ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2019

ლევან ვასაძე: “გარყვნილების ზეიმს არ დავუშვებთ, გახარია, მოდი, მოგვიხადე ბოდიში!”

ვახტანგ მაისაია - “ფოთის პორტზე ჩინურ-რუსული ინტერესები იკვეთება”

* * *

ლევან ვასაძე: “გარყვნილების ზეიმს არ დავუშვებთ, გახარია, მოდი, მოგვიხადე ბოდიში!”

“14 ივნისს “თბილისი პრაიდმა” საღამოს 7 საათზე აქციის – “სახელმწიფო, სად ხარ?” გამართვა დაანანონსა. ამ განცხადებას წინ უძღოდა საპატრიარქოს განცხადება, რომელიც 14 ივნისს გავრცელდა. საღამოს 7 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან გურამ ფალავანდიშვილი და ლევან ვასაძე მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ დედაქალაქში “თბილისი პრაიდი” არ გაიმართოს. დაახლოებით ამ დროს პოლიციამ “თანასწორობის მოძრაობის” წევრი, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი დააკავა. სამართალდამცველებმა ის მანქანაში ჩასვეს, ტერიტორიიდან გაიყვანეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ლევან ვასაძე: “გარყვნილების ზეიმს არ დავუშვებთ, გახარია, მოდი, მოგვიხადე ბოდიში!” /მთავრობის კანცელარიასთან “თბილისი პრაიდმა” აქციის მოწყობა სცადა / ლევან ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ლგბტ პირებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს.

“ალბათ საფრთხე დაინახეს და გამარიდეს სიტუაციას”, - განაცხადა თაბაგარმა, რომელიც სამართალდამცველებს მანქანაში ნახევარი საათი ჰყავდათ. თაბაგარმა ადგილზე მათი მოწინააღმდეგეების მისვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ როცა მოძალადე ჯგუფები ახერხებენ მათზე გამარჯვებას და პარპაშს, ეს სახელმწიფოებრიობის კრახია. ლევან ვასაძის თქმით, თავდაცვის რეჟიმში ისინი თავად არიან - “აგრესიის მსხვერპლი ვართ ჩვენ. ჩვენ გვესხმიან თავს გარედან დაფინანსებული ძალები, რომლებიც გვირყვნიან შვილების თაობას, თათოეულს თავზე გვახვევენ იმ ტერმინოლოგიას, რომელიც არის ანტიქრისტიანული და თავისი შინაარსით ღრმად დესტრუქციული. ჩვენი მოსვლის მიზეზი არის ის, რომ არ დავუშვათ გარყვნილების ზეიმი ჩვენ ქვეყანაში” - განაცხადა ვასაძემ. “ხვალ დილით დავაანონსებთ შეხვედრას, რომელზეც განვმარტავთ სამოქმედო გეგმას, როგორც ჩავშლით გარყვნილებას მთავრობის კანცელარიასთან"- თქვა ლევან ვასაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ლგბტ აქტივისტებს აქციის გამართვის უფლებას არ მისცემენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ სახელმწიფო უარს ამბობს წესრიგის დაცვაზე, ამ წესრიგს ჩვენ დავიცავთ. სულ მთელი მსოფლიოს ელჩები რომ თბილისში ჩამოვიდნენ და ეჭიჭყინონ ამ მთავრობას, აქციის გამართვის ნებას არ მივცემთ”, - დასძინა ვასაძემ. მოგვიანებით პოლიციამ დააკავა რამდენიმე პირი, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილის შვილი ალექსანდრე, რომელმაც ლგბტ აქციის მისამართით ცარიელი ბოთლი ისროლა, რასაც მოჰყვა სიტუაციის დაძაბვა და პოლიციასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა. სამართალდამცველები მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ, ადგილზე დიდი რაოდენობით იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია. აქციის მიმდინარეობისას შსს-მ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით კონტრაქციის მონაწილე 4 პირი დააკავა, რომლებიც პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ - როცა კონტრაქციის მონაწილეებმა ლგბტ აქციის მონაწილეებთან მიახლოება სცადეს, ამას ისევ შეხლა-შემოხლა მოჰყვა”, - განაგრძობს გამოცემა.

“დაკავებებთან დაკავშირებით ლევან ვასაძემ შსს მინისტრის მიმართა – “რა უფლებით დააკავეს ჩვენი აღშფოთებული მოქალაქეები, ნარკომანებთან და პერვერტებთან ხომ უყვართ ბოდიშების მოხდა, მოვიდნენ და აქ მოგვიხადონ ბოდიში. მაინდამაინც ისე უნდა ვღნაოდეთ, როგორც ნარკომანები ღნაოდნენ ამ მოედანზე? ვეძახი გახარიას, რომ მოხვედი, შე კაი კაცო, ნარკომანებს ბოდიშები უხადე, აგერ ვდგავართ და მოდი, მოგვიხადე ბოდიში”... გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ თუ პოლიცია კიდევ დაიცავდა ლგბტ თემის წარმომადგენლების აქციას - შექმნიდა ისეთ კორდონს, რომ კიბეებზე დატოვებდა მათ პროვოკატორებს, რომლებიც მაღლა სწევდნენ თავის პლაკატებს და არ აღკვეთდა მათ პროვოკაციებს, ისინი თავად დაშლიდნენ მათ აქციას... ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დაანანონსა ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც დაიცავს სამართლიანობას და ლგბტ თემის წარმომადგენლებს არ მისცემს მსგავსი ღონისძიებების ჩატარების უფლებას. აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სასულიერო პირმა თქვა, რომ ისინი აპროტესტებენ “სოდომ-გომორული ცოდვის” პროპაგანდას, რადგან აქ სწორედ პროპაგანდაზეა საუბარი”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ მაისაია - “ფოთის პორტზე ჩინურ-რუსული ინტერესები იკვეთება”

“ ბახტაძესთან შეხვედრაზე პომპეოს მხრიდან ძალიან საინტერესო კონტექსტი იყო. როგორც ჩანს, აქ საუბარია ფოთის პორტზე, სადაც ჩინურ-რუსული ინტერესები იკვეთებოდა და ანაკლიის პორტის შეჩერება ხდებოდა. საერთოდ, ჩინელები ინტერესდებიან ღრმაწყლოვანი პორტებით. მათ გააჩნიათ ასეთი პორტების შეძენის დიდი გამოცდილება. ახლახალ ჩინელებმა იტალიაში შეიძინეს ვენეციის პორტი. ღრმაწყლოვანი პორტი ჩინელებს აქვთ პაკისტანსა და შრი-ლანკაში. ბანგლადეშში ჩადეს ინვესტია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებაში. როგორც ჩანს, ჩინეთს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტები, რათა განახორციელოს თავისი 400 მილიარდ დოლარიანი პროექტი “ერთი გაზა ერთი სარტყელი”, -აცხადებს ექპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვახტანგ მაისაია: “ფოთის პორტზე ჩინურ-რუსული ინტერესები იკვეთება” / “ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოში რუსული კაპიტალის გაზრდაც არ გამოეპარა. ახლა უკვე აქცენტი რუსულ-ჩინურ გაეთიანებულ პოტენციალზე გაკეთდა, რაც ახალი ფენომენია ჩვენ რეალობაში”.

“ეს პროექტი გეოსტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ეს საკითხი ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩანს, ჩინელები დაინტერესებული არიან ფოთის პორტის განვითარებით. ისინი ასევე მოლაპარაკებას აწარმოებენ ბულგარელებთან და რუმინელებთან, საბერძნეთთან, მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ თურქეთთან. ფაქტობრივად დაინტერესებული არიან ხმელთაშუა ზღვა-შავისზღვისპირეთი-კასპიის ზღვის ერთიანი პორტების ხელში ჩაგდებით. ამ კუთხით ჩინეთი ძალიან დიდი კაპიტალიზაციის მნიშვნელოვან ეტაპზე გადის… მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საქართველოში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი წარმატებული იყო. ასევე ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩინეთს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, გმობს სეპარატისტულ მოძრაობებს. ჩვენს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქცია ჩვენთან ჩინეთიდან შემოდის. ასევე ჩინეთში ჩვენი იმპორტი საკმაოდ მძლავრი სტიმულია. საქართველოში მეტია ჩინური ინვესტიციები, ვიდრე სხვა ქვეყნების, მათ შორის იგივე ამერიკის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია და შეკითხვაზე – “ჩინეთის ინტერესები ღრმაწყლოვან პორტებთან დაკავშირებით გასაგებია, მაგრამ რუსეთის ინტერესები პომპეომ რაში ამოიკითხა?” – პასუხობს:

“როგორც ჩანს, აქ საუბარია “როსნეფტის” შემოსვლის მცდელობაზე, რომელიც დაინტერესებულია ანალოგიური პროექტების განხორციელებით – რუსეთს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება, სავაჭრო ტერმინალები, ტვირთბრუნვების მოცულობის გაზრდა და გამოყენება საპორტო კომუნიკაციებისთვის. ქართული პორტები იმით განსხვავდება რუსული პორტებისგან, რომ მთელი წლის განმავლობაში, 24 საათი მუშაობენ. რუსული პორტები კი 6 თვით იყინება და გაჩერებულია. ამ კუთხით ქართული პორტები რუსეთისთვის მიმზიდველია. როგორც ჩანს, ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოში რუსული კაპიტალის გაზრდაც არ გამოეპარა - ახლა უკვე აქცენტი რუსულ-ჩინურ გაერთიანებულ პოტენციალზე გაკეთდა, რაც ახალი ფენომენია ჩვენს რეალობაში”.

“ჩვენთან ბოლომდე არ ჰქონდათ აღქმული ამ ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, ტენდენცია, სადაც ევრაზიული მსოფლიო წესრიგის ელემენტები ჩნდება ამერიკული ლიბერალური მსოფლიო წესრიგის საპირისპიროდ. უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ახალი ცივი ომი დაიწყო ევრაზიული გავლენის ცენტრსა და ატლანტიკურ ცენტრს შორის. ეს ჩვენთან ეტყობა ნაკლებად იყო აღქმული და შეცნობილი - ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის ადმინისტრაციამ მოიყვანა აზრზე... როგორც ჩანს, ამერიკელები ეწინააღმდეგებიან საკონტინენტშორისო მაგისტრალის მშენებლობასაც - ამერიკელები აპირებენ ჩრდილოეთ-სამხრეთის ანალოგიური სავაჭრო მაგისტრალის მშენებლობას, რომელიც მოიცავს ბალტიის ზღვის აკვატორიას, შავი ზღვის აკვატორიასა და სპარსეთის ყურის აკვატორიას. საქართველოში ამ პროექტის შესახებ საერთოდ არ იციან – ახლახან ვიყავი ევროპაში, სადაც ამაზე იყო საუბარი. ეს იქნება ახალი დერეფანი, ფაქტობრივად ჩინეთ-რუსეთის ახალი აბრეშუმის გზის საპირისპირო. ჩანს ამ ორი პროექტის დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე. საქართველო ამ პროექტში, რა თქმა უნდა, გათვალისწიმებული იქმება – ამერიკული კონსორციუმის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესება შემთხვევითი არ არის. პომპეოს მოწოდება კეთილის სურვილების კონტექსტში იყო ნათქვამი, მაგრამ რეალურად ამერიკის სიგნალური დიპლომატიის მთავარი მესიჯი შეიძლება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება იყოს”, - დაასკვნის ექსპერტი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს