ვანო მაჭავარიანი - ვაშინგტონი გვთავაზობს ანაკლიის პროექტს გეოსტრატეგიულად შევხედოთ და წერტილი დაესვას კინკლაობას მთავრობასა და კონსორციუმის მფლობელებს შორის

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი" პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

- ბატონო ვანო, დასრულდა აშშ-ში პრემიერ მამუკა ბახტაძის ვიზიტი, რომლის ფარგლებში მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან.

შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ბატონმა პომპეომ საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ მკაფიო განცხადებები გააკეთა სასამართლოზე, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ანაკლიის პორტზე. თქვენ როგორ შეაფასებდით მაიკ პომპეოს გზავნილებს?

- როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ვაშინგტონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც წელს 10 წელი შეუსრულდა.

აშშ საერთაშორისო არენაზე რჩება საქართველოს ყველაზე სანდო პარტნიორად ჩვენი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში

მართლაც, ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საშუალებას იძლევა ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად. რამდენად შეძლო ქართულმა მხარემ მაქსიმალურად გამოეყენებინა ეს შესაძლებლობები, სადავო თემაა.

რესურსი იყო ძალიან დიდი, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ამ საკითხებში კი ამერიკელების ინიციატივებს უფრო ვხედავთ რომ გამყარდეს საქართველოს თავდაცვის, უსაფრთხოების და სამხედრო შესაძლებლობები, ვიდრე ჩვენს აქტიურობას.

გარდა ამისა, ძალიან მკაფიო გზავნილი იყო დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით, სასამართლო რეფორმის სწორი განვითარების თვალსაზრისით.

დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ძალიან მცირე ნაბიჯებით აშშ-სთან ურთიერთობა, არადა აშშ-სთან ურთიერთობების გასაღრმავებლად შესაძლებელი იყო უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმა

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ აშშ საერთაშორისო არენაზე რჩება საქართველოს ყველაზე სანდო პარტნიორად ჩვენი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს გახდეს თავისუფალი სამყაროს წევრი. იქნება ეს ნატო თუ ევროკავშირი.

ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ძალიან მცირე ნაბიჯებით აშშ-სთან ურთიერთობა, არადა აშშ-სთან ურთიერთობების გასაღრმავებლად შესაძლებელი იყო უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმა.

- „პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ს მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ - თქვენ არ მოგაკლდებათ აშშ-ს მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა მაიკ პომპეომ. თქვენ როგორ აღიქვით პომპეოს ეს საკმაოდ სერიოზული განცხადება?

- შავ ზღვაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, ვგულისხმობ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, დონბასში წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ბაზების გაჩენას, აშშ-სთვის საქართველოს უსაფრთხოება, თავდაცვა მნიშვნელოვანი საკითხია და იგი ვაშინგტონისა და ნატოს სტრატეგიულ სურათშია.

როგორც ჩანს, საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად ამერიკელები კიდევ უფრო დიდ ნაბიჯებს გადადგამენ. ასე იქნება იმ შემთხვეში, თუ ტრამპი მეორე ვადით კიდევ გახდა აშშ-ს პრეზიდენტი

ჩვენ ვხედავთ აშშ-ს ჩართულობას საქართველოს სამხედრო ძალების წვრთნაში, მათ შეიარაღებაში, ეს კი არის წინაპირობა იმისათვის, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსათვის MAP-ის მიცემას, არანაკლებად არის მზად ნატოში გასაწევრიანებლად, როგორც თავის დროზე რუმინეთი, ბულგარეთი თუ სხვა.

როგორც ჩანს, საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად ამერიკელები კიდევ უფრო დიდ ნაბიჯებს გადადგამენ. ასე იქნება იმ შემთხვეში, თუ ტრამპი მეორე ვადით კიდევ გახდა აშშ-ს პრეზიდენტი.

- აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პრაქტიკულად იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პროექტს. მან ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნა, რომ ანაკლიის პორტი აშშ-სთვის სტრატეგიული ინტერესია.

არადა, ფაქტია, რომ ანაკლიის თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ასევე ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები. პომპეოს ამ განცხადების შემდეგ სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ანაკლიის პორტის ირგვლივ?

- ვფიქრობ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ანაკლია არ არის მხოლოდ კომერციული პროექტი. მას საქართველოსთვის აქვს უსაფრთხოების განზომილება. ეს არის ის რესურსი, რომელიც საქართველოს შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზოს შავ ზღვაზე უსაფრთხოების სისტემის გასაძლიერებლად, რაც თავის მხრივ გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას.

თავიდანვე მიმაჩნდა, რომ ანაკლიის პროქტზე მაშინდელი პრემიერისა და მათ შორის კონსორციუმის მხრიდან საუბარი მხოლოდ კომერციულ შესაძლებლობებზე არასწორი იყო.

მაიკ პომპეომ პირდაპირ მიანიშნა, რომ ანაკლია არ არის მხოლოდ კომერციული პროექტი. მას საქართველოსთვის აქვს უსაფრთხოების განზომილება. ეს არის ის რესურსი, რომელიც საქართველოს შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზოს შავ ზღვაზე უსაფრთხოების სისტემის გასაძლიერებლად, რაც თავის მხრივ გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას

როცა პომპეოს განცხადებებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ ანაკლიაზე მისი განცხადება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო. საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს მისთვის არის შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში, რაც ბევრად გაზრდის ჩვენსავე დაცულობას.

ვიმეორებ, ვფიქრობ, რომ თავიდანვე ვერც სახელმწიფომ და ვერც კონსორციუმმა ვერ აიყვანა ეს პროექტი იმ დონემდე, რომ მასზე ისევე ეზრუნა როგორც თავის დროზე ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის პროექტზე. ახლა კი მათ თავიდან უწევთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ მიიღოს კონსორციუმმა ტვირთების მიღების გარანტიები.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ პომპეომ ფაქტობრივად თქვა შემდეგი - საქართველოს არც რუსეთს და არც ჩინეთს არ დაუთმობს. თქვენც ასე აღიქვით ანაკლიაზე პომპეოს განცხადება ანაკლიაზე?

- ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია თავის პარტნიორს დროულად მისცეს სწორი რჩევა. ის გულუბრყვილობა, რომელიც არის პოლიტიკურ თუ ბიზნესწრეებში, ვგულისხმობ იმაზე საუბარს, რომ რუსეთისა და ჩინეთის კაპიტალის მოზიდვა საქართველოსთვის მომგებიანი იქნება. ამგვარი მიდგომა ამერიკელებისთვის აშკარად არასწორი გზავნილია.

ანაკლიის პროექტში აშშ-ს სახელმწიფო თუ ბიზნესდონეზე ჩართულობა არის ერთადერთი გარანტი, რომ ანაკლიის პორტი აშენდება და მიეცემა ის ფუნქცია, რომელიც მას უნდა ჰქონდეს

ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია საქართველომ თავის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე დაყრდნობით სწორად იფიქროს იმაზე, თუ ვინ არიან მისი ხანგრძლივი და სანდო პარტნიორები. ვიმეორებ, ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ანაკლიის პორტი არ უნდა იყოს მხოლოდ კომერციული პროექტი.

ანაკლიის პროექტში აშშ-ს სახელმწიფო თუ ბიზნესდონეზე ჩართულობა არის ერთადერთი გარანტი, რომ ანაკლიის პორტი აშენდება და მიეცემა ის ფუნქცია, რომელიც მას უნდა ჰქონდეს.

- ფაქტია, რომ ანაკლიის პორტისთვის ტვირთების დიდი ნაწილი ჩინური უნდა ყოფილიყო. საუბარია იმ ტვირთებზე, რომელიც ჩინეთს ახლა რუსეთიდან გააქვს. ანუ, ანაკლია რუსეთის კონკურენტი უნდა გახდეს.

ასეთ ვითარებაში ახლა საკითხავი ისაა, მოისურვებს თუ არა ჩინეთი თავისი ტვირთების ანაკლიაზე გატარებას?

- თუ ჩინეთს განსაზღრული აქვს თავისი ტვირთების ტრანსპორტირების დივერსიფიკაცია, მაშინ, ამ თემაზე ჩვენ მათთან ახლა უნდა გვქონდეს დაწყებული მუშაობა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პროექტში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აზერბაიჯანს, რომელიც ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან დამაკავშირებელი ქვეყანაა. ამ პროექტში აშშ-ს ჩართულობა რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს.

თუ ჩინეთს განსაზღრული აქვს თავისი ტვირთების ტრანსპორტირების დივერსიფიკაცია, მაშინ, ამ თემაზე ჩვენ მათთან ახლა უნდა გვქონდეს დაწყებული მუშაობა

ვაშინგტონი გვთავაზობს ანაკლიის პროექტს გეოსტრატეგიულად შევხედოთ და წერტილი დაესვას კინკლაობას მთავრობასა და კონსორციუმის მფლობელებს შორის. თუ პროცესები კინკლაობის სცენარით გაგრძელდა, წერტილი დაესმება თავად ანაკლიის პროექტის პერსპექტივას.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ მთაწმინდაზე არჩევნების დასრულების შემედეგ საშინაო პოლიტიკაში რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო.

მთაწმინდაზე ჩატარებულ არჩევნებში კვლავ მმართვლი გუნდის გამარჯვების შემდეგ, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება საშინაო პოლიტიკაში არსებული ვითარება?

- სურათი საკმაოდ არასახარბიელოა. ოპოზიცია ძლიერია თუ სუსტია, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მმართველი ძალა არჩევნებში გამარჯვების არანაირ შანს არავის უტოვებს. იგი ყველა არჩევნებზე ახდენს ადმინისტრაციული, პოლიციური და კრიმინალური რესურსის მაქსიმალურ მობილიზაციას.

მე თავად ვარ მთაწმინდელი, ჩემი თვალით ვნახე საარჩევნო უბნებზე გაუგებარი წარმოშობის ადამიანების სიმრავლე. ის, რაც ხდებოდა მთაწმინდის საარჩევნო უბნებზე, დემოკრატიასთან და თავისუფალ არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ, სულ მეტად დავკარგავთ დემოკრატიულობის იმიჯს. ხელისუფლება ცოტა მაინც უნდა მოდუნდეს და სხვა ძალებსაც მისცეს პოლიტიკური საქმიანობის საშუალება

საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე თბილისში იყო იმისთვის, რომ გაეკონტროლებინა ის ადამიანები, რომლებიც საჩხერიდან მთაწმინდაზე იყვნენ არჩევნებისთვის ჩაწერილი. ეს ძალიან ცუდი ფაქტებია. არ შეიძლება არჩევნების დღეს დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა.

ამის ფონზე გასაოცარი იყო არჩევნებში გამარჯვების გამო ხელისუფლების წარმომადგენლების ტრაბახი. ასეთი არჩევნები არც ჩვენი მოსახლეობისთვის და არც ჩვენი პარტნიორებისთვის მისაღები ვერანაირად ვერ იქნება.

ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ, სულ მეტად დავკარგავთ დემოკრატიულობის იმიჯს. ხელისუფლება ცოტა მაინც უნდა მოდუნდეს და სხვა ძალებსაც მისცეს პოლიტიკური საქმიანობის საშუალება.

- ბატონმა ვახტანგ ძაბირაძემ ამას წინათ განაცხადა - „მმართველი გუნდი ხელისუფლების გადაბარებაზე არ ფიქრობს, ხელისუფლებასთან ყველაფერი გარკვეულია, ახლა ოპოზიციაში უნდა დადგეს სურათი.“ თქვენი დაკვირვებით რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე?

- ივანიშვილი წარმატებით ახორციელებს დაყავი და იბატონეს პრინციპს. ოპოზიციაში დაქსაქსულობა რომაა ფაქტია.

ვინაიდან ახლა ბარიერი 3%-იანია, ბევრს გაუჩნდება შანსი პარლამენტში მოხვედრის

არჩევნების შედეგები მხარდამჭერთა რაოდენობას და არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან მათ მიყვანას უკავშირდება. ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის დაქსაქსვას. ვინაიდან ახლა ბარიერი 3%-იანია, ბევრს გაუჩნდება შანსი პარლამენტში მოხვედრის.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ახალ თუ ძველ პარტიებს ივანიშვილი დააფინანსებს?

- ჩემი დაკვირვებით, 2020 წლის არჩევნების წინ გაუგებარი სიტუაცია იქნება. მხედველობაში მაქვს ის, რომ იმაზე ბევრად მეტი ვინმე მოინდომებს 3%-იანი ბარიერის გადალახვას, ვიდრე ახლა ჩანს. ხელისუფლება ცდება, რომ ასე შეძლებს ვითარების დალაგებას, ძალიან ცდება.

2020 წელს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მძიმე არჩევნები იქნება

2012 წლის არჩევნებმა აჩვენა, თუ მოქალაქეები ვერ იღებენ იმას, რაც საჭიროა მათი არსებობისთვის, მათი არჩევანის გაკონტროლება შეუძლებელი ხდება. 2020 წელს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მძიმე არჩევნები იქნება.

- ოქრუაშვილმა- სანიკიძემ-გელბახიანმა და კემულარიამ ახალი მოძრაობა დააფუძნეს და განაცხადეს, რომ ისინი შეძლებენ ივანიშვილის დამარცხებას. ოქრუაშვილმა განაცხადა - „ჩვენ გვაქვს ამბიცია ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის დიდი მოძრაობა შევქმნათ.“

ხალხი ბევრი რამის გამო კია გაბრაზებული, მაგრამ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ქართული პოლიტიკური სცენისათვის საკმაოდ კარგად ცნობილ პერსონებს გაყვება გაბრაზებული ხალხი?

- საკმაოდ საეჭვოა, რომ ბევრჯერ ნაცად პოლიტიკოსებს ხალხი გაჰყვეს. ფაქტია, რომ საარჩევნო რუკა ახლა გადანაწილებულია „ქართული ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის.

ჩემი დაკვირვებით, ის ელექტორატი, რომელიც ტრადიციულად არ დადის არჩევნებზე, ახლა ელოდება სხვა ტიპის პოლიტიკოსებს, რომლებსაც სხვა დღის წესრიგი ექნება. და არა იმათ, ვისაც დაბალი ბარიერის გამო პარლამენტში შესვლის სურვილი და პოლიტიკურ თამაშში ყოფნის სურვილი აქვთ.

საკმაოდ საეჭვოა, რომ ბევრჯერ ნაცად პოლიტიკოსებს ხალხი გაჰყვეს. ფაქტია, რომ საარჩევნო რუკა ახლა გადანაწილებულია „ქართული ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის

ახლა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ფიქრობს იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი, რომელიც ელექტორატის უდიდეს ნაწილს მათ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებას აიძულებს. 2020 წელს ამომრჩევლის არჩევანი ან შეცვლის ხელისუფლებას, ან არსებულის ხელისუფლებაში ყოფნას გაახანგრძლივებს.

- თქვენი დაკვირვებით, რა გავლენას იქონიებს მაიკ პომპეოს განცხადებები საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე?

- საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაინახოს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყნის სწორი განვითარების შედეგები და კიდევ უფრო საინტერესო პერსპექტივა.

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერაა გარკვეული იმაში, გეოსტრატეგიულად თუ საითკენ მიყავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ქვეყანა.

საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაინახოს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყნის სწორი განვითარების შედეგები და კიდევ უფრო საინტერესო პერსპექტივა

რუსეთთან ურთიერთობების დათბობა ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობების შესუსტების ხარჯზე ხდება თუ, რამე კეთდება იმისთვის რომ ეს ურთიერთობები თანაბარი და ბალანსირებული იყოს.

სხვათა შორის, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც უნდა ახსოვდეს, რომ ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი არჩევნების მოსაგებად. ერთნიც და მეორენიც მკაფიოდ უნდა იყვნენ ჩამოყალიბებული საით მიჰყავთ ქვეყანა, აქედან რა ეკონომიკური თუ პოლიტიკური სარგებელი აქვს როგორც ქვეყანას, ისე ქვეყნის მოსახლეობას.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა