ზაალ ანჯაფარიძე -  პომპეოს განცხადებების შემდეგ ხელისუფლებამაც და ბიძინა ივანიშვილმაც უკვე იციან, თუ რა ფასის გადახდა მოუწევთ ანაკლიის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკურ ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, 20 ოპოზიციური პარტია მმართველი გუნდისაგან 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას მოითხოვს. მათ პარლამენტში 250 ათასი ხელმოწერაც მოაგროვეს და პარლამენტში შეიტანეს.

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. „ოცნებამ“ ოპოზიცია არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე, თავად რა სერიოზული ცვლილებების განხორციელებას აპირებს.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი იქნება მმართველი გუნდის პასუხი ოპოზიციის მოთხოვნაზე 2020 წელს არ ჩატარდეს არჩევნები შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული წესით?

- ამ ეტაპზე მმართველი გუნდის სავარაუდო პასუხი იქნება „არა“. 2020 წელს არჩევნების სრულიად პროპორციული სისტემით ჩატარება ხელისუფლებას შეიძლება აიძულოს მხოლოდ მრავალრიცხოვანმა საპროტესტო აქციებმა და ასევე საერთაშორისო ზეწოლამ, ვგულისხმობ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს.

2020 წელს არჩევნების სრულიად პროპორციული სისტემით ჩატარება ხელისუფლებას შეიძლება აიძულოს მრავალრიცხოვანმა საპროტესტო აქციებმა და ასევე საერთაშორისო ზეწოლამ

თუ არცერთი ეს ფაქტორი სახეზე არ იქნება, ან იქნება სუსტი და ფრაგმენტული ფორმით, 2020 წელს არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც კონსტიტუციაშია გაწერილი - შერეული სისტემით.

- ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესები დაჩქარებული ტემპითაც კი ვითარდება. სახეზე გვაქვს პოლიტიკური ფიგურების გააქტიურება, რომლების მტკიცებითაც ისინი არიან ის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი დაამარცხოს ივანიშვილი.

ვიდრე ამ თემაზე მეტ კონკრეტიკაზე გადავიდოდეთ, საინტერესო იქნება თქვენეული შეფასება იმისა, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე მმართველი გუნდის გამარჯვების შემდეგ რა ვითარებაა და როგორი სურათი გვაქვს საშინაო პოლიტიკაში?

- მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა არა მხოლოდ მთაწმინდის ოლქში, არამედ ყველა შუალედურ არჩევნებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას გააჩნია საკმარისი რესურსები იმისათვის, რომ მოიპოვოს ის ელექტორალური მხარდაჭერა რაც საკმარისია არჩევნების მოსაგებად.

შუალედური არჩევნების შედეგებიდან ჩანს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ელექტორალური პრეფერენციების გადანაწილებაში ჯერ არ მომხდარა

როგორც შუალედური არჩევნების შედეგებიდან ჩანს, „ნაცმოძრაობა,“ მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ან მასთან პარტნიორობაში მყოფი ოპოზიციური პარტიები, მეტნაკლებად ინარჩუნებენ იმ მხარდაჭერას რაც ჯამურად მიიღეს საპრეზიდენტო არჩევნებზე. ანუ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ელექტორალური პრეფერენციების გადანაწილებაში ჯერ არ მომხდარა.

ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ველზე არ გამოჩენილა ახალი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც წაიღებდა გადაუწყვეტელი ელექტორატის ხმებს და ამომრჩეველთა რაღაც სეგმენტს წაართმევდა ორ ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეს.

დღეს მთელი საშინაო პოლიტიკა გადართულია 2020 წლის არჩევნებზე და პარტიები ფაქტიურად წინასაარჩევნო რეჟიმში არიან, რაც აისახება მათ ქმედებებზეც - ცდილობენ ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი დათმობები გამოგლიჯონ საარჩევნო სისტემაზე.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ხდება პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება-განახლება, ახალი საინტერესო ფიგურების შემოსვლით, რაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ღრმა სტაგნაციაზე მიუთითებს

გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური პარტიები ძველი სახეებით, რომელთა უმრავლესობის მიმართაც საზოგადოებას ბევრი მძიმე და პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდა.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ხდება პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება-განახლება, ახალი საინტერესო ფიგურების შემოსვლით, რაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ღრმა სტაგნაციაზე მიუთითებს. თუმცა, მცირე იმედი ბჟუტავს რომ 2020 წლის არჩევნებამდე გვირაბის ბოლოს შუქი გამოკრთება.

- შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ნიჰილისტურადაა განწყობილი პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ.

კვლევებითაც დასტურდება, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილს რეალურად არც არავის უჭერს მხარს, არც არავის სჯერა და მათი რაოდენობა სადღაც 50%-ის ფარგლებშია. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, 2020 წლის არჩევნებზე წარმატების დიდი იმედი არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციის არც ერთ ფრთას არ უნდა ჰქონდეს.

თუ ბოლო არჩევნების შედეგებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარებს დავაკვირდებით, არჩევნების გაკვეთილები მათ ათვისებული აშკარად არ აქვთ.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად ადეკვატურად აფასებს ხელისუფლება და ოპოზიციური ფლანგი ბოლო არჩევნების შედეგებს?

- თუ ბოლო 10 წლის სოციოლოგიურ გამოკითხვებს გადავხედავთ, მკაფიოდ ჩანს თუ როგორ იმატებს ნიჰილისტურად განწყობილი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი. 25-30% დან ის თითქმის 50%-მდე გაიზარდა.

როდესაც მოსახლეობის ნიჰილიზმი, უნდობლობა და მიუღებლობა პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ ასე პროგრესულად მატულობს, ეს არის ერთ-ერთი ობიექტური ინდიკატორი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის სტაგნაციის და პოლიტიკური კულტურის სიღატაკის.

როდესაც მოსახლეობის ნიჰილიზმი, უნდობლობა და მიუღებლობა პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ ასე პროგრესულად მატულობს, ეს არის ერთ-ერთი ობიექტური ინდიკატორი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის სტაგნაციის და პოლიტიკური კულტურის სიღატაკის

პარტიების მიერ შუალედური არჩევნების შედეგების შეფასების ადეკვატურობის ხარისხი რომ გავიგოთ, უნდა დავაკვირდეთ ხელისუფლების და ოპოზიციის ქმედებებს პოსტსაარჩევნო პერიოდში, თუ რამდენად კარგად პასუხობენ ისინი მოქალაქეების წუხილებსა და მოთხოვნებს.

ხელისუფლებამ დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით თბილისში. რამდენად გამოსდის, ეს სხვა საქმეა.

შუალედურმა არჩევნებმა კარგი გაკვეთილი ჩაუტარა როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას

რას აკეთებს ოპოზიცია? ის ცდილობს ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხის პოვნას და მათ მობილიზებას, რომ როგორმე მასშტაბურ მიტინგზე გამოიყვანოს და უახლოეს პერიოდში ალბათ ამაზე იქნება კონცენტრირებული.

თუმცა, მანამდე ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ თავიანთი პარტიების შიგნით და შემდეგ ერთმანთთან უნდა დაალაგონ ურთიერთობები. ზოგადად, შუალედურმა არჩევნებმა კარგი გაკვეთილი ჩაუტარა როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას.

- ახალი მოძრაობა დააფუძნეს ოქრუაშვილმა-სანიკიძემ- გელბახიანმა -კემულარიამ. მანამდე ბესელია-ფოფხაძე-კვაჭანტირაძემ. სულ ახლახან მოძრაობა „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თავისი მოძრაობის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა წარუდგინა საზოგადოებას.

ისეთი პირი უჩანს, 2020 წლამდე არამარტო 3%-იანი ბარიერის გადალახავის მსურველთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად მათგან თვისობრივად ახალი იდეები, რომელიც ხალხში იმედს გააჩენდა არ გაჟღერებულა, რომც გაჟღრებულიყო, გააქტიურებულების მიმართ ისეთი ნდობა ხალხში არ შეიმჩნევა, რომ რომელიმე მათგანს მმართველი გუნდის დამარცხების იმედი ჰქონდეს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა იმედები უნდა ჰქონდეთ ქართული პოლიტიკური სცენის ვეტერანებს 2020 წლის არჩევნებზე?

- პოლიტიკოსის და პოლიტიკური პარტიის იმედი ამომრჩეველია. გეთანხმებით, რომ არცერთ მათგანს ამომრჩევლისათვის არაფერი ახალი, საინტერესო და უნიკალური არ შეუთავაზებია.

მაგალითად, ერთ ერთი ახლადშექმნილი პარტიის გზავნილი - პოლიტიკაში ვბრუნდებით იმისათვის, რომ ივანიშვილს ცხოვრება გავურთულოთ, რას ეუბნება ამომრჩეველს, ან რა სარგებელი მოაქვს მისთვის? ეს არის ჩვენი პოლიტიკური კულტურის მძიმე მდგომარეობის ლუსტრაცია.

ერთ-ერთი ახლადშექმნილი პარტიის გზავნილი - პოლიტიკაში ვბრუნდებით იმისათვის, რომ ივანიშვილს ცხოვრება გავურთულოთ, რას ეუბნება ამომრჩეველს, ან რა სარგებელი მოაქვს მისთვის? ეს არის ჩვენი პოლიტიკური კულტურის მძიმე მდგომარეობის ლუსტრაცია

მიუხედავად იმისა, რომ ახლადშექმნილ პარტიებს ცნობადი სახეები ხელმძღვანელობენ, მაინც საკმაო დრო და რესურსებია საჭირო იმისათვის, რომ საკუთარი პარტიული ბრენდის პოპულარიზაცია მოახდინონ, ორგანიზაციული სტრუქტურა, პოლიტიკური კომუნიკაცია გამართონ და ა.შ..

საარჩევნო სისტემა აუცილებლად უნდა დაიხვეწოს, ამჯერად ამისგან თავის არიდება აღარ გამოვა, რადგანაც ამ საკითხზე მკაფიო გზავნილი სტრატეგიული პარტნიორისგან უკვე მიღებულია

არის კიდევ პარტიულ მშენებლობასთან და საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა და იმის მიხედვით თუ როგორ მოახერხებენ ისინი მათთან გამკლავებას, გამოჩნდება თუ რა შანსები აქვთ.

ბუნებრივია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საარჩევნო სისტემაზე, რომელიც აუცილებლად უნდა დაიხვეწოს და ამჯერად ამისგან თავის არიდება აღარ გამოვა, რადგანაც ამ საკითხზე მკაფიო გზავნილი სტრატეგიული პარტნიორისგან უკვე მიღებულია.

- პოლიტიკაში მობრუნებულებთან დაკავშირებით ახლა ყველაზე ხშირად ისმის კითხვა მათ უკან დგას თუ არა ივანიშვილი. ბურჯანაძის უკან რომ ივანიშვილი არ დგას, ვიცით.

თქვენი დაკვირვებით, 3%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში გააქტიურებულთაგან ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ივანიშვილის გუნდში და ვინ სააკაშვილის?

- ვთვლი, რომ ცდებიან ისინი ვისაც ჰგონიათ, რომ ჩვენს რეალობაში, სადაც „შუა გაკრეფილია“, 3%-იანი ბარიერი იოლად დასაძლევია. ამიტომაც, 2020 წლის არჩევნები 3% ბარიერით, სულაც არ იქნება იოლი გასეირნება მომცრო პარტიებისათვის, რომელთაც სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოების რესურსიც კი არა აქვთ ხოლმე.

ცდებიან ისინი ვისაც ჰგონიათ, რომ ჩვენს რეალობაში, სადაც „შუა გაკრეფილია“, 3%-იანი ბარიერი იოლად დასაძლევია

თუ ვის მიეკედლებიან 3% გადალახული პარტიები, სააკაშვილს თუ ივანიშვილს, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ კონფიგურაციაზე, რასაც მივიღებთ არჩევნების შედეგად და თავად ამ პარტიათა სტრატეგიულ გეგმებზე.

ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში რომ ყველანაირი ალიანსი მოსულა, თუნდაც გუშინდელი დაუძინებელი ოპონენტების, ამაში სულ ახლახანს დავრწმუნდით.

- აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ ანაკლიაზე გაკეთებულმა განცხადება ქართული პოლიტიკური დისკურსის ერთ-ერთი მთავარი თემა გახლავთ.

ფაქტია, რომ ამ განცხადების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები ანაკლიის პორტზე უფრო მკაფიო განცხადებებს აკეთებენ. არადა, სულ ცოტა ხნის წინ მათივე კომენტარებს აშკარად აკლდა თანმიმდევრულობაც და მკაფიოობაც. თქვენ როგორ შეაფასებდით პომპეოს განცხადებას, მასზე ხელისუფლების რეაქციას?

- ანაკლიის პორტზე პომპეოს მიერ დიპლომატიური ეტიკეტის ჩარჩოებში გაკეთებული განცხადება იმდენად მკაფიო იყო, რომ მისი განსხვავებულად ინტერპრეტირება უბრალოდ შეუძლებელია. ვაშინგტონში სურთ კიდევ ერთხელ და მკაფიოდ აგრძნობინონ ოფიციალურ თბილისს ანაკლიის პორტის მნიშვნელობა აშშ-სთვის, რომ მათ სურთ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში ამუშავდეს და უარყოფითად შეაფასებენ ანაკლიის პორტისთვის პრობლემების შექმნის მცდელობებს.

ანაკლიის პორტის შეფერხებაში იკვეთება რუსეთის ინტერესები, რომელიც ჩვენს რეგიონში დასავლეთის გავლენების გაძლიერებას ებრძვის და იცის თუ რა დანიშნულებასაც შეიძენს ანაკლიის პორტი ამოქმედების შემდეგ

შეგახსენებთ, მარტში თბილისში ჩამოსულმა უკრაინაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა პრაქტიკულად იგივე უთხრა ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს.

არადა, გამოჩნდა რომ იყო და შესაძლოა მომავალშიც იყოს ანაკლიის პორტის პროექტისათვის სარმის დადების მცდელობები. თუ ვისგან მოდიოდა და ვინ დგას ამის უკან ცალკე განხილვის თემაა.

ახლახანს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ საკმაოდ პესიმისტურად ისაუბრა ანაკლიის პორტზე და მის კომერციულ პერსპექტივაზე. თქვა, რომ თურმე ეკონომიკური დასაბუთების ანალიზი არ არსებობდა და იქვე განაცხადა, რომ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება არ იქნებოდა სამართლიანი.

კარასინის განცხადება ჩემთვის ნიშანია, რომ მოსკოვი შეეცდება ანაკლიის პორტის პროექტი ჩაშალოს ან დიდი ხნით გადაავადოს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ანაკლიასთან დაკავშირებით იყოს სხვა ადგილობრივ მოთამაშეთა ინტერესებიც

ჩემი ვარაუდით, ანაკლიის პორტის შეფერხებაში იკვეთება რუსეთის ინტერესები, რომელიც ჩვენს რეგიონში დასავლეთის გავლენების გაძლიერებას ებრძვის და იცის თუ რა დანიშნულებასაც შეიძენს ანაკლიის პორტი ამოქმედების შემდეგ.

მაიკ პომპეოს განცხადებებმა რუსეთსა და ჩინეთთან მიმართებაში და მათზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის გამოხმაურებამ ცხადი გახადა, რომ ანაკლიის პორტის ირგვლივ მსხვილ გეოპოლიტიკურ მოთამაშეთა ინტერესები გადაიკვეთება.

კარასინის განცხადება ჩემთვის ნიშანია, რომ მოსკოვი შეეცდება ანაკლიის პორტის პროექტი ჩაშალოს ან დიდი ხნით გადაავადოს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ანაკლიასთან დაკავშირებით იყოს სხვა ადგილობრივ მოთამაშეთა ინტერესებიც.

ხელისუფლებას ჯერ არ უპასუხია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მოთხოვნაზე შეაჩეროს ალტერნატიული ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობა ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ხელისუფლების პასუხი პომპეოს განცხადებაზე იყო ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის ფინანსური ვალდებულების კიდევ ერთხელ გადავადება მთელი ექვსი თვით, 11 მილიონ დოლარით დაჯარიმების შეჩერება და რა თქმა უნდა მხარდამჭერი განცხადებები.

ალბათ მათი აზრით ეს იქნება აშშ-სთვის იმის დემონსტრირება, რომ თბილისში მათი გზავნილი არა მხოლოდ მოისმინეს, არამედ კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს.

თუმცა, ხელისუფლებას ჯერ არ უპასუხია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მოთხოვნაზე შეაჩეროს ალტერნატიული ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობა ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში.

- ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, ბევრი მაინც გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ჯერ ბევრი რამ მაინც ცხადი არაა და არც ისაა სარწმუნო, რომ ანაკლიის თემა ამოწურულია.

ამის დასტურად იხსენებენ ხელისუფლების მიერ „თიბისი“ ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ კომპანიას, რომლის მიზანი აშკარად იყო ანაკლიის კონსორციუმის მფლობელების დისკრედიტაცია, რაც თავის მხრივ ანაკლიის პორტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებად აღიქმებოდა და ასეა დღემდე.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ვანო მაჭავარიანის აზრით - „ვაშინგტონი გვთავაზობს ანაკლიის პროექტს გეოსტრატეგიულად შევხედოთ და წერტილი დაესვას კინკლაობას მთავრობასა და კონსორციუმის მფლობელებს შორის“.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას მართლაც მოუწევს ამ თემაზე სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. თქვენი აზრით, ბატონი ივანიშვილი მზადაა მიიღოს ქვეყნისათვის გეოსტრატეგიული გადაწყვეტილებები?

- თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბევრი რამ ცხადი არაა, ბევრი წინააღმდეგობრივი ინფორმაციაა, ინტრიგები იხლართება და ხაფანგები იგება. რაზედაც ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე წინა კითხვაზე პასუხში.

მაგალითად, იგივე „თი-ბი-სი ბანკის“ იმ ყბადაღებული ტრანსაქციის გამოძიება შესაძლოა დახურულ რეჟიმში წარმართულიყო და თუ დანაშაული დამტკიცდებოდა მერე განეცხადებინათ საჯაროდ, მაგრამ ვიღაცის ინტერესებში იყო, რომ ამ ინფორმაციას პრესაში გაეჟონა და ამაზე ხმაური ატეხილიყო.

ხელისუფლებამაც და ბიძინა ივანიშვილმაც, განსაკუთრებით პომპეოს განცხადებების შემდე, უკვე იციან თუ რა ფასის გადახდა მოუწევთ ანაკლიის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში. თუმცა, მათ იციან ისიც, რომ რუსეთი ყველაფერს იღონებს ამ პროექტის ჩასაგდებად და შესაძლოა სხვადასხვა პროვოკაციებიც მოგვიწყოს

შესაბამისად, ადვილი იყო იმის პროგნოზირება თუ რა ზეგავლენა ექნებოდა ამას ანაკლიის პორტზე, რომლის კონსორციუმის წამყვანი წევრი თიბისი ჰოლდინგია.

ამ დღეებში ვიხილეთ კიდევ ორი წინააღმდეგობრივი განცხადება, რომელიც ჩემი აზრით არ ქმნის პოზიტიურ კლიმატს ანაკლიის პორტის ირგვლივ.

მაგალითად, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი თავის განცხადებაში ამბობს, რომ ანაკლიის პორტი 2020 წლის ბოლოს შეძლებს პირველი გემის მიღებას. ამ დროს, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს რომ ანაკლიის პორტი პირველ გემს 2020 წელს ვერ მიიღებს იმის გამო, რომ ვერ ხერხდება საფინანსო გარიგების დახურვა.

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით როგორ განვითარდება სიტუაცია ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის, ფაქტიურად ანაკლიის კონკურენტის, მშენებლობასთან დაკავშირებით და ვვარაუდობ, რომ ამ საქმეზე სამართლებრივი ბატალიები გველოდება

ამას გარდა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით როგორ განვითარდება სიტუაცია ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის, ფაქტიურად ანაკლიის კონკურენტის, მშენებლობასთან დაკავშირებით და ვვარაუდობ, რომ ამ საქმეზე სამართლებრივი ბატალიები გველოდება.

განსაკუთრებით პომპეოს განცხადებების შემდეგ ხელისუფლებამაც და ბიძინა ივანიშვილმაც უკვე იციან, თუ რა ფასის გადახდა მოუწევთ ანაკლიის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში.

თუმცა, მათ იციან ისიც, რომ რუსეთი ყველაფერს იღონებს ამ პროექტის ჩასაგდებად და შესაძლოა სხვადასხვა პროვოკაციებიც მოგვიწყოს. ამიტომაც ასეთ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული დაცვის გარანტიების მიღება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან.

- ცალკეული ექსპერტები თვლიან, რომ ანაკლიის პორტის საკითხი შესაძლოა იყოს უმნიშვნელოვანესი იმ თვალსაზრისით, თუ რა დამოკიდებულება ექნება ვაშინგტონს 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენასთან დაკავშირებით. პომპეოს განცხადებების შემდეგ თქვენც ასე ფიქრობთ?

- ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა, რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება ხელისუფლების ურთიერთობაზე აშშ-სთან, აქედან გამომდინარე შედეგებით.

რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ვაშინგტონს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენასთან დაკავშირებით, ის მაინც იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს საქართველოს ამომრჩევლის ნებას, ისე როგორც ეს მოხდა 2012 წელს

თუმცა, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ვაშინგტონს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენასთან დაკავშირებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ის მაინც იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს საქართველოს ამომრჩევლის ნებას, ისე როგორც ეს მოხდა 2012 წელს.

გაუხანგრძლივებს თუ არა ამომრჩეველი კონტრაქტს „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს, ეს უკვე ცალკე საკითხია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა