ზურაბ ჭიაბერაშვილი - ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება. ამასვე ადასტურებს პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც, - ამის შესაბებ პარტია „ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პრობლემაზე ყურადღების არ გამახვილებით უფრო დაზიანდება პროგრამა, ვიდრე კრიტიკულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით.

„2019 წლის მარტში დავით სერგეენკომ უკვე აღიარა, რომ სამწუხაროდ 2020 წლისთვის კომპანია "გილეადისა" და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაფინანსებითა და ეგიდით საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება. ამასვე ადასტურებს პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც. ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს,” - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, საგანგაშოა, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ "C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე" 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 4.7 მლნ ლარი დახარჯა.

„ეს იმ დროს, როდესაც C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება - ე.წ. სწრაფი ტესტი - სავალდებულო და უფასო მხოლოდ ჰოსპიტალური პაციენტებისათვისაა, ხოლო ამბულატორიული პაციენტებისათვის - ფასიანი. არადა ოჯახის ექიმს, ექიმ-სპეციალისტს, დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს ყოველწლიურად ასიათასობით მოქალაქე აკითხავს და მხოლოდ მენეჯმენტის აწყობა უნდა, რომ პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში მისულ ამბულატორიულ პაციენტს ჯანდაცვის სისტემა ავტომატურად, სავალდებულოდ და უფასოდ უტარებდეს C ჰეპატიტზე პირველად შემოწმებას. როგორც ირკვევა, ამისათვის საბიუჯეტო თანხების პრობლემა არ დგას, საქმე ჯანდაცვის სამინისტროს გაუმართავ მენეჯმენტშია. ასეთი მენეჯმენტით, ასეთი ტემპებით 2020 წელს - როგორც დასახულია - საქართველოში C ჰეპატტიტის აღმოფხვრა ვერ მოხდება,” - ამბობს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო ამის აწყობა, რომ მთელმა მოსახლეობამ გაიაროს C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება, რაც აუცილებელი საწყისი ეტაპია იმისათვის, რომ ამ დაავადების სრულ აღმოფხვრამდე მივიდეთ.

პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა წარმოადგინა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას 2018 წლის 13 დეკემბრის წერილი, რომლის მიხედვით: 2 წლის წინანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებული დაახლოებით 150 000 ადამიანია. ელიმინაციის პროგრამის დასახული მიზანია, 2020 წლისთვის მინიმუმ 135 000 ადამიანს (ანუ 90%-ს) ჰქონდეს მკურნალობის კურსი გავლილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, როგორც წერილშია მითითებული, პროგრამის დაწყებიდან, 2018 წლის დეკემბრამდე პირველადი შემოწმების კომპონენტში 123 000-ზე მეტ პირს დაუდგინდა C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა. წარმოდგენილი მონაცემებით, 123 000-დან განმეორებითი, ე.წ. დადასტურების კვლევა ჩაიტარა 75 400-მა პირმა, ხოლო მათ შორის დაავადება დაუდგინდა 64 200 პირს. ამ 64 200-დან სრული დიაგნოსტიკური კვლევა ჩაიტარა 52 400-მა პირმა. ამ 52 400-დან მკურნალობაში ჩაერთო 51000 და მკურნალობა დაასრულა 48000-მა პირმა.

ჭიაბერაშვილის აზრით, თუ 4 წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, საინტერესოა, როგორ მოხერხება 2020 წლამდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა.

„ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს. საგანგაშოა, რომ ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა