მიერ დაყენებული წინადადება. „შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ნიშნავს ამ რეგიონებში ევროკავშირის იმიჯის შელახვას. ამიტომ, ევროკავშირის ინსტიტუტები ბოლომდე იბრძოლებენ, რომ ეს არ მოხდეს. თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ალბანეთთან მიმართებაში. "თუკი ჰოლანდის წინადადება გაიზიარა სხვა ქვეყნებმა, ეს ჩვენთვის არც თუ კარგი სიგნალი იქნება. დღეს საქართველოს საკითხი პირველ რადარზე არ დგას, მაგრამ, გააჩნია, როგორ იქნება დინამიკა იმ ქვეყნებში, სადაც პრობლემა გვაქვს, იგივე საფრანგეთში, შვედეთში”, - დასძენს გამოცემა.

"გერმანიაში ნელ-ნელა მოიკლო რაოდენობამ, თუმცა არ ვიცით, რამდენად მდგრადია ეს და ასევე სხვა ქვეყნებშიც ხომ არ გამოჩნდება ზრდის ტენდენცია. თუ დინამიკა კლებისკენ არ წავიდა და ეს საკითხი დასვა არა ერთმა ქვეყანამ, როგორც ეს ალბანეთის შემთხვევაშია, არამედ - საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა, მაშინ სიტუაცია უფრო გართულდება, რადგან გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის მძიმეწონიანი ქვეყნებია და ბრიუსელს უარის თქმაც გაუჭირდება. "ევროპელი ექსპერტები ამბობენ, რომ მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს ევროპელების მოსმენა და ევროპელებთან თანამშრომლობაზე იყოს ორიენტირებული. თუმცა, ახლა ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია ალბანეთის საკითხი, "- ამბობს კაკაჩია”, - წერს სტატიის ავტორი.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს